საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.03.2014
საქმის ნომერი
2კ-19აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №19აპ-14 ქ. თბილისი

ქ-ი შ, 19აპ-14 20 მარტი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ლ. ა-ს თანხმობით 2010 წლის 21 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ს, ბრალდებულ კ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველ, ადვოკატ ი. ჯ-ს შორის.

კ. ბ-ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დაუდგინდა ნაწილის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი – 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 ოქტომბრიდან.

მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

შ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განაჩენსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

შ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 20 აგვისტოდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ შ. ქ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ შ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი