დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.03.2014
საქმის ნომერი
817აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№817აგ-13 6 მარტი, 2014 წელი

ა-ი თ., 817აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განაჩენით თ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თ. ა-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი და 6 თვე და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და 6 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 22 თებერვლიდან.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ თ. ა-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 22 თებერვლიდან.

უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

2013 წლის 22 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. ა-მა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 აპრილის განაჩენითა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით განსაზღვრულ ძირითად სასჯელებში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. ა-ს განესაზღვრა 2 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 22 თებერვლიდან.

მსჯავრდებული თ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, თ. ა-ის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ა-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

მ. ოშხარელი