დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 27.01.2025
საქმის ნომერი
ბს-45(2კ-25.)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.01.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-45(2კ-25) 27 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; მოწინააღმდეგე მხარეები: მ. ნ-ე, გ. და მ. ჭ-იები; მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

2016 წლის 20 ივნისს მ. ნ-ემ (რ. ჩ-ეის მემკვიდრე), გ. და მ. ჭ-იებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეთა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 8 დეკემბრის №1-1/2588 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც საკადასტრო კოდებზე №..., №... და №... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე; ქ.თბილისის მერის 2011 წლის 25 ნოემბრის №06-1/15553 მიმართვის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც საკადასტრო კოდებზე №..., №... და №... მოხდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.თბილისის მინიციპალიტეტის სახელზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისის მინიციპალიტეტის სახელზე. ამასთან, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, მოსარჩელეების სახელზე №..., №... და №... საკადასტრო კოდებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის, მ. ჭ-ისა და მ. ნ-ეის (რ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 08.12.2011 წ. №1-1/2588 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც საკადასტრო კოდებზე №..., №... და №... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტში განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის სახელზე; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 25.11.2011 წ. №06-1/15553 მიმართვა იმ ნაწილში, რომლითაც საკადასტრო კოდებზე №..., №... და №... მოხდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2011 წ. №..., 29.11.2011 წ. № ... და 29.11.2011 წ. № ... გადაწყვეტილებები, რომლითაც მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. კერძოდ: ს/კ ... - გ. ჭ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. · ს/კ ... - მ. ჭ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. · ს/კ ... - მ. ნ-ე (რ. ჩ-ეის უფლებამონაცვლე) სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება აღნიშნული კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი ადგენს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომლის თანახმად, კასატორს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ს ქ. №...) და 2024 წლის 22 ნოემბერს ჩაბარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის თანამშრომელს - ე. ქ-ეს, რომლის მიერ გზავნილის ჩაბარება დადასტურებულია მისივე ხელმოწერით(ტ. 5; სფ. 72).

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2024 წლის 22 ნოემბერს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ასლი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2024 წლის 22 ნოემბერს, შესაბამისად, განჩინების გასაჩივრებისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 21-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 23 ნოემბერს დაიწყო და ამავე წლის 13 დეკემბერს, 24 საათზე ამოიწურა. საქმეში დაცული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა - ე. ხ-იმა განსახილველ საქმეზე საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადის დარღვევით, 2024 წლის 16 დეკემბერს წარადგინა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების 21-დღიანი ვადა დაარღვია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა