დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №931აგ-13 11 მარტი, 2014 წელი
კ-ა თ., 931აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენით თ. კ-ა, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით, 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 28 ოქტომბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 მარტის განაჩენით შეიცვალა: თ. კ-ას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 3000 ლარი ჯარიმა, ასევე – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 28 ოქტომბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. კ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი. მსჯავრდებულს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 30 ივლისს მსჯავრდებულმა თ. კ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ თ. კ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 მარტის განაჩენი და სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული თ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას, სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის – 3000 ლარის უკან დაბრუნებას ან საბოლოო სასჯელში საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით დაკისრებული და უკვე მოხდილი სასჯელის ჩათვლას და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენი თ. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე