დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1010აგ-13 21 მარტი, 2014 წელი
ზ-ე პ., 1010აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით პ. ზ-ე, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის განაჩენით სსკ-ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 11 თვე, 23 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 11 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი, 11 თვე და 23 დღე – ჩაეთვალა პირობით, 7 წლის, 11 თვისა და 23 დღის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 3 დეკემბრიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე პ. ზ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 23 დღით პირობითი მსჯავრი, 4 წლის, 11 თვისა და 23 დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 6 ივნისს მსჯავრდებულმა პ. ზ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 1 წლითა და 6 თვით პირობით სასჯელს – დაემატა სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, 6 თვე და პ. ზ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და 2013 წლის 12 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული პ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, პ. ზ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პ. ზ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენი პ. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე