დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.03.2014
საქმის ნომერი
1017აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1017აგ-13 4 მარტი, 2014 წელი

ბ-ი ზ.- 1017აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენით ზ. ბ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით;

სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით;

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;

სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;

სსკ-ის 125-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;

ზ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 14000 ლარის ოდენობით.

ზ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ადმინისტრაციულ დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2011 წლის 5 აპრილი.

ზ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 ივნისიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო ე. კ-ას.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ზ. ბ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;

მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ ზ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 6 ივნისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 1 დღე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. ბ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებულ სასჯელიდან ნაწილი - 1 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, ზ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 6 ივნისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა ადმინისტრაციულ დაკავებაში ყოფნის ერთი დღე - 2011 წლის 5 აპრილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა ზ. ბ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ბ-ი გასამართლებულია (2009 წელს, სსკ-ის 273-ე მუხლით) განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში ზ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენით სსკ-ის 125-ე მუხლით დანიშნული ჯარიმა დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენი ზ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი