დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1037აგ-13 7 მარტი, 2014 წელი პ-ი რ., 1037აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. პ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის განაჩენით რ. პ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 14 ივნისიდან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლისა და 9 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით შეიცვალა: რ. პ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა რ. პ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 9 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 9 თვე, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 3 წელი და რ. პ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის განაჩენი და 2013 წლის 1 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. პ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, რ. პ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. პ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენი რ. პ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე