გაუქმდა და შეწყდა

სამოქალაქო 23.10.2006
საქმის ნომერი
ას-412-804-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-412-804-06 23 ოქტომბერი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: აქციონერთა დარღვული უფლების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 21 ნოემბერს სს „...“ აუქციონერებმა ა. კ-იამ, ი. ფ-ურმა, თ. ჯ-ძემ, ნ. ა-ძემ, მ. მ-ძემ, ე. კ-შვილმა, მ. წ-შვილმა, ნ. ხ-შვილმა, მ. ჯ-ძემ და მ. შ-შვილმა მოპასუხე სს „...“ დირექტორის ფ. წ-ძის მიმართ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს-ის აქციონერთა დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...“აქციონერებს ა. კ-იას, ი. ფ-ურის, თ. ჯ-ძის, ე. კ-შვილის, მ. ჯ-ძის, ნ.ა ხალაძის, მ. მ-ძის, მ. წ-შვილის, ნ. ხ-შვილის, მ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სს „ამირაენ-სინთეზის“ აქციონერთა საერთო კრების (ოქმი ¹2) 1999წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის 1993წ. სადამფუძნებლო რეესტრის აღდგენის ნაწილში; აღდგენილ იქნა შპს სამრეწველო სავაჭრო ფირმა „ამირან სინთეზის“ 1995წ. 8 დეკემბრის საერთო კრების გადაწყვეტილება და, შესაბამისად, სამეწარმეო რეესტრის 1996წ. 5 თებერვლის მონაცემები. აღნიშნულის შესაბამისად ცვლილებები მოხდა სს „...“ სამეწარმეო რეესტრში და შპს „ეროვნულ რეესტრში“.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...“ დირექტორმა ფ. წ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინებით, სს „...“ დირექტორის ფ. წ-ძის სააპელაციო საჩივარი შეწყდა. უცვლელი დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად,M სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. ამავე მუხლის მე-7 მუხლით, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს. (სამართლის ანალოგია).

ზემო აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „...“ ყოფილმა დირექტორმა ფ. წ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორმა მის მიერ შემოტანილ კერძო საჩივარში განაცხადა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 372-ე მუხლის „ე“ პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მთლიანი საქმის წარმოების შეწყვეტას და არა მხოლო სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტას. სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა ანალოგიის მოშველიებით, რაც არასწორია, რადგან იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო ვალდებულების შეწყვეტა გათვალისწინებულია სკ-ის 454-ე მუხლით, რაც სასამართლომ არ გამოიყენა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები მიაჩნია, რომ სს „...“ დირექტორის ფ. წ-ძის კერძო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ სს „...“ დირექტორის ფ. წ-ძის განცხადების საფუძველზე კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მარტის დადგენილებით სს„...“ გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდა დასრულებულად და მოხდა სს„...“ ლიკვიდაციის რეგისტრაცია საწარმოს გაკოტრების საფუძვლით და მისი ამოშლა სამეწარმეო რეესტრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 272-ე მუხლის «ე” პუნქტი.

სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარეთ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონი არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლოის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია)

მოცემულ შემთხვევაში მოხდა მხარედ მყოფი იურიდიული პირის სს„...” ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის შემთხვევაში აღარ არსებობს პირი, რომლის მიმართაც შეიძლება აღსრულდეს გადაწყვეტილება, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს არა მხოლოდ სააპელაციო, არამედ _ მთელი სასარჩელო წარმოება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველო სსკ-ის 272-ე მუხლის «ე” პუნქტი, მაგრამ არასწორად იქნა იგი განმარტებული, რადგან სასამართლოს უნდა შეეწყვიტა არა სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება არამედ მთლიანად სამოქალაქო საქმე, ვინაიდან საქართველო სსკ-ის 272-ე მუხლი გულისხმობს სასარჩელო წარმოების შეწყვეტას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე, 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „...“ დირექტორის ფ. წ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი განჩინება.

შეწყდეს საქმის წარმოება სს „...“ აუქციონერების ა. კ-იას, ი. ფ-ურის, თ. ჯ-ძის, ნ. ა-ძის, მ. მ-ძის, ე. კ-შვილის, მ. წ-შვილის, ნ. ხ-შვილის, მ. ჯ-ძის და მ. შ-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხე სს „...“ დირექტორის ფ. წ-ძის მიმართ სს-ის აქციონერთა დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ყველა განჩინება და გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.