დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1188აგ-13 14 მარტი, 2014 წელი
დ-ი ა., 1188აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ა. დ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 27 ივლისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ა. დ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ბრალდება და მის მიმართ ამ ნაწილში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა; მასვე საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 27 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ა. დ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 2 წელი და ა. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, ა. დ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. დ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი ა. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე