დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1241აგ-13 25 მარტი, 2014 წელი
ვ-ო ვ. 1241აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ვ-ოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენით ვ. ვ-ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ვ. ვ-ოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ვ. ვ-ოს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 28 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განაჩენით ვ. ვ-ო, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“, მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ვ. ვ-ოს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 9 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ვ. ვ-ოს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ვ-ომ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
მსჯავრდებულ ვ. ვ-ოს პირადი საქმის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილს - 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 9 აპრილიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ვ. ვ-სათვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განიხილავს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის სსკ-ის 59-ე მუხლთან შესაბამისობის საკითხს, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 16 ივლისის განაჩენში, მსჯავრდებულ ვ. ვ-ოს მოთხოვნის შესაბამისად, სწორედ ამ განაჩენით (2013 წლის 1 მაისის) დანიშნული სასჯელის ახალ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობის თაობაზე იმსჯელა, ხოლო საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს ის საკითხი, რომლის თაობაზეც მსჯავრდებულს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია.
ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით ვ. ვ-ოს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 9 აპრილიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ვ-ოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენი ვ. ვ-ოს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი