გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-521-905-06 10 ნოემბერი 2006 წ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,ს. თ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს საქართველის ... პალატის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 2920 ლარის გადახდა მათ სასარგებლოდ. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს იმით, რომ 2002წ. 10 იანვარს ... პალატასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ისნის რაიონში არსებული ბენზინის გასამართი სადგური (რომელიც საზოგადოებას არენდით Hჰქონდა აღებული) უზრუნველყოფდა ... პალატის კუთვნილ ავტომანქანების ბენზინის საწვავით. 2002წ. იანვრიდან-აპრილის ჩათვლით ... პალატამ მოიხმარა 7920 ლარის ბენზინი, რაზედაც იმავეწ. 29 მაისს შედგა მიღება- ჩაბარების აქტი. აღნიშნული თანხიდან 2002წ. 28 ივნისს მოსარჩელის ანგარიშზე ჩაირიცხა 5000 ლარი. დარჩენილი თანხა 2920 ლარი დღემდე გადაუხდელია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ... პალატის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. განხორციელებული სეკვესტრით მათ არ გააჩნიათ სათანადო სახსრები, რათა სარჩელით მოთხოვნილი თანხები გადაეხადათ.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... პალატამ.
სააპელაციო სასამართლოში მხარეებს შორის მორიგებისათვის სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო. 2006წ. 11 ივლისს დანიშნულ პროცესზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ... პალატამ და განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ განჩინების გამოტანისას დაარღვია სსკ-ის 284-ე, 285-ე, 286-ე მუხლები, კერძოდ, ის რომ მათ ჩაბარდათ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების არა განჩინება, არამედ _ 2006წ. 11 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი. ასევე კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უწყება პროცესის დანიშვნის შესახებ არ ჩაბარებიათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რომლის თანახმად უწყება უნდა ჩაბარებოდა ... პალატის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ... პალატა ითხოვს გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 ივლისის განჩინება.
სამოტივციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმის განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვები შესახებ. საქმის განხილვისათვის მოქმედი სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი.
ამდენად, მოცემული მუხლიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად მოითხოვება სასამართლო უწყების გაგზავნა, როგორც მხარისათვის, ისე მისი წარმომადგენლისათვის. სასამართლო უწყების გაგზავნა კი გულისხმობს მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყების როგორც გაგზავნას, ასევე _ ჩაბარებასაც.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 11 ივლისის სხდომის ადგილისა და დროის შესახებ ცნობილი იყო მხოლოდ აპელანტის წარმომადგენლისათვის და არა ... პალატისათვის, ხოლო ო. ჩ-ძისათვის უწყების გადასაცემად ჩაბარება არ ნიშნავს მითითებული იურიდიული პირისათვის უწყების ჩაბარებას. საქმის განხილვისათვის მოქმედი სსკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ უწყება ჩაბარდა ... პალატის სათანადო თანამდებობის პირს. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ... პალატას კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყება არ ჩაბარებია, ამდენად სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა ... პალატის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ... პალატის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს:
გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შესაბამის პალატას:
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.