გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-523-906-06 20 ნოემბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. გ-შვილმა 2005წ. მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ. რ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება მის საკუთრებაში არსებული ბინიდან, მდებარე ... და მოპასუხისათვის ბინის ქირის დავალიანების _ 499 ლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით 2005წ. 21 აპრილს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარდა აუქციონი მოპასუხე გ. რ-შვილის სახელზე რიცხულ ქონებაზე, მდებარე ... და გ-შვილმა შეიძინა მოცემული ბინა და საკუთრების უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. აუქციონის ჩატარების დღიდან მოპასუხე გ. რ-შვილი და მისი ოჯახი ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში დამქირავებლის სტატუსით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 25 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე გ. რ-შვილი, მისი ოჯახის წევრები და სხვა თანმხლები პირები გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინიდან; მოპასუხე გ. რ-შვილს მოსარჩელე დ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ქირის დავალიანების _ 499 ლარის გადახდა 499 ლარის.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხე გ. რ-შვილის წარმომადგენელმა მ.ც-ძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე გ.რ-შვილის წარმომადგენლის მ. ც-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 25 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე გ. რ-შვილის წარმომადგენელმა მ. ც-ძემ.
მოპასუხე გ. რ-შვილის მეუღლემ ი. ც-შვილმა 2006წ. იანვარში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მიუთითა, რომ 2005წ. 25 ნოემბერს გარდაიცვალა გ. რ-შვილი და მოითხოვა მისი ჩართვა მოპასუხის უფლებამონაცვლედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განჩინებით გ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარზე ბინიდან გამოსახლების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა; გ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი ბინის ქირის დაკისრების ნაწილში დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ განჩინება დაასაბუთა იმით, რომ სსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევის გამო, სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. იმავე კოდექსის 279-ე მუხლის თანახმად, თუ სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია იმავე კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, სასამართლო საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ წყვეტს საქმის წარმოებას მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით. სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში დაუშვებლად მიიჩნია უფლებამონაცვლეობა სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია თუ სააპელაციო საჩივრის ღირებულება აღემატება 1000 ლარს, ვინაიდან ბინის ქირის ნაწილში დავის საგნის ღირებულება 499 ლარია, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებლად ჩათვალა.
სააპელაციო პალატის 2006წ. 11 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ც-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტი, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბინაში ცხოვრების უფლება გადადის მემკვიდრეობით.
კერძო საჩივრით არასწორადაა მიჩნეული სააპელაციო პალატის განჩინება ბინის ქირის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან, 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს საჩივრის დასაშვებობა. მოცემულ შემთხვევაში კი 2005წ. 14 დეკემბერს შემოსული სააპელაციო საჩივარი 2006წ. 11 აპრილის განჩინებით დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განჩინება ბინიდან გამოსახლების თაობაზე გ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოებით შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 25 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ. რ-შვილი, მისი ოჯახის წევრები და სხვა თანმხლები პირები გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინიდან; მოპასუხე გ. რ-შვილს მოსარჩელე დ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ქირის დავალიანების გადახდა 499 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე გ. რ-შვილის წარმომადგენელმა მ. ც-ძემ. მოპასუხე გ. რ-შვილის მეუღლემ ი. ც-შვილმა 2006წ. იანვარში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მიუთითა, რომ 2005წ. 25 ნოემბერს გარდაიცვალა გ. რ-შვილი და მოითხოვა მისი ჩართვა მოპასუხის უფლებამონაცვლედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განჩინებით გ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარზე ბინიდან გამოსახლების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა; გ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი ბინის ქირის დაკისრების ნაწილში დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 365-ე მუხლი და სწორად ჩათვალა სააპელაციო საჩივარი ბინის ქირის დაკისრების ნაწილში დაუშვებლად. ამ ნორმის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე გ. რ-შვილს მოსარჩელე დ.გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ქირის დავალიანების გადახდა 499 ლარის ოდენობით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში დავა განეკუთვნება ქონებრივ-სამართლებრივ დავას, ამიტომ გადაწყვეტილების ამ ნაწილზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 499 ლარია, ამიტომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა და იგი სსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად სწორად იქნა განუხილველად დატოვებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ბინიდან გამოსახლების ნაწილში სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რადგან თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი აწ გარდაცვლილი გ. რ-შვილი თავის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ ბინაში და ახორციელებდა ბინაზე მფლობელობას. სკ-ის 157-ე მუხლის თანახმად მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან). ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნივთზე მფლობელობის სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვებია უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, შესაბამისად, თუ სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც. სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამოცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აწგარდაცვლილი გ. რ-შვილის უფლებამონაცვლედ საქმეში უნდა ჩაება მისი მეუღლე ი. ც-შვილი და სსკ-ის შესაბამისი ნორმების შესაბამისად უნდა შეემოწმებინა სადავო ბინიდან გამოსახლების ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
i. ც-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განჩინება ბინიდან გამოსახლების თაობაზე გ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოებით შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.