დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.03.2014
საქმის ნომერი
1246აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1246აგ-13 19 მარტი, 2014 წელი

გ-ი გ.-1246აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ისა და მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

რ. მ-ეს, – ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით სსკ-ის 376-ე და 273-ე მუხლებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 9 თვე, 3 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 19 წლით, 9 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 13 სექტემბრიდან;

გ. გ-ს, – ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 9 წლითა და 6 თვით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 21 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 12 სექტემბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. მ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. რ. მ-ეს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულებმა – გ. გ-მა და რ. მ-ემ შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ რ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა: სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 4 წელი; სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან – 6 თვე და გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 12 სექტემბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა: სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 4 წელი; სსკ-ის 376-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი და რ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 13 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განაჩენი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლისა და 22 თებერვლის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ რ. მ-ის ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენის გაუქმებას და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით რ. მ-ისათვის სასჯელის საბოლოო ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

მსჯავრდებული გ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, რ. მ-ისა და გ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სასჯელები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების – რ. მ-ისა და გ. გ-ის პიროვნებებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელები არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი მათთვის სასჯელების კიდევ უფრო შემსუბუქება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ისა და მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განაჩენი რ. მ-ისა და გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე