დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1269აგ-13 25 მარტი, 2014 წელი
ი-ი ა.- 1269აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ი-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის განაჩენით ა. ი-ი, ნასამართლევი (თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 მარტის განაჩენით მას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2004 წლის 2 აპრილიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი შეუმცირდა 3 თვემდე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით; 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ი-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.
ა. ი-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით; 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 9 თვით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ა. ი-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ი-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ი-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ი-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ი-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ ა. ი-ი წინათ ნასამართლევია განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის განაჩენით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ა. ი-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი ა. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი