შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1271აგ-13 24 მარტი, 2014 წელი
მ-ი რ.- 1271აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 6 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2002 წლის 30 ივნისიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 26 თებერვლის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 6 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2002 წლის 30 ივნისისდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ს მოეხსნა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.
რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ლ“ პუნქტით – 11 წლით; 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით; 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით; 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და რ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2005 წლის 3 სექტემბრიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
რ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ–ის 109–ე მუხლის „ლ“ პუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან და დაკვალიფიცირდა სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედი სსკ-ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან.
რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) - 11 წლით; 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ (ძველი რედაქცია) და 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ახალი რედაქცია) - 7 წლით; 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით; 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, რ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 3 სექტემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა რ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და რ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ¼-ით პროპორციულად შეუმცირდა დანიშნული სასჯელები: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 11 წელი და განესაზღვრა - 4 წლით, 6 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ძველი რედაქცია) და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა - 2 წლით, 10 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და განესაზღვრა - 1 წლით, 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 1 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2005 წლის 3 სექტემბრიდან.
2013 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. მ-მა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით რ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 4 წლით, 6 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ძველი რედაქცია) და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი - 2 წელი; სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი; სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 2 წელი და რ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით, 6 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 3 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე რ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელად 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით.
საქმის მასალების მიხედვით, რ. მ-ი გასამართლებულია თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 6 დეკმბრის განაჩენით რომელიც შიცვალა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 26 თებერვლის განაჩენით და სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული დანაშაული მან ჩაიდინა არასრულწლოვანების ასაკში.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან რ. მ-ი ზემომითითებულ დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი, მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს და მას ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაულისათვის სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას – ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ – უნდა შთანთქას: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ (ძველი რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ (ახალი რედაქცია) ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 5 წელი, 3 თვე; სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 4 წელი, 6 თვე; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 2 წელი, 3 თვე და რ. მ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
რ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2005 წლის 3 სექტემბრიდან.
რ. მ-ი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ –შთანთქას: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ (ძველი რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ (ახალი რედაქცია) ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 5 წელი, 3 თვე; სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 4 წელი, 6 თვე; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 2 წელი, 3 თვე და რ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
რ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2005 წლის 3 სექტემბრიდან.
რ. მ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი