დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1280აგ-13 14 მარტი, 2014 წელი
გ-ი ა., 1280აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განაჩენით ა. გ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამარათლოს 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და განაჩენთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ა. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი და ა. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ა. გ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. გ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი ა. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე