დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 13.06.2003
საქმის ნომერი
ას-56-757-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-56-757-03 13 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 10 აპრილს სს “ე-მა” სს “ს-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ე-ს” სს “ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 141778 აშშ დოლარისა და 443208 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2003წ. 27 თებერვალს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

2003წ. 13 მარტს საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს “ს-მა”, რომელმაც მოითხოვა 2003წ. 27 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში არასწორად მითითებულ მხარეთა რეკვიზიტების გასწორება.

საოლქო სასამართლომ ეს განცხადება განიხილა ისე, რომ პროცესზე არ მიიწვია სს “ე-ი” და 2003 წ. 17 მარტის განჩინებით დააკმაყოფილა მოთხოვნა: სააღსრულებო ფურცელში შეტანილ იქნა შესწორებები. ამავე განჩინებით მიეთითა, რომ 2003წ. 27 თებერვლის საააღსრულებო ფურცლის დედანი დაერთო საქმეს და იგი ჩაითვალა იურიდიული ძალის არმქონედ.

მოსარჩელემ მოითხოვა სს ბანკ “რ-აში” წარდგენილი 2003წ. 17 მარტის თარიღით შედგენილი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და აღსრულების შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 აპრილის განჩინებით სარჩელი არ იქნა მიღებული.

საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის სახით განხორციელებული საპროცესო მოქმედების გამო სააღსრულებო საბუთის ბათილობის შესახებ დავას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობდა, ამიტომ სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღება დაუშვებელი იყო. რაც შეეხება მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, იგი ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2003წ. 29 აპრილს სს “ე-მა” აღნიშნულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებად მიჩნევა შემდეგი საფუძვლით:

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 36-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელზე დავა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორს დასაშვებად მიაჩნია სააღსრულებო ფურცლის ბათილობის თაობაზე სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა.

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი განიხილა ორმა ისეთმა მოსამართლემ, რომელთაც აცილება მიეცათ ამავე საქმეზე აღსრულების გადადების შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით.

საოლქო სასამართლოს 2003წ. 30 აპრილის განჩინებით, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივარი ხარვეზიანი იყო (კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი), კერძო საჩივარი უმოძრაოდ დარჩა და კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5-დღიანი ვადა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 მაისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სს “ე-ის” 2003წ. 29 აპრილის კერძო საჩივარი საოლქო სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დასაშვებად მიჩნევის თაობაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხოლო 2003წ. 14 მაისის კერძო საჩივარი საოლქო სასამართლოს 2003წ. 30 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა, დაუშვებლად იქნა მიჩნეული იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შესავსებად გამოტანილი განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება დაუშვებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 52-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

აქედან გამომდინარე, ცხადია, კერძო საჩივარი დასაშვებად რომ იქნეს მიჩნეული, აუცილებელია სახელმწიფო ბაჟის წინასწარ შეტანა.

ვინაიდან კერძო საჩივარი იმ სასამართლოში შედის, რომელმაც მიიღო გასაჩივრებული განჩინება და ამ სასამართლოსვე აქვს უფლება დააკმაყოფილოს იგი, ცხადია, სახელმწიფო ბაჟიც ამ სასამართლოში უნდა იქნეს გადახდილი, ამასთან – წინასწარ.

კერძო საჩივრის დასაშვებობაში, სხვა საკითხებთან ერთად ისიც იგულისხმება, გადახდილია თუ არა სახელმწიფო ბაჟი.

თუ კერძო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ანუ კერძო საჩივარს თან არ ახლავს ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კერძო საჩივრის შემტანი არ თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ანდა არ არსებობს მისი გადახდის გადადების, განაწილვადების ან განთავისუფლების საფუძველი, სასამართლო ვალდებულია, მსგავსად სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა, მისცეს ვადა კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად და თუ მითითებულ ვადაში არ იქნება ხარვეზი გამოსწორებული, სასამართლომ კერძო საჩივარი უნდა მიიჩნიოს დაუშვებლად.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან 2003წ. 29 აპრილის კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სათანადო სახელმწიფო ბაჟი, საოლქო სასამართლომ კერძო საჩივარი სწორად ჩათვალა ხარვეზიანად და თავისი 2003წ. 30 აპრილის განჩინებით სწორად დაუნიშნა კერძო საჩივრის ავტორს ვადა ხარვეზის შესავსებად. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული განჩინება სს “ე-ს” ჩაბარდა 2003წ. 8 მაისს, მან 14 მაისამდე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა და 14 მაისს ამ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია სს “ე-ის” 2003წ. 29 აპრილის კერძო საჩივარი დაუშვებლად. რაც შეეხება სს “ე-ის” მიერ 2003წ. 14 მაისის თარიღით შეტანილ მეორე კერძო საჩივარს, რომლითაც გასაჩივრებულია საოლქო სასამართლოს 2003წ. 30 აპრილის განჩინება კერძო საჩივრის უმოძრაოდ დატოვებისა და ხარვეზის შესავსებად ვადის დაწესების თაობაზე, ასევე დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინება მიიღება სსკ-ს მე-7 მუხლის, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირობების შესაბამისად (ანალოგია). ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, თუ კერძო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო საჩივარი არ დაიშვება. ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხარვეზის შესავსებად გამოტანილ განჩინებაზე საჩივრის შეტანა დაუშვებელია. მართალია, საოლქო სასამართლომ 2003წ. 30 აპრილის განჩინების მიღების დროს არასწორად მიუთითა სსკ-ს 185-ე მუხლზე (სარჩელის უმოძრაოდ დატოვება), მას უნდა მიეთითებინა სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილებზე (ხარვეზის შესავსებად ვადის დაწესება), მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია მისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, კერძოდ იმაში, რომ ამ განჩინებით სს “ე-ის” კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. ხარვეზის გამოსასწორებლად დაწესდა 5-დღიანი ვადა და სს “ე-ს” განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი კერძო საჩივარი მიჩნეული იქნებოდა დაუშვებლად, ხოლო წინამდებარე განჩინება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ე-ის” კერძო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.