დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-258(3კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ქ. ც-ე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის ქ. ც-ის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
კასატორების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ც-ემ 2020 წლის 28 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მოსარჩელე - ქ. ც-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა მოპასუხე - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მოსარჩელე ქ. ც-ის სასარგებლოდ, მისი შვილისათვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით; ასევე დაევალა მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსარჩელე ქ. ც-ის სასარგებლოდ, მისი შვილის - ა. ა-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2006 წლიდან დღემდე გაჭიანურებული გამოძიებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარები; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინება კვლავ გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხეებმა საკასაციო საჩივრით.
კასატორი - ქ. ც-ე აღნიშნავს, რომ 2006 წლის 13 დეკემბერს ...ში გარდაიცვალა მისი შვილი ა. ა-ი. ა. ა-ი ...ში გადაყვანილ იქნა 2006 წლის 19 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 2006 წლის 13 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის მე-... განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ა. ა-ის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად და დაიკითხა დაზარალებული სახით. ასევე ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის 2007 წლის 12 იანვრის დასკვნის თანახმად, ა. ა.ის გარდაცვალების მიზეზია ...ი. გარდაცვალებამდე ა. ა-ი დაახლოებით ორი წელი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დაკავებამდე მას რაიმე სახის დაავადება არ აღენიშნებოდა. 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით დაინიშნა კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულ ა. ა-ის გარდაცვალების ფაქტზე, თუმცა როგორც სამედიცინო დეპარტამენტის 2013 წლის 19 მარტის წერილიდან ირკვევა, აღნიშნული ექსპერტიზა ვერ შესრულდა, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა გამოყოფილი დაავადებათა სპეციალისტი. 2014 წლის 07 აპრილს განმეორებით იქნა დანიშნული სასამართლო კომისიური ექსპერტიზა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოს 2015 წლის 25 მაისის წერილის თანახმად, ასევე ვერ იქნა ჩატარებული.
კასატორის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს პროცესის მხარეებს დაეყრდნონ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. პროცესის მიმდინარეობისას მხარეები თავისუფალნი არიან კონვენციის საფუძველზე დაასაბუთონ, რომ დაირღვა მათთვის კონვენციით გარანტირებული უფლებები, ასე რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების ინიციატორი შეიძლება იყოს პროცესის მხარე. გარდა ამისა, მხარეებმა რომც არ მიუთითონ კონვენციის გამოყენებაზე, სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ თუ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა კონვენციამ და პრეცედენტულმა სამართალმა შეიძლება დადებითი წვლილი შეიტანოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში, სასამართლომ უნდა მოიშველიოს კონვენცია და პრეცედენტული სამართალი. კასატორმა განმარტა, რომ ეროვნულ სასამართლოს თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო ხელშეკრულება დავის გადაწყვეტის საშუალებად. აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა კანონმდებლობა და ასევე მცირე სასამართლო პრაქტიკა. კასატორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლზე და მოითხოვა, რომ მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაეკისროთ 50 000 ლარის გადახდა.
კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუთითა 2007 წლის 12 იანვრის N1121 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 იანვრის N000317716 სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნაზე და განმარტა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა გადაწყვეტილებაში არ ასახულა იმგვარი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მოპასუხეს დაარწმუნებდა მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობასა და სისწორეში. კასატორის მითითებით, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული დავის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რომელიც ვალდებულია იკისროს განხორციელებული ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რაში გამოიხატა სამინისტროს მხრიდან ზიანის მიმყენებელი ქმედება, რომელიც შესაძლებელია გამოხატულიყო მოქმედებით ან უმოქმედობით და ასეთი ქმედების შემთხვევაშიც კი, ვინ შეიძლება იყოს გამოძიებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი.
კასატორის განმარტებით, გამოძიების სისწრაფეზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე კონკრეტული ვადა და ერთიანი სტანდარტი სასამართლოს თავის პრეცედენტულ სამართალში არ აქვს განვითარებული, არამედ მოითხოვება, რომ ის ჩატარდეს გონივრულ ვადაში. ვადის გონივრულობა კი უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და არა - აბსტრაქტულად. გონივრულობის შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება საქმის სირთულე, ასევე, რამდენად ცნობილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა, ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებათა რაოდენობა და სხვა რელევანტური გარემოებები. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზედმიწევნით იქნა შესწავლილი ყველა ის გარემოება, რომელიც დაადგენდა დანაშაულის არსებობის ან არ არსებობის ფაქტს. გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. კასატორის განმარტებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებდნენ დანაშაულის არარსებობას, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირის გარდაცვალება დადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შედეგად, აგრეთვე არ დადასტურებულა რომელიმე პირის მიერ ჩადენილი განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედების განხორციელება, შესაბამისად არ გამოვლენილა ბრალეული პირი, რომლის მიმართაც საჭირო გახდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
კასატორმა მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 166-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეზე არ დასტურდება სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ზიანის მიმყენებელი ქმედება, რჩება მხოლოდ ერთი საკითხი - დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც იღებს და ადგენს პროკურორი. თუ ამ დავის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ამ დოკუმენტის არსებობა/არ არსებობას ენიჭება, სამინისტრო, როგორც მოპასუხე მხარე ვერ აგებს პასუხს სხვა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ მოქმედებაზე.
კასატორმა - სპეციალური პენიტენციური სამსახურმა მიუთითა პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა. ა-ს სასჯელის მოხდის პერიოდში არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევასა და პირობებზე ადმინისტრაციისათვის პრეტენზიით არ მიუმართავს. ასევე, მსჯავრდებულს არ გამოუყენებია სასამართლოსათვის მიმართვის მექანიზმი, რაც მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენდა. კასატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, თუმცა მოსარჩელე მხარეს თავის სარჩელში რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა.
კასატორმა მორალური ზიანთან დაკავშირებით ყურადღება მიაქცია საკასაციო სასამართლოს (საქმეში ას-1477-1489-2011) განმარტებაზე და აღნიშნა, რომ ა. ა-ის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება დანაშაულით გათვალისწინებული სსკ-ის 115-ე მუხლით, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ ...ი განყოფილების გამგე - შ. ს-ე, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ...ის ექიმ-ლაბორანტი - მ. ზ-ე, ...ის თანამშრომელი - ნ. ბ-ა, ამავე დაწესებულების ექიმი ორდინატორი - თ. ბ-ე, დაზარალებული - ქ. ც-ე, თუმცა, ამ დრომდე ა. ა-ის სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილან ბრალეული პირები, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს ზუსტი შეფასება მოეხდინა პენიტენციური სამსახურის მართლსაწინააღმდეგო-ბრალეულ ქმედებაზე. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის დასკვნებით არ გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირის დასადგენად ქმედებასა და შედეგს შორის მნიშვნელოვანი იქნებოდა გამოძიების შემაჯამებელი გადაწყვეტილებაც, რაც ერთობლიობაში მნიშვნელოვან სურათს შექმნიდა. კასატორის განმარტებით, იმ ვითარებაში, როდესაც საგამოძიებო ორგანოს მიერ მიმდინარეობს გამოძიება და დღეისათვის, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმეზე, სამსახურისა და იმჟამინდელი მოსამსახურეების მხრიდან თავიანთი მოვალეობის შეუსრულებლობაზე ან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე საუბარი არალეგიტიმურია. ასევე, საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელე მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც პენიტენციური სამსახურის განზრახ ან გაუფრთხილებელ ქმედებას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ც-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ ქ. ც-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის 50, 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა.
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ქ. ც-ე არის ა. ა-ის დედა. მოსარჩელე ქ. ც-ის შვილი, ა. ა-ი სასჯელს იხდიდა 2004 წლის 13 ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N... საპყრობილეში. მსჯავრდებული ა. ა-ი ...ით დაავადდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იგი 2006 წლის 26 აგვისტოს გადაყვანილი იქნა N... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიკროსკოპული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ... და ჩართული იქნა ,,...“-ს პროგრამაში. დაავადების გართულების გამო, აწ. გარდაცვლილი ა. ა-ი 2006 წლის 19 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა ...ში, სადაც დაავადების გართულების გამო გარდაიცვალა 2006 წლის 13 დეკემბერს. აწ. გარდაცვლილი ა. ა-ის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის N02067495 საქმეზე გამოძიება დაიწყო 13.12.2006 წელს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, ამასთან, გამოძიების მსვლელობისას მოსარჩელე ქ. ც-ე ცნობილ იქნა დაზარალებულ პირად.
2007 წლის 12 იანვრის N1121 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა. ა-ის სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ..., ამასთან გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებების კვალი არ აღენიშნებოდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 იანვრის N000317716 სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზის დასკვნა N1121-ის ჩანაწერებით მოქალაქე ა. ა-ის სიკვდილის მიზეზი იყო ... . ამასთან, დასკვნის მიხედვით, ა. ა-ს ...ის დიაგნოზი როგორც N... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ასევე ...ში დაესვა სწორად. მეორე კატეგორიის შესაბამისი ...ის სრული კურსის (რომლის შესაბამისადაც ა. ა-ს უტარდებოდა ... მკურნალობა), ხანგრძლივობა 8-9 თვეს მოიცავს. ა. ა-ს ... დაეწყო სად N... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 23.08.2006 წელს. რომელიც გაგრძელდა ...ში. პაციენტი გარდაიცვალა 14.12.2006, ... დაწყებიდან 114-ე დღეს. ამდენად ა. ა-თან ...ის სრული კურსის ჩატარება ვერ მოესწრო. დასკვნის თანახმად, ა. ა-ს ...ა, ასევე სიმპტომური და პათოგენოზური მკურნალობა როგორც სად N... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ასევე ...ში უტარდებოდა იმ პერიოდში მოქმედი ... მართვის ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების მოთხოვნათა სრული დაცვით. ა. ა-ს სად N... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ასევე ...ში ჰოსპიტალიზაციის პერიოდში სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა დროულად. ალ. ა-თან ... ფონზე ავადმყოფობის გაუარესების მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ... ფორმა. 23.08.2006-ს აღებული ... ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით დადგინდა გამძლეობა ...ის, ...ის, ...ისა და ...ის მიმართ. დაუდგინდა ...ი ფორმა. ა. ა-ს დასმული ჰქონდა ...ის დიაგნოზი, დეფინიცია „სხვა შემთხვევა“ და იმ პერიოდში მოქმედი ...ის მართვის გაიდლაინის შესაბამისად, უტარდებოდა მკურნალობა მეორე კატეგორიის ... სქემის შესაბამისად. მკურნალი ექიმის ქმედება, როგორც სად N... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ასევე ...ში ა. ა-ის შემთხვევის მართვისას იყო ადეკვატური და სწორი. ა. ა-ის გარდაცვალება არ არის გამოწვეული სად N... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ...ის ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად. დასკვნაში მითითებულია, რომ ა. ა-ი ... ავად იყო 2005 წლიდან. 19.08.2005 წელს სად N... მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: ...ი, ... და დაეწყო ... მკურნალობა. ...ის მოხსნისა და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მკურნალობის გასაგრძელებლად გადაყვანილ იქნა N... საპყრობილეში.
იმის მიუხედავად რომ ა. ა-ს უტარდებოდა მკურნალობა იმ პერიოდის მოქმედი ეროვნული გაიდლაინის პრინციპების სრული დაცვით, დაავადებამ განიცადა პროგრესი და პაციენტი გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ მიღებული ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგი, რითაც დადგინდა ...ის არსებობა, დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი ა. ა-ის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის N02067495 საქმეზე გამოძიება დღეის მდგომარეობითაც მიმდინარეობს და რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. ამასთან, თუკი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის არაბრალეულობის პირობებშიც კი, თუკი დადასტურდება ქმედების უკანონობა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თავისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება შეექმნა პატიმრისთვის სათანადო პირობები, რათა დაცული ყოფილიყო მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რის გამოც არსებობდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი საფუძვლები. კერძოდ, სადავო პერიოდში მოქმედი ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებდა საქართველოს ტერიტორიაზე პატიმრობასთან, როგორც სასჯელის ღონისძიების აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავდა პატიმრობის აღსრულების ორგანოთა სისტემას და სტრუქტურას, აღსრულების პრინციპებსა და წესებს, პატიმართა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი სადგომი, უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლოტექნიკურ და სანიტარულჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველჰყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობას, იგი განისაზღვრება სასამართლოს მიერ საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, „მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, სწორედ გაითვალისწინეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსჯავრდებული ა. ა-ი ჯანმრთელი შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა იქ დაინფიცირდა და მალევე გარდაიცვალა, შესაბამისად, საკასაციო პალატას გონივრულად, ადეკვატურად და სამართლიანად მიაჩნია მორალური ზიანის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის დაკისრება.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia) რომლის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას გაჭიანურებული სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებით მიყენებული ზიანის გამო თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლითა და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლებით დაცული სფერო მოიცავს, როგორც მატერიალურ ასპექტებს ადამიანის სიცოცხლის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე პროცედურულ ნაწილს ხელყოფილი სიცოცხლის გამომწვევი მიზეზების ეფექტურ გამოძიებასთან, პასუხისმგებელი პირების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, რაც ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების არაგონივრულად, უსაფუძვლოდ გაჭიანურება, მიუხედავად გამოძიების შედეგისა, თავისთავად წარმოადგენს სიცოცხლის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერ ჩარევას, ამ უფლებით დაცული პროცედურული გარანტიების დარღვევის გამო, რამდენადაც მხოლოდ დროული, დამაჯერებელი და ეფექტური გამოძიება უზრუნველყოფს ამ გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი ა. ა-ის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის N02067495 საქმეზე გამოძიება დაიწყო 2006 წლის 13 დეკემბერს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, ამასთან, გამოძიების მსვლელობისას მოსარჩელე ქ. ც-ე ცნობილ იქნა დაზარალებულ პირად. დადგენილია, ასევე, რომ აწ გარდაცვლილი ა. ა-ის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის N02067495 საქმეზე გამოძიება დღეის მდგომარეობითაც მიმდინარეობს და რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, 18 წელი უშედეგოდ მიმდინარე გამოძიებით, მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი მისი შვილის სიცოცხლის უფლების ხელყოფის დროული გამოძიების არ წარმოებით, შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი დასაბუთებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით და საქმის კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად კასატორ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ოდენობა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით, რაც მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია, თანხის ოდენობა ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ც-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე
ნუგზარ სხირტლაძე