დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 31.07.2025
საქმის ნომერი
ბს-577(კს-25)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.07.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-577(კს-25) 31 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...”).

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 24 სექტემბერს გამოცემული №... დადგენილების, მშენებლობის შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო ჯარიმის დაკისრების თაობაზე, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ 2021 წლის 18 ივნისის №... დადგენილებისა და 2021 წლის 18 ივნისის №... დადგენილების ბათილად ცნობა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით შპს ,,...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა „ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 24 სექტემბერს გამოცემული №... დადგენილების, მშენებლობის შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო ჯარიმის დაკისრების თაობაზე“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 ივნისის №... დადგენილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. შეჩერდა „ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 24 სექტემბერს გამოცემული №... დადგენილების, მშენებლობის შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო ჯარიმის დაკისრების თაობაზე“ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 ივნისის №... დადგენილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 24 სექტემბერს გამოცემული №... დადგენილების, მშენებლობის შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო ჯარიმის დაკისრების თაობაზე, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 ივნისის №... დადგენილება და 2021 წლის 18 ივნისის №... დადგენილება.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით გასწორდა №010310121004779421(N3/ბ-133-25წ.) საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინების მიღების თარიღად 2025 წლის 02 აპრილის ნაცვლად, მითითებულ იქნა 2025 წლის 28 მარტი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 2025 წლის 28 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის ვადაში წარდგენის დადასტურების შესახებ წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი, კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და ჩაბარდა 2025 წლის 4 ივლისს კანცელარიის უფროსს - გ.ქ-ეს (პ/ნ...).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2025 წლის 4 ივლისს, სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 5 ივლისიდან დაიწყო და 2025 წლის 14 ივლისს, 24:00 საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, მე-60, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია