დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-959(კ-23) 18 ივნისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-ემ 22.12.2020წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქუთაისის რაიონული პროკურატურის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის რაიონული პროკურატურისათვის 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.2020წ. განჩინებით 22.12.2020წ. სარჩელს დუდგინდა ხარვეზი, სარჩელით არასწორად იყო იდენტიფიცირებული მოპასუხეთა წრე, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეხებოდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოსარჩელეს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ნ. ბ-ემ 18.01.2021წ. წარმოდგენილი სარჩელით გამოასწორა აღნიშნული ხარვეზი, მოპასუხედ განსაზღვრა საქართველოს გენერალური პროკურატურა და მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2021წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე №3/587-20წ. (ნ. ბ-ეის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ) განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2022წ. განჩინებით საქმეში ასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2023წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ. ბ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2023წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2023წ. განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2023წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.09.2018წ. განჩინებით ბრალდებულ ნ. ბ-ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ბრალდებული ნ. ბ-ეის პატიმრობის ვადა აითვალა მისი ფაქტობრივად დაკავების მომენტიდან 04.09.2018წ. 00 საათი და 40 წუთიდან, ბრალდებული ნ. ბ-ე მოთავსდა საქართველოს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.11.2018წ. განაჩენით ნ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ლ. ბ-ეის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ნ. ბ-ეის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, ნ. ბ-ეის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნ. ბ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, გამართლებულ ნ. ბ-ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 01.02.2019წ. განაჩენით ქუთაისის რაიონული პროკუტრატურის პროკურორ დ. ვ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.11.2018წ. განაჩენი ნ. ბ-ეის მიმართ დარჩა უცვლელი, ნ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ლ.ბ-ეის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ნ.ბ-ეის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა, გამართლებულ ნ. ბ-ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 26.10.2020წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. ვ-ას საკასაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, სზაკ-ის 207-ე და 208-ე მუხლებზე, სკ-ის 413-ე მუხლზე, სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია პროკურატურა, როგორც დევნის ორგანო, წინასწარ ვერ განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი საქმის შედეგს და მის მიერ ბრალის წარდგენა, პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, რადგან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისობის კუთხით სასამართლოს კომპენტენციას შეადგენს, მაგრამ ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მიერ მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, მიუხედავად სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობისა. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები, კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ - ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აქვს სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ უკანონო ბრალდებით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის - პატიმრობის ვადის გათვალისწინებით სწორად განსაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა - 2 000 (ორი ათასი) ლარი. შესაბამისად, მოცემული ვითარების გათვალისწინებით, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2023წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
კასატორმა მიუთითა სზაკ-ის 208-ე და 207-ე მუხლებზე, სკ-ის 413-ე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი, უნდა არსებობდეს არა სავარაუდო, არამედ პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ამგვარი ქმედება არ ყოფილა განხორციელებული. ამავდროულად, კასატორი მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს, როგორც საზოგადოების, ისე მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას. სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეული დოზით თმენის ვალდებულება ყველას გააჩნია. წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას. კასატორმა საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად მოიყვანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 24.12.2014წ. გადაწყვეტილებაში („საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, საქმე №3/3/601) საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი პოზიცია: „წარდგენილ ბრალდებაში პირის გამართლება თავისთავად არ გულისხმობს აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არამართლზომიერებას ან მის უკანონო ხასიათს. ამასთანავე, გამამართლებელი განაჩენი ვერ გააბათილებს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო პროცესის განმავლობაში განხორციელდა, უზენაესი სასამართლოს პოზიციით, თითოეულ დასახელებულ საპროცესო მოქმედებას გააჩნია გამოყენებისა და შეფარდების დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებების არსებობისას ითვლება კანონიერად“ (იხ., I-§15.). კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად პირის გამართლებისა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედების აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. შესაბამისად, პირის გამართლების შემთხვევაშიც, კანონის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებებს არამართლზომიერი ხასიათი ვერ მიენიჭება, მით უფრო, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებად. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნვს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 2 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება არ წარმოადგენს გონივრულ ღონისძიებას, მორალური ზიანის ოდენობის გამოანგარიშების მიზნით, კასატორი ციტირებს საქართველოს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებშიც თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის ან სისხლის სამართლებრივი დევნის სიმძიმის პროპორციულად პირებს მიეკუთვნათ მორალური ზიანის კონკრეტული ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის შუქზე, შეაფასებს მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება კასატორის მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, Application no. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების გარკვევას, ასევე, დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობის პროპორციულობის განსაზღვრას.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს კასატორის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის უკანონო დაკავების შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 (ორი ათასი) ლარის დაკისრების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად ითვლება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მარეაბილიტირებელ გარემოებად მიიჩნევა პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა (იხ., mutatis mutandis, სუსგ., ბს-1170(კ-19), 18.09.2023წ; ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.). ამდენად, კასატორის მითითება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 24.12.2014წ. გადაწყვეტილებაში („საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, საქმე №3/3/601) ნახსენებ ამონარიდზე არ ქმნის საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს, მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილის მოსაზრება. სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ გამართლებულ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა („ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.11.2018წ. განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 01.02.2019წ. განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 26.10.2020წ. განჩინებით - გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შედეგად დადგინდა პირის უდანაშაულობა. ამდენად, დადასტურებულია, რომ ნ. ბ-ეს მოუწია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებზე შემზღუდავი ზემოქმედების ატანა თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან ნ. ბ-ე ითვლება უდანაშაულოდ. სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალური მართლზომიერების მიუხედავად დაუსაბუთებლად არღვევს პირის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს. უფრო მეტიც, საქმეზე ,,პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“ (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხადი N22999/06) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მსჯავრდების დადასტურებისას, პირისათვის დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნულ კანონმდებლობაში აღნიშნული დანაწესის არარსებობის შემთხვევაშიც (§ 51). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (დადასტურებული უკანონო მსჯავრდება/ბრალდება) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან ნ. ბ-ეის ბრალდებულად ცნობისა და განაჩენის გამოტანის მომენტში თუნდაც ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის, მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეაბილიტაცია სისხლის სამართლის პროცესში არის იმ პირის უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებელად დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ დევნასა თუ პასუხისმგებლობას. პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. განსახილველ შემთვევაში ნ. ბ-ეის მიმართ დამდგარია გამამართლებელი განაჩენი - სახეზეა მარეაბილიტირებელი გარემოება. შესაბამისად, სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის არსებობს იმ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უშუალოდ არის გამოწვეული უკანონო ბრალდებითა და მსჯავრდებით.
ნ. ბ-ეისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 2 000 ლარის ოდენობით მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობის გონივრულობა უნდა შეფასდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შუქზე, კომპენსაციის მიღების ქმედითი უფლების კონტექსტში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებების მხედველობაში მიღების საფუძველზე. ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევის ზომები ეროვნული კანონით გადასაწყვეტი შიდა პოლიტიკური საკითხია, თუმცა ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლება უპირობოდ ვრცელდება იმ შემთხვევაზე როდესაც შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია მისი დაკავების ან პატიმრობის უკანონოდ მიჩნევის შედეგად (იხ. mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს 22.10.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე Norik Poghosyan v. Armenia, App. No. 63106/12, §§33-35.). აღნიშნული სკ-ის 1005.3 მუხლის შინაარსის შესაბამისად აფუძნებს მარეაბილიტირებელი გარემოების არსს და წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სრულფასოვან უფლებას (იხ. mutatis mutandis, სუსგ., №ბს-1170(კ-19, 18.09.2023წ.). მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სკ-ის 1005.1. მუხლით გათვალისწინებული უფლება აღასრულებს ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ნორმატიულ მიზანს (იხ., ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 17.01.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე Stanev v. Bulgaria, App. No.36760/06, §183). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ისეთი კატეგორიის დავებში, რომელიც უკავშირდება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, სასამართლო გადაწყვეტილებებს, დაზარალებული პირისთვის კონკრეტული ფულადი ოდენობის მიკუთვნების პრესკრიფციული ბუნების გარდა, აქვს აღიარებითი და დეკლარაციული ეფექტიც. აღნიშნული ვლინდება იმაში, რომ სასამართლოს მიერ პირის არაქონებრივი უფლებების ხელყოფის ფაქტის დადასტურებაც, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოადგენდეს როგორც განცდილი მორალური ზიანის დაკმაყოფილების, ისე დარღვეული უფლების ეფექტიანად აღდგენის სატისფაქციურ საშუალებას. იგივე მიდგომა განავითარა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში, სადაც ადგილი ჰქონდა პირის 06 საათით უკანონო დაკავებას, ხოლო განმცხადებელი ითხოვდა 40 000 ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას (იხ. mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს 15.09.2010წ. გადაწყვეტილება საქმეზე M.B. and Others v. Turkey, App. No. 36009/08, §55 და სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტი). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის აღიარებას ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნების დარღვევის აღიარებას უკვე აქვს სატისფაქციური ეფექტი. თუმცაღა, ცხადია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დარღვევის მხოლოდ დეკლარაციული ფორმით აღიარება არ ჩათვალეს საკმარის ღონისძიებად და დაზარალებულ კასატორს დამატებით მიაკუთვნეს კომპენსაცია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი არ ანიჭებს განმცხადებელს კონკრეტული ოდენობის კომპენსაციის მიღების უფლებას (იხ. ევროპული სასამართლოს 11.07.2006წ. გადაწყვეტილება საქმეზე Şahin Çağdaş v. Turkey, App. No. 28137/02, §34). იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელის საგანს მენტალური თუ ფიზიკური ტანჯვის საფუძვლით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, არ არსებობს რაიმე პირდაპირ შეწონვადი და მათემატიკური მეთოდებით გამოთვლადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ფიზიკური ტკივილის, სულიერი განცდებისა და ასეთი ტანჯვის, დისკომფორტისა და ფსიქოლოგიური სტრესის ფულადი ეკვივალენტის განსაზღვრა (შდრ. ევროპული სასამართლოს 20.02.2014წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Fristov v. Russia, App. No. 42119/04, §35). ევროსასამართლოს შეფასებით ამგვარ შემთხვევებში მორალური ზიანის ანაზღაურების გონივრული ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქმის ისეთი ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა დაკავების ხანგრძლივობა, დაკავების პირობების კუმულატიური ეფექტი განმცხადებელზე, მნიშვნელობა აგრეთვე ენიჭება იმ ტანჯვის, სტრესის ან/და შფოთვის ხარისხსაც, რომელიც უკანონო დაკავებამ იქონია პირზე (იხ. ევროპული სასამართლოს 20.02.2014წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Fristov v. Russia, App. No. 42119/04, §35, აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 10.07.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, App. Nos. 52241/14 და 74222/14, §23). დამატებით ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი შეფასება უნდა განხორციელდეს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება ქვეყანაში ცხოვრების დონე, თუნდაც აღნიშნული იმას ნიშნავდეს, რომ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ევროსასამართლომ სხვა მსგავს საქმეებში დაადგინა (იხ. ევროპული სასამართლოს 10.07.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, App. Nos. 52241/14 და 74222/14, §24-25). მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სრულიად მიზერული ან იმთავითვე არაპროპორციული კომპენსაციის ოდენობის დაკისრება, ვერ იქნება შესაბამისობაში კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებთან, რადგან ეს უფლებას თეორიულსა და ილუზორულს გახდის (იხ. ევროპული სასამართლოს 10.07.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, App. Nos. 52241/14 და 74222/14, §21 და 26). სკ-ის 413-ე მუხლის 1-ლი და 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილების ნორმატიული შინაარსის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ წყდება, მორალური ზიანის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით (იხ. სუსგ ბს-432-429(2კ-17) 07.02.2019წ.). კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას, შესაბამისად კასატორის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე მითითება უსაფუძვლოა (იხ. სუსგ., ბს-1097(კ-23), 14.02.2025წ.). საკასაციო პალატისთვის ცხადია ის ფაქტი, რომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ყოველთვის სდევს თან ის გარდაუვალი პერსონალური და სულიერი დისკომფორტი, აგრეთვე რიგი კონსტიტუციური უფლებების დროებითი შეზღუდვა, რომელიც იმანენტურია ყოველი ასეთი პროცესითვის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს, რომ თავისუფლების აღკვეთის 64 დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კასატორს უწევდა თავისუფლების აღკვეთის ნეგატიური შედეგების თმენა და სოციალურ ურთიერთობებში მონაწილეობისგან თავის შეკავება, იყო იმ მასშტაბის და ინტენსივობის, რასაც შესაძლოა კასატორზე მომეტებული ხელყოფის ეფექტი ჰქონოდა. შესაბამისად, საკასაციო პალატის შინაგანი რწმენით (იხ. mutatis mutandis ევროპული სასამართლოს 29.03.2006წ. გადაწყვეტილება საქმეზე, Cocchiarella v. Italy, App. No. 64886/01, §80) მოსარჩელე აუცილებლად განიცდიდა სულიერ დისკმოფორტს და დაეუფლებოდა იმაზე მეტი ნეგატიური განცდა, ვიდრე ეს განპირობებულია თავისუფლების აღკვეთის პირობებში ყოფნის გარდაუვალი აუცილებლობით. შესაბამისად, ის კუმულატიური ეფექტი, რომელიც კასატორმა განიცადა თავისუფლების აღკვეთის პირობებში კანონსაწინააღმდეგოდ მოთავსებით, პროპორციულად აისახა დაკისრებული კომპენსაციის ოდენობაში. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც განაპირობა კომპენსაციის 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა, ეფუძნებოდა მოსარჩელისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების დანაშაულად (სკ-ის 1261 მუხლით განსაზღვრული „ოჯახში ძალადობის“ დანაშაული) შერაცხვის შესაძლო რისკს. საკასაციო პალატა მიუთითებს იმას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილებული კომპენსაციის ოდენობა 2 000 ლარი, ანუ მოთხოვნილი თანხის - 10 000 ლარის ოდენობის მხოლოდ 20%, თავისუფლების 64 დღიანი აღკვეთის მიკუთვნებულია დღეში დაახლოებით 31.25 ლარის ოდენობით. ზემოხსენებული ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. Vasilevskiy and Bogdanov-ის საქმეში ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ ბატონ ვასილევსკის 472 დღიანი უკანონო პატიმრობისთვის მიეკუთვნა 3,320 ევრო, ხოლო ბატონ ბოგდანოვს – 324 ევრო 119 დღიანი უკანონო პატიმრობისთვის, ევროსასამართლოს შეფასებით, კომპენსაციის მითითებული ოდენობა შეესაბამებოდა 7 ევროს და 2.70. ევროს ერთი დღის კვალობაზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, ხოლო კომპენსაციის ასეთი დონე არამხოლოდ არსებითად დაბალი იყო, არამედ პატიმრობის ხანგრძლივობასთან აბსოლუტურად შეუსაბამო (იხ. ევროპული სასამართლოს 10.07.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, App. Nos. 52241/14 და 74222/14, §24, 28, 31.). რაც შეეხება Ganea-ს საქმეს, ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ განმცხადებლის თავისუფლების 3 დღის განმავლობაში უკანონოდ აღკვეთისთვის კომპენსაციის მხოლოდ 63 ევროს ოდენობით მიკუთვნება, არსებითად მიზერული იყო ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის (იხ. ევროპული სასამართლოს 17.05.2011წ. გადაწყვეტილება საქმეზე Ganea v. Moldova, App. no. 2474/06, §30 და 35). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპენსაციის უფრო დაბალი ოდენობით მიკუთვნებით შესაძლოა დარღვეულიყო ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე