დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.09.2025
საქმის ნომერი
ბს-307(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.09.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-307(კ-25) 23 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „ ...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...მა“ 2021 წლის 24 თებერვალს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის შპს „...ს“ მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის, 1 875 ლარის დაკისრება.

სარჩელის მიხედვით, შპს „...მა“ მონაწილეობა მიიღო 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში, რომელიც შეეხებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე 36 943 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) 15 წლით სარგებლობაში გადაცემას. კომპანიამ გაიმარჯვა 26 100 ლარის შეთავაზებით და გადაიხადა 1 875 ლარის საგარანტიო თანხა. აუქციონის პირობები მოიცავდა მიწის 80%-ის ათვისებას ნარგავებით, მინიმუმ 300 000 ლარის ინვესტირებას, მიწის გამოყენებას მხოლოდ აგრარული მიზნებით და ნიადაგის პერიოდულ ანალიზს. აუქციონში გამარჯვების შემდეგ, კომპანიამ ადგილზე აღმოაჩინა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და ანძა, რომლებიც კვეთენ მიწის ნაკვეთს მთელი სიგრძეზე, თუმცა ეს გარემოებები აუქციონის აღწერილობასა და საკადასტრო გეგმაზე არ იყო მითითებული. შედეგად, მიწის დაახლოებით ნახევარი ნაწილის გამოყენება შეუძლებელი გახდა და კომპანიის ინტერესი მის მიმართ დაკარგული იქნა.

2021 წლის იანვარში კომპანიამ მიმართა სამინისტროს პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, თუმცა უწყებამ უარი განაცხადა ხაზის/ნაგებობის არსებობის აღიარებაზე და ალტერნატიული გადაწყვეტილების შეთავაზებაზე. შპს „...“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები აუქციონის პირობებში რომ ყოფილიყო გამოკვეთილი, არ მიიღებდა მასში მონაწილეობას და შესაბამისად, არ განიცდიდა ზიანს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაეკისრა შპს შპს „...ს“ მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის, 1 875 ლარის მოსარჩელისთვის დაბრუნება.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „...მა“ ხელი არ მოაწერა 2021 წლის 29 იანვრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ ხელშეკრულებას იმ საფუძვლით, რომ ელექტრონული აუქციონის პირობები არ იყო სრულყოფილი, რადგან აუქციონის პირობებში არ იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საჰაერო ანძის განთავსების შესახებ, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადახდილი ბეს/საგარანტიო თანხის, 1 875 ლარის დაბრუნების თაობაზე სამართლებრივად იყო დასაბუთებული, რადგან ხელშეკრულებაზე უარის თქმა არ წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის სუბიექტურ სურვილს, არამედ იგი გამოწვეული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასათანადოდ განხორციელებული საქმიანობიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ ვინაიდან მიწა არ იყო შემოსაზღვრული, მხოლოდ აუქციონის დასრულების შემდეგ, ადგილზე მისვლისას და საამზომველო სამუშაოების განხორციელებისას გახდა მისთვის ცნობილი მიწის ნაკვეთზე მნიშვნელოვანი შეზღუდვის არსებობის შესახებ, რაც გადახდილი ბეს დაბრუნების წინაპირობას წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში მდებარე 36 943 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ...) წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, რომლის განკარგვის უფლება მინიჭებული აქვს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის საფუძველზე. აღნიშნულ ქონებაზე აუქციონი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც დაინტერესებულმა პირმა, შპს „...მა“, სამინისტროს წერილობით მიმართა და ითხოვა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა ...ის გაშენების მიზნით.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ სამინისტრომ მიმართა შესაბამის უწყებებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქობულეთის მერიას, სს „საქართველოს რკინიგზას“ და სხვა ორგანოებს, მიწის ნაკვეთის მდგომარეობის, მისი სარგებლიანობისა და შესაძლო შეზღუდვების შესახებ. მიღებული პოზიტიური დასკვნების საფუძველზე ჩამოყალიბდა კონკრეტული სააუქციონო პირობები, რომელიც ითვალისწინებდა სხვა მოთხოვნებთან ერთად ნაკვეთის 80%-ის ათვისებას სასოფლო-სამეურნეო ნარგავებით და არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას 36 თვის ვადაში. აუქციონი კანონით დადგენილი წესით და საჯაროდ გამოცხადდა ვებგვერდზე ..., თანდართული იყო ყველა აუცილებელი მასალა — საკადასტრო გეგმა, ფოტოები, სიტუაციური ნახაზი და საკონტაქტო ინფორმაცია.

აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „...“, თუმცა კომპანიამ გამარჯვების მიუხედავად უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე. მიზეზად დასახელდა მიწის ნაკვეთზე არსებული ელექტროგადამცემი ბოძი, რომელიც კომპანიამ „აღმოაჩინა“ ადგილზე დათვალიერებისას და მოითხოვა ნაკვეთის შეცვლა ან აუქციონის შედეგების გაუქმება. სამინისტრომ განმარტა, რომ ბოძი არ მდებარეობდა აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე - იგი გამოყოფილი იყო ცალკე ერთეულად და განთავსებული იყო ნაკვეთის პერიფერიაზე, რაც აშკარად ჩანდა აუქციონის მასალებში თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე. შესაბამისად, უწყებამ უარი თქვა ნაკვეთის მონაცვლეობაზე, ხოლო ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმის გამო აუქციონის შედეგები გაუქმდა, ხოლო კომპანიის მიერ შეტანილი უპირობო საბანკო გარანტია ბიუჯეტში ჩაირიცხა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, აუქციონის განცხადება სრულად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. სამინისტრომ გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება, მათ შორის არსებული შეზღუდვები, რაც დასტურდებოდა შესაბამისი უწყებების დასკვნებით და სააუქციონო პირობები ისე ჩამოყალიბდა, რომ არ ყოფილიყო წინააღმდეგობაში მოქმედ ნორმებთან, მათ შორის საქართველოს მთავრობის №366 დადგენილებასთან. სამინისტრო მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, არ გადაუმეტებია უფლებამოსილების ფარგლებს და არ შეულახავს მონაწილე მხარის სამართლებრივი ინტერესები. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიაჩნია დაუსაბუთებლად როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, რომლის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ერთ-ერთი ფორმაა პირობებიანი ან უპირობო აუქციონი. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის №103 ბრძანებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესზე“, რომლის 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონი ცხადდება პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით. ამავე წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს - ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგები უქმდება თუ: აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 11.12.2020 წლის №01-01-3/418 ბრძანებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ...ში, სოფელ ...ის მიმდებარედ 36 943 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნუნლების მიწის ნაკვეთზე, 2035 წლის 30 დეკემბრამდე სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გაცემის მიზნით გამოცხადდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი. წლიური საწყისი სარგებლობის საფასური განისაზღვრა 7 500 ლარის ოდენობით. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი ელექტრონული საბანკო გარანტია/„ბე“ განისაზღვრა 1 875 ლარის ოდენობით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე შპს „...მა“ და გადაიხადა საგარანტიო თანხა 1 875 ლარის ოდენობით. აუქციონში საბოლოოდ გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე შპს „...“, რომელმაც პირობებიანი ელექტრონული აუქციონი მოიგო 26 100 ლარის გადახდის შეთავაზებით, რაც უნდა გადახდილიყო 29.01.2021 წლამდე პერიოდში.

2021 წლის 25 იანვარს, შპს „...მა“ (ს/ნ...) განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შემდგომ განხორციელდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ასევე მასზე განთავსებული იყო ამავე ხაზების საჰაერო დაკიდების გაბარიტიანი ლითონის კონსტრუქცია, ე.წ. ბოძები. მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, განმცხადებელი მოითხოვდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას ან აუქციონის შედეგების გაუქმებას და გადახდილი „ბე“-ს უკან დაბრუნებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 28.01.2021წ. №01-01-10/193 წერილით მოთხოვნა უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

კასატორი საგარანტიო თანხის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში გადარიცხვის კანონიერებას აფუძნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესზე და განმარტავს, რომ აუქციონის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მასში გამარჯვებულმა პირმა ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას, რაც საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე მართებულად არ გაიზიარა სასამართლომ და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერა განპირობებული არ ყოფილა სუბიექტური გარემოებებით, არამედ, აუქციონის ჩატარების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა ის მნიშვნელოვანი ობიექტური გარემოება, რაც ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა, კერძოდ, უშუალოდ მიწის ნაკვეთის საზღვრებში აღმოჩნდა ხაზობრივი ნაგებობა - მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი საჰაერო დაკიდების ლითონის კონსტრუქციის ანძით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოება ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, ელექტრული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს: ა) მოაწყოს მათთან მისასვლელი გზები, ხიდები და სხვა ნაგებობები; ბ) აწარმოოს მიწის სამუშაოები (გათხაროს თხრილები, ღრმულები, ორმოები); გ) განაკაფების ზოლის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ტოტების მოჭრის სამუშაოები მათი შემდგომი გატანით.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აუქციონის წესით ქონების სარგებლობაში გადაცემამდე კასატორი ვალდებული იყო გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სახით მიეთითებინა მიწის ნაკვეთზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის, როგორც იმ სახის შეზღუდვის (ნაკლის) არსებობის შესახებ, რომლის აღმოფხვრა ფაქტობრივად იყო შეუძლებელი, შესაბამისად, აუქციონის პირობებში მიწის ნაკვეთზე მნიშვნელოვანი შეზღუდვის არსებობის შესახებ მითითების არარსებობა გადახდილი „ბე“-ს დაბრუნების წინაპირობას და აქედან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა