დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-641 (კ-25) 29 სექტემბერი, 2025 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. გ-ა, დ. წ-ა, ნ. წ-ა, მ. წ-ა, ლ. წ-ა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი. გ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“), დ. წ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“), ნ. წ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“), მ. წ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოსარჩელე“), ლ. წ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეხუთე მოსარჩელე“; პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეებთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი წარადგინეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის დირექტორის 04.02.2022 წლის №03-820/ო ბრძანება; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. მოსარჩელეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს.
2.2. 23.03.2004 წელს პირველმა მოსარჩელემ იქორწინა ლა. წ-აზე. თანაცხოვრებისას შეეძინათ ოთხი შვილი, ... წელს - მეორე მოსარჩელე, ... წელს - მესამე მოსარჩელე, ... წელს - მეოთხე მოსარჩელე, ... წელს - მეხუთე მოსარჩელე.
2.3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას.
2.4. პირველ მოსარჩელეს დადგენილი აქვს ..., ასევე ..., რომელსაც თან ახლავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, თანმდევი გართულებით ...ით, რაც იწვევს ...ს. გარდა აღნიშნულისა, მას დადგენილი აქვს ..., რის გამოც ჩატარებული აქვს ოპერაცია.
2.5. პირველმა მოსარჩელემ 17.09.2019 წელს №49846 განაცხადით მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობაში არიან მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოსარჩელეები. განმცხადებელმა ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ის ქ. №..., ზუგდიდი, ...ის ქ. №... (ყოფილი ...ს ქ....).
2.6. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიეთითა - სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ის ქ. №..., ზუგდიდი, ...ის ქ. №... (ყოფილი ...ს ქ....). კითხვარის მიხედვით, ოჯახს არ გააჩნია უძრავი ქონება და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში. 26.05.2021 წლის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით, პირველი მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლიდან დღემდე ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ქ. ... (ძველი ...), კერძო სახლის I სართულზე, ქირის გარეშე მამამთილის საკუთრებაში. 1993-2003 წლამდე, დაოჯახებამდე, ცხოვრობდა ...ში, ბიძის სახლში. ასევე აღნიშნა, რომ მამამთილი ცხოვრობს ამავე სახლში, დედამთილი გარდაცვლილია, ხოლო ყოფილ მეუღლესთან ოფიციალურად არ არის განქორწინებული. 8 წელია იგი ცხოვრობს სხვა მისამართზე მეგობარ ქალთან ერთად, რომლის მისამართი და სახელი-გვარი უცნობია. მამამთილს არ აქვს შვილთან ურთიერთობა. 25.10.2021 წლის გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა პირველი მოსარჩელის მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქ. ..., სადაც მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს. აღნიშნული მისამართი ასევე მითითებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში.
2.7. 22.12.2020 წლის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით ოჯახს მიენიჭა 7.00 ქულა: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 4 არასრულწლოვანი - 3.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.50 ქულა.
2.8. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021 წლის №79 სხდომის ოქმის საფუძველზე, მოპასუხის დირექტორის 04.02.2022 წლის N03-820/ო ბრძანებით პირველ მოსარჩელეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო უარი ეთქვათ ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
2.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.02.2022 წლის №30696 წერილის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31.01.2012 წლის №13 განკარგულების საფუძველზე, განხორციელდა ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქუჩის მონაკვეთის ნუმერაციის განსაზღვრა და მისამართი: ქალაქი ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი ზუგდიდი, ...ს ქუჩა №.... შესაბამისად, ერთი და იმავე უძრავი ნივთის მისამართად სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციაში სხვადასხვა დროს ფიქსირდებოდა მისამართები: ქალაქი ზუგდიდი, ...ს ქუჩა №... და ქალაქი ზუგდიდი, ...ს ქუჩა №....
2.10. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის საკუთრებაში არ იყო რეგისტრირებული უძრავი ქონება. ასევე დადასტურებულია, რომ განმცხადებელს ჰყავდა არასრულწლოვანი შვილები. სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ბინის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, მოსარჩელის ოჯახის მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მდგომარეობა.
2.11. კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არასრულწლოვანი დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების უზრუნველსაყოფად, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება.
2.12. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია უძრავი ქონება და ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებული იყო ოჯახი უზრუნველეყო ღირსეული, გრძელვადიანი საცხოვრისით.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4.2. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის საკუთრებაში არ იყო რეგისტრირებული უძრავი ქონება. ასევე დადასტურებულია, რომ განმცხადებელს ჰყავდა არასრულწლოვანი შვილები. რაც შეეხება მოსარჩელისა და მისი შვილების დროებით საცხოვრებელ ადგილს, საქმეში წარმოდგენილი 26.05.2021 წლის „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით“ დგინდება, რომ პირველი მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობდა ქირის გარეშე მამამთილის საკუთრებაში. მონიტორინგის სამსახურს ადგილზე დახვდა მოსარჩელე (შვილებთან ერთად), ასევე მამამთილი - ბ. წ-ა. მითითებულ მონიტორინგის ფორმაში უძრავი ქონების მისამართად ფიქსირდება ...ის ქ. №... (ძველი ...), კერძო სახლის პირველი სართული. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.02.2022 წლის №30696 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ 2012 წლიდან უძრავი ქონების მისამართი - ქალაქი ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი ზუგდიდი, ...ს ქუჩა №.... ამდენად, მონიტორინგის ფორმაში ფიქსირდება უძრავი ქონების ძველი მისამართიც (ძველი ...), რომელიც ცვლილების შედეგად წარმოადგენს ...ს ქუჩა №...-ს. ამასთან, პირველი მოსარჩელე, შვილებთან ერთად, სწორედ ამ მისამართზეა (ქალაქი ზუგდიდი, ...ს ქუჩა №...) რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
4.3. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია პირველი მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რაც გავლენას იქონიებდა მინიჭებულ ქულებზე (7.00 ქულა) და მიიჩნია, რომ მოპასუხემ არასრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია არასწორი სამართლებრივი შეფასება და, საბოლოოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, დევნილის ოჯახისთვის, არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).
10. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები, რომლებიც მას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეკისრება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
11. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ; №ბს-532(კ-23), 28.11.2023წ.). იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს (სუსგ №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ.).
12. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ამ წესის შესაბამისად, განიმარტება როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
14. ამდენად, დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა (სუსგ №ბს-1175(კ-22), 01.05.2023წ; №ბს-1190(კ-24), 25.03.2025წ.).
15. მოსარჩელეები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები არიან (ს.ფ.18-19). პირველმა მოსარჩელემ 17.09.2019 წელს №49846 განაცხადით მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობაში არიან მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოსარჩელეები (ს.ფ.76-77). 23.03.2004 წელს პირველმა მოსარჩელემ იქორწინა ლა. წ-აზე. თანაცხოვრებისას შეეძინათ ოთხი შვილი, ... წელს - მეორე მოსარჩელე, ... წელს - მესამე მოსარჩელე, ... წელს - მეოთხე მოსარჩელე, 19.10.2013 წელს - მეხუთე მოსარჩელე (ს.ფ.24-28). მოსარჩელეები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას (ს.ფ.31). 22.12.2020 წლის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით ოჯახს მიენიჭა 7.00 ქულა: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 4 არასრულწლოვანი - 3.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.50 ქულა (ს.ფ.75).
16. მართებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხის არგუმენტაციის გაუზიარებლობის შესახებ, პირველი მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებულ ქულებზე (7.00 ქულა) გავლენის მქონე საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე (წინამდებარე განჩინების 4.2., 4.3. პუნქტები).
17. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ცხოვრობს შვილებთან ერთად (რომელთაგან ერთი, წინამდებარე განჩინების მიღების მომენტშიც არასრულწლოვანია), ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება (სუსგ №ბს-1190(კ-24), 25.03.2025წ.).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ №ბს-1399 (კ-24), 03.07.2025წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე