არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-684(კს-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) -სს ,,ს...’’ (სს ,,ე...ს’’ უფლებამონაცვლე)
მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 21 მარტს შპს ,,უ...მ’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის #05-04-11345 მიმართვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შპს უ...ს მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის #09/2016 აქტის ბათილად ცნობა; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის #15-04-11/345 მომართვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შპს უ...ს მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების 2016 წლის 14 სექტემბრის #09/2016 აქტში სამართლებრივი უზუსტობების გასწორების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2017 წლის 25 იანვრის #2017/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სარჩელის დაზუსტების შემდგომ კი მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის #09/2016 შემოწმების აქტის, 2016 წლის 21 სექტემბრის #09/2016/1 გადაწყვეტილების და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2017 წლის 25 იანვრის #2017/2 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს უ...ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს უ...მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2019 წლის 4 სექტემბერს შპს ,,უ...ის“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ და განმარტა, რომ აპელანტის შპს "უ...ის" სამართალმემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სს "ე...".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,უ...ის’’ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს,,ე...’’.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მაისის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, სს ,,ე...ს“ (შპს ,,უ...ს“ უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ე...ს“ (შპს ,,უ...ს“ უფლებამონაცვლე) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის #05-04-11/345 მიმართვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბრის #09/2016 აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს 2016 წლის 10 ივნისის #15-04-11/345 მომართვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს ,,უ...ს“ მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების 2016 წლის 14 სექტემბრის #09/2016 აქტში სამართლებრივი უზუსტობების გასწორების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 სექტემბრის #09/2016/1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2017 წლის 25 იანვრის #2017/2 საოქმო გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის საოქმო განჩინებით სს ,,ს...ს'' წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სს,,ე...ს'' უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,ს...''.
2025 წლის 11 აპრილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, სასამართლოს მიერ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსუპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დადგენილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილებით დაფუძნებულ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით გადაეცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილებაში მითითებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული, მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
ზემოაღნიშნული ნორმებისა და განსახილველი დავის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლეებად უნდა განსაზღვრულიყვნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე პუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განესაზღვრა, რომ უზრუნველეყო მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (დღეის მდგომარეობით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სამართალმემკვიდრე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით) უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობა კი გულისხმობს არა სააგენტოს რაიმე სახით საქმეში მონაწილე პირად ჩაბმას, არამედ იმ თანამშრომელთა მონაწილეობას, რომლებიც ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებამდე, ირიცხებოდნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტების სახით უნდა იყვნენ ჩართული.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: ა) 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან: ბ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა #1.8 დანართის მე-2 პუნქტისა.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენდა და დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განმახორციელებელს. იგი უფლებამოსილია, განკარგოს აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, საჯარიმო სანქციის ფარგლებში ჩამოჭრილი (ამოღებული) თანხების განკარგვა, დაბრუნება და ა.შ. მისი კომპეტენციაა და განსახილველ დავაში, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ წარმოადგენს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 191 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და მის საფუძველზე, აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განმახორციელებელი და აღმასრულებელი არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ამ ნაწილში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვერ ჩაითვლება უფლებამონაცვლედ, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების შესაბამისად, რეგულირების სააგენტოს გადაეცა ადმინისტრირების მხოლოდ ერთი ნაწილი, რაც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან კონტროლის ფუნქციას გულისხმობს და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადრე განხორციელებული კონტროლის შედეგად შედგენილ აქტებთან მიმართებით ადმინისტრაციულ და სასარჩელო წარმოებაში უფლებამონაცვლეობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სს ,,ს...ს’’ (სს ,,ე...ს’’ უფლებამონაცვლე) სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შემოწმების (მონიტორინგი, კონტროლი) აქტისა და მასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ზემოაღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც შემდგომში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა