დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13აგ-15 28 აპრილი, 2015 წელი
გ-ე გ 13აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. გ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვე, 23 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 188–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. სსკ–ის 59–ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახლად დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვე, 11 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით, 3 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 6 ოქტომბრიდან.
2014 წლის 22 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსკ–ის 2381-ე მუხლში 2013 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა და მისი გამართლება საქართველოს სსკ–ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განაჩენით გ. გ-ე გამართლდა (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენი) საქართველოს სსკ–ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მისთვის მოსახდელად განსაზღვრულ სასჯელს მოაკლდეს საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლის 11 დეკემბრის კანონით შესული ცვლილების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. გ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძვ. რედ.) წარდგენილ ბრალდებაში შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. გ-ს მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი სრულად უნდა მოაკლდეს მისთვის მოსახდელად განსაზღვრულ სასჯელს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - შთანთქა საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა. ამდენად, ზემოაღნიშნული ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით (და ვერც მის მიმართ ბოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით) დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი