საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.06.2015
საქმის ნომერი
2კ-25აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №25აპ-15 ქ. თბილისი

კ-ე დ, 25აპ-15 11 ივნისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს, მსჯავრდებულ დ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 ივლისის განაჩენით:

გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორ გ. მ-ა და ბრალდებულ თ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

თ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ–ის 24,179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე. თ. კობაიძეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 1 ნოემბრიდან.

ე. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 31 ოქტომბრიდან.

დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 30 დეკემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ე. ხ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულ დ. კ-ს - სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი), 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს, მსჯავრდებულ დ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი