საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №29აპ-15 ქ. თბილისი
შ-ი გ.- 29აპ-15. 12 ივნისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ნ-ისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის განაჩენით გ. შ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2.000 ლარი; 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) – 7 წლით; 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) – 7 წლით; 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2.000 ლარი.
გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ამნისტიის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 3 თვე და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5, მე-6 ნაწილების გამოყენებით, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 2.000 ლარი.
გ. შ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 2 აგვისტოდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
გ. შ-ს განაჩენიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) მსჯავრდების შესახებ;
გ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2.000 ლარი; 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) – 7 წლით; 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა: 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით pდანიშნული სასჯელიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან ნაწილი - ჯარიმა - 1.000 ლარი და საბოლოოდ გ. შ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 3 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 1.000 ლარი.
გ. შ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 2 აგვისტოდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ გ. შ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი, 2231-ე მუხლის 1-ლი და 177-ე მუხლის მე-5, მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. შ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ნ-ისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№29აპ-15 17 ივნისი, 2015 წელი
შ-ი გ.- 29აპ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 12 ივნისს მსჯავრდებულ გ. შ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 12 ივნისს მსჯავრდებულ გ. შ-ის მიმართ გამოიტანა განჩინება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განჩინებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლთან დაკავშირებით.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განჩინებაში.
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისს მსჯავრდებულ გ. შ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინებაში ყველგან, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლისა, მიეთითოს 117-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განჩინება სხვა ნაწილში - მათ შორის საბოლოო სასჯელის ნაწილში - დარჩეს უცვლელად.
აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინების განუყოფელ ნაწილს.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი