საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №41აპ-15 ქ. თბილისი
ხ-ი კ.- 41აპ-15. 18 ივნისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განაჩენით კ. ხ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 25, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა კ. ხ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
იმავე განაჩენით: რ. ბ-ი, ნასამართლობა გაქარწყლებული, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 25, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა რ. ბ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
ა. ა-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ა. ა-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულებს განემარტათ, რომ მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთმტკიცებები: კ. ხ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის შავი მობილური ტელეფონი, ა. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის შავი მობილური ტელეფონი სიმბარათით, რ. ბ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის შავი მობილური ტელეფონი სიმბარათით, რომლებიც ინახება სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; რ. ბ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თორმეტი 5-ლარიანი, ცხრამეტი 10-ლარიანი, შვიდი 20-ლარიანი, სამი 50-ლარიანი, რვა 100-ლარიანი კუპიურები, ორი 100-აშშ დოლარიანი, სამი 1.000-დრამიანი, ორი 5.000-დრამიანი, შვიდი 20.000-დრამიანი და რ. ბ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ორი 100-აშშ დოლარიანი კუპიურები, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; შპს ,,მაგთიკომიდან“ და ,,მობიტელიდან“ ამოღებული 4 ,,CD-R“ დისკები, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი