საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№43აპ-15 24 ივნისი, 2015 წელი
მ-ი ე.- 43აპ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – მ. წ-ის
მსჯავრდებულ – ე. მ-ის
ადვოკატ - ზ. ქ-ას
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები:
1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ე. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2012 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2012 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ე. მ-ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 17 ივნისიდან.
1.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
Ø ე. მ-ი 2011 წლის 12 აგვისტოდან რეგისტრირებულია ინდმეწარმედ და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ხე-ტყის რეალიზაციას. მან 2011 წლის 12 აგვისტოდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში არ განახორციელა გადახდის წყაროსთან დაკავება, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადისა და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება, რითაც განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 533 756 ლარის გადახდას.
Ø მანვე 2012 წლის 2 სექტემბერს შპს ,,გ-ას“ დირექტორ ა. გ-თან ერთად ჯგუფურად, გასაღების მიზნით, არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა და ა. გ-ზე გაასაღა ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
Ø მანვე 2012 წლის 5 ოქტომბერს შპს ,,გ-ას“ დირექტორ ა. გ-თან ერთად ჯგუფურად, გასაღების მიზნით, არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა და ა. გ-ზე გაასაღა ელექტრონული სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
1.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ქ-ამ. მათ ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ: დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით ჩათვლა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინების (გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ) გაუქმება და უძრავი ქონების მესაკუთრე - ნ. ჯ-ასათვის დაბრუნება.
1.4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 აგვისტოს განაჩენი და ამავე სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2. საკასაციო საჩივრის არსი:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ქ-ამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს: ე. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობითად ჩათვლას; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის უკანონო საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც ე. მ-ს აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონიძიებით - პატიმრობით და რომელიც უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ასევე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული და შემდგომ თანხის ამოღების მიზნით აღსასრულებლად მიქცეული უძრავი ქონების მესაკუთრე ნ. ჯ-ასათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ ე. მ-ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც ითხოვს დანიშნული სასჯელის ნაწილის - ერთი მესამედის პირობითად ჩათვლას. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს სწორედ ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, საბოლოო სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის პრინციპით, რითაც კიდევ უფრო შეუმსუბუქდა სასჯელის ზომა. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის ნაწილის - ერთი მესამედის პირობით ჩათვლას, პალატას ეს მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების ურთიერთმიმართების გათვალისწინებით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი ე. მ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საკასაციო საჩივრის მეორე მოთხოვნაზე - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის უკანონო საოქმო განჩინების გაუქმებასა და ნ. ჯ-ასათვის უძრავი ქონების დაბრუნებაზე და მიაჩნია, რომ ე. მ-ის ბრალდების საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თავისი 2014 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით ნ. ჯ-ას მიერ ე. მ-ის მიმართ შეფარდებული გირაოს სახით შეტანილი მისი (ნ. ჯ-ას) უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, წ-ის ქუჩის #...-ში, საკადასტრო კოდი - ..., გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, მიაქცია აღსასრულებლად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რა დროსაც არ შეამოწმა, გირაოს შეტანისას იყო თუ არა დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ,,გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში“. აღნიშნულის თაობაზე ასევე პირდაპირ არის მითითებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტშიც, რომლითაც პროკურორს დაევალა გირაოს შემტანის (მესაკუთრის) გაფრთხილება გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ოქმი, რომელიც დაადასტურებს გირაოს შემტანი პირის გაფრთხილებას სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული პირობებისა და კანონის დარღვევის შემთხვევაში მესაკუთრისათვის შესაძლო შედეგების თაობაზე, რომ მის მიერ გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიექცეოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინება უნდა შეიცვალოს და ე. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ნ. ჯ-ას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, წ-ის ქუჩის #...-ში, საკადასტრო კოდი - ..., უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს - ნ. ჯ-ას.
ასევე, უნდა გაუქმდეს ე. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 იანვრის განჩინება და ნ. ჯ-ას უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ. თბილისში, წ-ის ქუჩის #...-ში, საკადასტრო კოდი - ..., უნდა მოეხსნას ყადაღა.
6. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი ე. მ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებაში, კერძოდ: ე. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ნ. ჯ-ას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, წ-ის ქუჩის #...-ში, საკადასტრო კოდი - ... დაუბრუნდეს მის შემტან პირს - ნ. ჯ-ას.
3. გაუქმდეს ე. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 იანვრის განჩინება და ნ. ჯ-ას უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ. თბილისში, წ-ის ქუჩის #...-ში, საკადასტრო კოდი - ... მოეხსნას ყადაღა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი ე. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი