საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №75აპ-15 ქ. თბილისი
შ-ა ტ.- 75აპ-15. 23 ივნისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. შ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით ტ. შ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ტარიელ შონიას სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3.000 ლარი.
მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.
იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: კუკური შონიას, ელგუჯა გურჩიანსა და მალხაზ აფრასიძეს.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანებით ტარიელ შონიას საკუთრებაში არსებულ ქონებაზე - 495.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა, მდებარე: მცხეთაში, დიღომი, კვარტალი #41, საკადასტრო კოდი #017214041281;
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანებით ტარიელ შონიას საკუთრებაში არსებულ ქონებაზე - სატრანსპორტო საშუალება - ,,MERSEDES BENZ ML 320-ზე“, სახელმწიფო ნომრით ,,XKX-877“ - დადებული ყადაღა.
ნივთმტკიცება - CD დისკი და ტარიელ შონიას მიერ დაზარალებულის მეუღლისათვის გაგზავნილი წერილის ქსეროასლი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ტარიელ შონია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ტარიელ შონიას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3.000 ლარი.
ტარიელ შონიას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 11 დეკემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ტარიელ შონიასათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტარიელ შონიასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნათია აბზიანიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი