საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №106აპ-15 ქ. თბილისი
პ-ე გ.- 106აპ-15. 23 ივნისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენით გ. პ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. პ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. პ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმებით საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 3 წლის, 7 თვისა და 12 დღის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი - 2 წელი, 10 თვე, 12 დღე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ. პ-ეს სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2014 წლის 14 აგვისტოდან.
მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 30 იანვრიდან იმავე წლის 7 თებერვლის ჩათვლით.
იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. ხ-სა და ბრალდებულებს - ნ. დ-ესა და ზ. ა-ეს შორის.
გაუქმდა გ. პ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 6.000 ლარის ღირებულების წილს, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თ-ში, სარეგისტრაციო ზონა ხ-ი-..., სექტორი - თ-ი-..., კვარტალი-..., ნაკვეთი-..., საკადასტრო კოდი-....
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
გ. პ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. პ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ამნისტიის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 10 თვე, 12 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. პ-ეს სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 30 იანვრიდან იმავე წლის 7 თებერვლის ჩათვლით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ გ. პ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი