შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3ა-67 17 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 22 მაისის გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი იუსტიციის სასამართლოს ქვინზ ბენჩ დივიჟნ-ის მიერ განხილული იქნა “ე.-ე.-ბ. თ. ლ.” სარჩელი “ა. ტ. ი. ლ.” წინააღმდეგ თანხების გადახდევინების დაკისრების თაობაზე. სასამართლო გადაწყვეტილებით “ა. ტ. ი. ლ.” დაეკისრა 5257859 ფუნტი სტერლინგის გადახდა “ე.-ე.-ბ. თ. ლ.” სასარგებლოდ.
“ე.-ე.-ბ. თ. ლ.” წარმომადგენელმა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლების შესაბამისად შუამდგომლობით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი იუსტიციის ქვინზ ბენჩ დივიჟნ-ის 2001წ. 22 მაისის გადაწყვეტილების საქართველოში ცნობა და აღსრულება. განმცხადებელმა მოითხოვა აღსრულების მიქცევა “ა. ტ. ი.” მთელ ქონებაზე, მათ შორის სააქციო საზოგადოება “ა.” ტერიტორიაზე განლაგებულ მოპასუხის კუთვნილ 800000 დოლარის ღირებულების პლატინის ბადეებზე ასევე სს “ა.” არსებულ მოპასუხის კუთვნილ 2870,65 ტონა “ა” მარკის სინთეტიკურ ფენოლზე. მოპასუხის კუთვნილ გარდაბნის საბაჟოზე განბაჟების მოლოდინში განთათვსებულ 7 ცალ პლატინის ბადეზე. ასევე თბილისის საბაჟო აეროპორტის ტერმინალზე განსაბაჟებლად გამზადებულ პლატინის 2 დიდ ბადეზე, საერთო მონაცემებით სულ 57 კგ-ის პლატინის ბადე.
შპს “ა. ტ. ი.” წარმომადგენელმა შუამდგომლობის მოთხოვნები არ ცნო იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 22 მაისის გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი იუსტიციის სასამარლოს ქ. ბ. დ.-ის გადაწყვეტილება გამოტანილია ა. ტ. ი., რომელიც რეგისტრირებულია ლონდონში, მიმართ, ხოლო შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს გადაწყვეტილების ცნობას და აღსრულებას “ალსო ტრანს ინტერნეიშენელ ლიმითედის” მიმართ, რომლის რეგისტრაციის ადგილია საქართველო, ქ. თბილისი, ... და რეგისტრირებულია ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ა. ტ. ი.” წარმომადგენელის აზრით გადაწყვეტილების აღსრულება მიმართული უნდა იქნეს “ა. ტ. ი.” მიმართ, რომლის მისამართია ...... სტრიტი, რეგისტრირებულია ლონდონში და წარმოადგენს სხვა განცალკევებულ იურიდიულ პირს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ “ე.-ე.-ბ. თ. ლ.” წარმომადგენლის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.5 მუხლის თანახმად საზოგადოება, როგორც იურიდიული პირი, წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კანონის 5.4.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის აუცილებელი მოთხოვნაა საწარმოს რეგისტრაციის დროს იურიდიული მისამართის მითითება, რომლის მიზანი არის ის, რომ დაინტერესებულმა პირებმა და შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა საჭიროების შემთხვევაში ადვილად მიაგნონ საზოგადოებას.
გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი იუსტიციის სასამართლოს ქვინზ ბენჩ დივიჟნ-ის 2001წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით “ა.-ტ. ი. ლ.” დაეკისრა 5257859 ფუნტი სტერლინგის გადახდა “ე.-ე.-ბ. თ. ლ.” სასარგებლოდ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოპასუხის “ა. ტ. ი. ლ.” მისამართად მითითებულია ლონდონი, ჯონ კარპენტერ სთრითი 4 EჩAY 3Lშ (წამყვანი _ მთავარი ოფისი – UK).
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ა. ტ. ი.” რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998წ. 24 აპრილის დადგენილებით. ამ საზოგადოების იურიდიულ მისამართად მითითებულია ... ქ. თბილისი.
საკასაციო პალატა იზიარებს ქ. თბილისში რეგისტრირებულ შპს “ა. ტ. ი. ლ.” წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მითითებულია “ა. ტ. ი. ლ.” (ლონდონი, .... სთრითი 4, წამყვანი _ მთავარი ოფისი) და შპს “ა. ტ. ი. ლ.” (თბილისი, ...) წარმოადგენს სხვადასხვა დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და შესაბამისად, ლონდონში მდებარე საზოგადოების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მიიქცევა თბილისში მდებარე საზოგადოების ქონებაზე.
გარდა აღნიშნულისა, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ შპს “ა. ტ. ი. ლ.” (ქ. თბილისი) უწყების ჩაბარების გზით გაფრთხილებული იქნა სასამართლოში გამოძახების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ა. ტ. ი. ლ.” (ქ. თბილისი) კიდეც, რომ წარმოადგენდეს გადაწყვეტილებაში მითითებულ მოპასუხეს, გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება არ უნდა მოხდეს, რადგან იგი არ იყო გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-ე მუხლით, სსკ-ს 284-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
“ე.-ე.-ბ. თ. ლ.” წარმომომადგენლის ი. მ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.