საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 30.06.2015
საქმის ნომერი
2კ-333აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №333აპ-15. ქ. თბილისი

ს-ა ვ.- 333აპ-15 30 ივნისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ტ-ას

ადვოკატ – ა. გ-ის

მსჯავრდებულ _ ვ. ს-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ს-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით ვ. ს-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, გადაზიდვა).

2. ვ. ს-ას დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ვ. ს-ამ 2014 წლის 22 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ,,AKM-ის“ მოდელის, 7,62 მმ კალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი 19 საბრძოლო ვაზნა, რაც იმავე დღეს ავტომანქანით გადაზიდა წალენჯიხიდან ზუგდიდში.

3. აღნიშნული ქმედებებისთვის:

ვ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვ. ს-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ვ. ს-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 22 ოქტომბრიდან.

4. გადაწყდა საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი:

,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ,,AKM-ის“ მოდელის, 7,62 მმ კალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი 19 საბრძოლო ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შსს-ს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ს-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მა, რომელმაც ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება იმ საფუძვლით, რომ ვ. ს-ას ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები არ შეუძენია, ისინი იპოვა წალენჯიხის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსში. ამასთან, საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ვ. ს-ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ფაქტს.

6. პროკურორს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ შეუტანია.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ვ. ს-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო ნორმათა დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით; სააპელაციო სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო ვარაუდი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. ამდენად, კასატორმა ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის გამართლება, ალტერნატივად კი ითხოვა მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დანიშნული სასჯელის ჩათვლა პირობით, ხოლო პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში - მინიმალური სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

9. 2015 წლის 23 ივნისს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ი. ტ-ამ, საქართველოს სსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე 1-ლი, მე-3 ნაწილებით, შეადგინა წერილობითი შეთანხმებები მასა და მსჯავრდებულ ვ. ს-ას შორის.

10. შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმების თანახმად, პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ვ. ს-ამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, 2015 წლის 23 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ს-ასა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ი. ტ-ას შორის წერილობით გააფორმა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

11. 2015 წლის 30 ივნისს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი. ტ-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ვ. ს-ას შორის 2015 წლის 23 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების შესახებ და ითხოვა:

ვ. ს-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 1 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 5000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვ. ს-ას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი, 6 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი და 6 თვე, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით ვ. ს-ას დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 5000 ლარი.

ვ. ს-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2014 წლის 22 ოქტომბრიდან.

12. იმავე სხდომაზე პროკურორმა ი. ტ-ამ დააზუსტა შუამდგომლობა და ითხოვა:

ვ. ს-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 1 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 5000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვ. ს-ას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი, 6 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით ვ. ს-ას დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 5000 ლარი.

ვ. ს-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2014 წლის 22 ოქტომბრიდან.

13. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ვ. ს-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ი. ტ-ასა და მსჯავრდებულ ვ. ს-ას შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. ტ-ამ მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას დაზუსტებული პირობებით და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ს-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ვ. ს-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მა.

4. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, ა/მანქანის ჩხრეკის ოქმით, მოწმეების - ნ. ჭ-ას, ც. ზ-ას, გ. ქ-ას, ვ. თ-ასა და სხვათა ჩვენებებით, საექსპერტო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით ვ. ს-ას მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

5. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ვ. ს-ას მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ვ. ს-ა ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

6. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

7. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

8. ამდენად, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ი. ტ-ას შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ. ს-ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს პროკურორ ი. ტ-ასა და მსჯავრდებულ ვ. ს-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება შეცვლილი პირობებით.

4. ვ. ს-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს.

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 1 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 5000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვ. ს-ას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად დაენიშნოს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი, 6 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით ვ. ს-ას დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 5000 ლარი.

5. ვ. ს-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2014 წლის 22 ოქტომბრიდან.

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ,,AKM-ის“ მოდელის, 7,62 მმ კალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი 19 საბრძოლო ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, უნდა გადაეცეს საქართველოს შსს-ს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№333აპ-15 2 ივლისი, 2015 წელი

ს-ა ვ.- 333აპ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 30 ივნისს მსჯავრდებულ ვ. ს-ას მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ივნისს მსჯავრდებულ ვ. ს-ას მიმართ გამოიტანა განაჩენი, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და გამორჩენილია მითითება პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლის უფლებამოსილ სამინისტროსთან დაკავშირებით.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განაჩენში.

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისს მსჯავრდებულ ვ. ს-ას მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მსჯავრდებულ ვ. ს-ას დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“ .

შესაბამისად, მე-6, მე-7 პუნქტების ნუმერაცია შეიცვალოს მე-7, მე-8 პუნქტებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი