დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№23აგ-15 22 ივნისი, 2015 წელი
ხ-ი ს, 23აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით ს. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე სსკ–ის 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს. ხ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ხ-ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2013 წლის 11 ივლისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენი ს. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
2015 წლის 29 იანვარს მსჯავრდებულმა ს. ხ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის ხელახლა განხილვა; მსჯავრდებულის განმარტებით, გამოძიება ჩატარდა კანონის დარღვევით, გამომძიებელს არ დაუკითხავს ძირითადი მოწმეები, ასევე არ იქნა ამოღებული ფირები, რომლებიც ადასტურებს, რომ წინასწარი განზრახვით მკვლელობის მცდელობა არ მომხდარა; ჩატარებული ამოცნობის დროს იგი ვერ ამოიცნეს; დაზარალებული არ იძლევა მის საწინააღმდეგო ჩვენებას; მსჯავრდებული ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას, ითხოვს მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე დაბრუნებას და საქმის არსებით განხილვას ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა ს. ხ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე დაბრუნება და საქმის არსებითი განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, რათა მის ქმედებას მიეცეს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, დაიკითხოს დაზარალებული და ყველა ის მოწმე, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაადასტურებენ მის უდანაშაულობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ მიუთითებს და არც საქმის მასალებში მოიპოვება სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილი რომელიმე გარემოება, რაც ცნობილი არ იყო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას და რომელიც შესაძლოა, გამხდარიყო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ფაქტობრივად, მსჯავრდებული ითხოვს საქმის გამოძიების ეტაპზე დაბრუნებას და ხელახლა, არსებითად განხილვას, რისი უფლებამოსილებაც ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ს. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე