განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 15.07.2015
საქმის ნომერი
2კ-60აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2015

გადაწყვეტილების ტექსტი

#60აპ.-15 ქ. თბილისი

კ-ა თ.-60ap.-15 15 ივლისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – ლელა სანიკიძის

პროკურორ – დ. ნ-ის

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ი. გ-ის

დაზარალებულის უფლებამონაცვლის წარმომადგენლის - გ. ს-ას

ადვოკატ - ი. ჭ-ას

მონაწილეობით, მსჯავრდებულ თ. კ-ას მონაწილეობის გარეშე, ზეპირი მოსმენით განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ი. გ-ისა და მისი წარმომადგენლის - გ. ს-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის განაჩენით თ. კ-ა, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის; სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ხულიგნობისათვის, ე.ი. ქმედებისათვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით; სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის - განზრახ მკვლელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. თ. კ-ას ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

§ 2010 წლის 14 მარტს ქ. თბილისში, გ-ის ქუჩაზე, ზ. ტ-ი შეხვდა თავის ნაცნობს, ამავე ქუჩის #...-ში მდებარე სახლში მცხოვრებ ს. გ-ს, რა დროსაც მათ შორის მოხდა შელაპარაკება. ს. გ-მა ზ. ტ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა იმ დროს ინციდენტი განიმუხტა. აღნიშნულზე განაწყენებული ზ. ტ-ი 2010 წლის 15 მარტს დაუკავშირდა ს. გ-ს და სთხოვა შეხვედროდა წინა დღეს მომხდარი კონფლიქტის გასარკვევად, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. აღნიშნულის შემდეგ, 2010 წლის 15 მარტს, საღამოს, დაახლოებით 20 საათსა და 15 წუთზე, გ-ის ქუჩაზე, #... სახლთან, ზ. ტ-ი და მისი მეგობრები ლ. და დ. ჩ-ები მივიდნენ ბ. ლ-ას კუთვნილი ,,ფიატ-ტიპოს“ მარკის ავტომანქანით. ზ. ტ-ს თან ჰქონდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები, ხოლო ლ. ჩ-ა შეიარაღებული იყო მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო პისტოლეტით და საბრძოლო ვაზნებით. დათქმულ ადგილას მისვლისას ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ზ. ტ-ი და ძმები ჩ-ები, რომლებსაც კაფე-ბარ ,, ...-თან“ შეხვდნენ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ს. გ-ი და თ. კ-ა. ზ. ტ-სა და ს. გ-ს შორის საუბარი წარიმართა გ-ის ქუჩის #... სახლის ეზოში შესასვლელ ,,არკაში“, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ს. გ-მა საქამრიდან ამოიღო ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ნომრით ..., მას მაჯაში სწვდა დ. ჩ-ა და შეეცადა, არ მიეცა სროლის საშუალება. მიუხედავად ამისა, ს. გ-მა მოახერხა პისტოლეტიდან ორჯერ გასროლა. იმავდროულად თ. კ-ამ ხელი გამოჰკრა პისტოლეტის სასხლეტს, თუმცა ვერ მოახერხა გასროლა იარაღის გაუმართაობის გამო. ამის შემდეგ იგი შევიდა კაფე ,, ...-ში“, იარაღი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ,,არკაში“ შესულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზნით, დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნიდა საფრთხეს იქ მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მიუახლოვდა და მათი მიმართულებით განახორციელა მრავალჯერადი გასროლა, რის შედეგად სასიკვდილო დაზიანება მიიღო ს. გ-მა. ასევე მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავალჯერადი გასროლების შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს შემთხვევის ადგილზე მყოფებმა - ზ. ტ-მა, ლ. ჩ-ამ და დ. ჩ-ამ. თ. კ-ას მიერ პისტოლეტიდან ნაწარმოები გასროლებით ს. გ-მა მიიღო თავის ქალას გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ქალა, სარქვლის ძვლების ხვრელოვანი და ფრაგმენტოვანი მოტეხილობით და ფუძის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობით, თავის ტვინის სტრუქტურის ტლანქი დარღვევითა და თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევით, ასევე - ცეცხლსასროლი ჭრილობა, წყვეტილი არხით, ბარძაყის მიდამოში, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობით. თავის არეში მიღებულმა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ცეცხლნასროლმა დაზიანებამ, გამოიწვია ს. გ-ის სიკვდილი. ლ. ჩ-ამ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლნასროლი დაზიანება გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, ხოლო ზ. ტ-მა და დ. ჩ-ამ მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

§ თ. კ-ასა და სხვათა ხულიგნურმა მოქმედებამ, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე წუთს და რასაც თან ახლდა ძალადობა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მჭიდროდ დასახლებულ გ-ის ქუჩაზე, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და მოსახლეობის სიმშვიდე, გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ თ. კ-ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დღემდე მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

2. აღნიშნული ქმედებისათვის თ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

§ საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

§ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 17 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. კ-ას სასჯელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. კ-ას სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

§ გადაწყდა საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ 2010 წლის 12 აპრილს შპს კლინიკა ,,ს-დან“ და 2010 წლის 14 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან მიღებული ზ. ტ-ის ავადმყოფობის ისტორიის ქსეროასლები; კლინიკა ,,კ-დან“ ამოღებული დ. ჩ-ას ავადმყოფობის ისტორია; შპს ,,თ-რი“ კლინიკიდან ამოღებული ლ. ჩ-ას ავადმყოფობის ისტორია; ხელის კვლები - უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

§ მოყვითალო ფერის ლითონის ტყვიისმაგვარი საგნები; მოყვითალო ფერის დეფორმირებული მასრა; მოყავისფრო ლითონის მასრა; მოყვითალო ფერის მასრისმაგვარი საგნები; 1 ცალი მეტალის მოყვითალო ფერის, სავარაუდოდ, საბრძოლო ვაზნის შემადგენელი ნაწილი - გულა; მოყავისფრო კორპუსის მქონე მასრა, ლითონის დეფორმირებული საგანი (სავარაუდოდ, ტყვიის გულა); დეფორმირებული ოქროსფერი მეტალის საბრძოლო ვაზნის შემადგენელი ნაწილი, კერძოდ, ტყვიის გულა; მეტალის მჭიდისმაგვარი საგანი; მოყვითალო ფერის ტყვიისმაგვარი საგანი; დენთის ნიმუშები, ფრჩხილების ნიმუშები, ანაბეჭდების ნიმუში; მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ს. გ-ის თმის ნიმუში; გ. ლ-ისაგან აღებული ფრჩხილის ნიმუში; ლ. ჩ-ას სხეულში ნანახი ოვალური ფორმის ყვითელი ფერის ლითონის ფრაგმენტი; 4 ცალი ინსულინის შპრიცი; ერთი ცალი მოყვითალო ფერის ლითონის ფრაგმენტი; ს. გ-ის ფრჩხილების ნიმუში; ორი ცალი გადატეხილი ამპულა ერთზე წარწერით ,,პიპოლფენ“, ხოლო მეორეზე ,,ვადა დლია ინექციი“; მინის 4 ბოთლი წარწერით ,,ZIPFERI”, ბოთლები და ჭიქები; გ. ლ-ისაგან აღებული თმის ნიმუში; გ. ლ-ისაგან აღებული ანაბეჭდების ნიმუში; ე. ც-ისაგან აღებული თმის ნიმუში; 2010 წლის 16 მარტს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პროზექტურიდან გარდაცვლილ ს. გ-ის გვამიდან საექსპერტო კვლევისათვის ხელის თითებიდან აღებული ანაწმენდები; 2010 წლის 16 მარტს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პროზექტურიდან გარდაცვლილ ს. გ-ის გვამიდან საექსპერტო კვლევისათვის აღებული ცხვირის ნესტოების ანაწმენდები; 2010 წლის 16 მარტს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, პროზექტურაში გარდაცვლილ ს. გ-ის გვამიდან საექსპერტო კვლევისათვის ყურის ნიჟარებიდან აღებული ანაწმენდები - უნდა განადგურდეს;

§ სიგარეტ ,,კენტის“ კოლოფი; შავი ფერის სანთებელა; ქოლგა; შავი ნაჭრის მოკლე ქურთუკი შიგნით თეთრი და შავი ზოლებით გაწყობილი წარწერით ,,SEVENHILL”; შავი ფერის ტყავის ქამარი; დ. ჩ-ას ერთი ცალი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი; დ. ჩ-ას ერთი ცალი ყავისფერი ტყავის ქამარი; ლ. ჩ-ას ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელები; ლ. ჩ-ას შავი ფერის მაისური; დ. ჩ-ას ერთი წყვილი წინდა; დ. ჩ-ას ერთი წყვილი შავი ფერის ე.წ. ,,შუზები“; ლ. ჩ-ას შავი ფერის ნაჭრის შარვალი; ერთი ცალი შავი ფერის კეტი ,,ნაიკის“ ემბლემით; ბ. ლ-ას ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი; თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური; შავი ფერის გრძელმკლავიანი მაისური; ორი ცალი შავი ფერის წინდა - უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

§ ს. გ-ის შარვალი; ერთი წყვილი სპორტული ბოტასი; ერთი წყვილი წინდა; ტრუსი; ერთი ცალი სვიტრი უნდა დაუბრუნდეს ს. გ-ის ოჯახის წევრებს.

§ ზ. ტ-ის ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი; შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომელშიც მოთავსებული იყო ზ. ტ-ის სახელზე გაცემული საქართველოს პასპორტი; ზ. ტ-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; რუხი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ზ. ტ-ის სახელზე გაცემული საქართველოს ბანკის სამი ცალი პლასტიკური ბარათი; შპს ,,ჯ-ის“ სიმბარათი; ზ. ტ-ის სახელზე გაცემული ,,სახალხო ბანკის“ ორი ცალი პლასტიკური ბარათი და ზ. ტ-ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა - უნდა დაუბრუნდეს ზ. ტ-ის ოჯახის წევრებს.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. გ-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა შ. შ-ემ. იგი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ თ. კ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის განაჩენში თ. კ-ას მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:

§ თ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

§ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. კ-ას სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

§ გასაჩივრებული განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულის უფლებამონაცვლემ - ი. გ-მა და მისმა წარმომადგენელმა - გ. ს-ამ. მათ ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. კ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული ყველა არაშემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო დაცვის მხარის პოზიცია თ. კ-ას უდანაშაულობის შესახებ და უსაფუძვლოდ გაიზიარა კონფლიქტში მონაწილე მხარის წარმომადგენლების - დ. ჩ-ას, ლ. ჩ-ას, ზ. ტ-ისა და ბ. ლ-ას ჩვენებები; არ არის დადგენილი დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება; გამოძიების დროს არ დაუკითხავთ ან არასრულად დაკითხეს ის მოწმეები, რომელთა ჩვენებებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ჭეშმარიტების დადგენისათვის; არ ჩატარებულა ან არასრულად ჩატარდა ექსპერტიზები და სხვა საპროცესო მოქმედებები; თ. კ-ას დამნაშავედ ცნობის თაობაზე სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა საქმეზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც არსებითად ცვლიდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; სასამართლო სხდომები წარიმართა დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მისი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, რითაც უხეშად შეიზღუდა მათი უფლებები დაეყენებინათ შუამდგომლობები მტკიცებულებების გამოთხოვის, მოწმეთა დაკითხვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე; მათ დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი სააპელაციო სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე; ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ეცნობა დაგვიანებით, რითაც არსებითად დაირღვა საპროცესო კოდექსის მოთხოვნები; სასამართლომ არასწორად, უკრიტიკოდ გაიზიარა ზ. ტ-ისა და ლ. ჩ-ას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომლებიც იყვნენ კონფლიქტის მონაწილე პირები და იყვნენ დაინტერესებულნი, მათ არ დაბრალებოდათ მომხდარი მკვლელობა, რაც მათი ჩვენებების სარწმუნოობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს; გამოძიება წარიმართა არასრულად და ცალმხრივად; ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა მოწმედ დასაკითხ პირთა სიიდან ო. ც-ის მოხსნის თაობაზე, რომლის ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგებოდა ბრალდების მხარის მიერ დადგენილ გაყალბებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მისი დაკითხვა არ შედიოდა პროკურორის ინტერესებში; სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოწმე მ. გ-ას ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით; არ დაკითხულა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ავტორი, რათა პასუხი გასცემოდა კითხვას, რა იგულისხმებოდა დასკვნაში მითითებული ცეცხლსასროლი ჭრილობის მიყენების არაახლო მანძილში; არ ჩატარებულ ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ რა მანძილიდან ჰქონდა მიყენებული ს. გ-ს ცეცხლნასროლი დაზიანება მარცხენა ბარძაყის მიდამოში; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ლ. ჩ-ას მიმართ სროლის მანძილის განსაზღვრა, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შეუძლებელია, ხოლო ზ. ტ-ის მიმართ გაცემულ დასკვნაში საერთოდ არ არის გაცემული პასუხი კითხვაზე, თუ რა მანძილიდან აქვს მას მიყენებული დაზიანება. მიუხედავად ამისა, არავის მოუთხოვია განმარტება ამ საკითხებზე ექსპერტებისაგან და არც დამატებითი ექსპერტიზა დანიშნულა; ს. გ-ი და თ. კ-ა იყვნენ მეგობრები, ერთად ისხდნენ ბარში, რომელთა შორისაც არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. კონფლიქტი მოხდა, ერთი მხრივ - ზ. ტ-ს, ლ. და დ. ჩ-ებს, ხოლო, მეორე მხრივ - ს. გ-ს შორის. ამ პირობებში, რატომ უნდა გასჩენოდა თ. კ-ას მეგობრის - ს. გ-ის მოკვლის განზრახვა, გაურკვეველია, მითუმეტეს, ბრალდების მხარე ვერ მიუთითებს დანაშაულის მოტივსა და მიზანზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. კ-ას ბრალდების საქმეში წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც, მისი სანდოობისა და შესახებობის თვალსაზრისით, საკმარისია დასკვნისათვის, რომ თ. კ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“, 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ:

3. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ი. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 15 მარტს იმყოფებოდა სახლში. ვინაიდან ჩაქრა შუქი, დაურეკა შვილს ს. გ-ს, რომელიც იყო კაფეში სახლიდან დაახლოებით 100-150 მეტრში და უთხრა, რომ სახლში დაბრუნებულიყო. როგორც კი ტელეფონი გათიშა, გაიგონა გასროლის ხმა. მან ინსტინქტურად ჩაირბინა კიბეებზე, რა დროსაც კიდევ გაიგო სროლის ხმა. იგი წავიდა იმ მიმართულებით, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. იყო სრული სიბნელე, მხოლოდ ჭ-ის ქუჩაზე ენთო ,,ლამპიონები“. ჭ-ისა და გ-ის ქუჩების კვეთაზე შეხვდა თ. კ-ა. ი. გ-ის განმარტებით, იცოდა, რომ მისი შვილი და თ. კ-ა ერთად იყვნენ. თ. კ-ამ მას უთხრა - ,,მგონი, ს-ს ესროლა ვიღაცამო“. ისინი ერთად წავიდნენ იმ ,,არკის“ მიმართულებით, სადაც უკვე ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ ამასობაში მას წამოეწია მისი მეუღლე. შემთხვევის ადგილზე მისულმა იცნო თავისი შვილი, რომელიც ჩასვეს მეზობლის ავტომანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს. ამ დროს კ-აც საავადმყოფოში იყო. ი. გ-ის განმარტებით, ექიმი, რომელიც ს-ოს ოპერაციას უკეთებდა და ტყვია რომელმაც ამოიღო, მივიდა მასთან და უთხრა, რომ ან ლილიპუტის ნასროლია ან მაღალზე იდგა თვითონ ს. გ-ო, ასევე იმდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლიო, რომ ტყვია არ გავიდა და ქსოვილებში დარჩაო. მისი განმარტებით, ჩ-ების ბიძამ ერთი წლის შემდეგ ვითომ მათი იარაღები ჩააბარა, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, მკვლელობა კი კ-ას დაბრალდა.

4. დაზარალებულ ზ. ტ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 14 მარტს, საღამოს, გ-ისა და ჭ-ის ქუჩების კუთხეში, ის შემთხვევით შეხვდა ს. გ-ს, რომელთანაც მეგობრობდა. შეხვედრისას მან თავზე ხელი გადაუსვა ს. გ-ს, რაც ამ უკანასკნელმა იუკადრისა და ხელი ჰკრა. იქვე მყოფმა პირებმა ს. გ-ი გააკავეს. მან ჩათვალა, რომ ს. გ-ი ნასვამი იყო და წავიდა სახლში. მეორე დღეს, დაახლოებით 12 საათზე, დაურეკა ს. გ-ს, მოიკითხა და უთხრა, რომ მის სახლთან იდგა და ჩასულიყო. მან უპასუხა, რომ თავს მოიწესრიგებდა და მოგვიანებით თვითონ დაურეკავდა. საღამოს, როდესაც იგი იმყოფებოდა თავის მეობრებთან - ძმებ ლ. და დ. ჩ-ებთან, ასევე ბ. ლ-ასთან ერთად ამ უკანასკნელის ავტომანქანაში, დაურეკა ს. გ-მა, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა გ-ის ქუჩაზე კაფესთან და მისულიყო. ამის შემდეგ ბ. ლ-ას ავტომანქანით მივიდნენ გ-ის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,, ...-თან“, კაფეს შესასვლელთან გააჩერეს მანქანა. ბ. ლ-ა ავტომანქანაში დარჩა, თვითონ, ლ. და დ. ჩ-ები კი მანქანიდან გადავიდნენ და შეხვდნენ ს. გ-ს, რომელსაც თან ახლდა თ. კ-ა. ის და გ-ი შევიდნენ იქვე კაფეს გვერდით მდებარე არკაში, სადაც შეყვნენ დ. და ლ. ჩ-ები. მასა და ს. გ-ს შორის საუბარი წარიმართა წინა დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კერძოდ, მან ს. გ-ს უთხრა, რომ თავზე ხელი მეგობრულად გადაუსვა, რაზეც მან უპასუხა, რომ არ ესიამოვნა. ამის შემდეგ კვლავ გაუმეორა ზემოთ ნათქვამი, რაზეც ს. გ-მა პასუხად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და მიუშვირა მას. დ. ჩ-ა, რომელიც გვერდით ედგა ს. გ-ს, ხელში სწვდა ამ უკანასკნელს და იარაღი დააწევინა ქვევით, შემდეგ თვითონ და ლ. ჩ-აც დაეჭიდნენ ხელზე და შეეცადნენ, არ მიეცათ მისთვის სროლის საშუალება, მაგრამ ს. გ-მა მაინც მოახერხა რამდენიმე გასროლა, რასაც ,,არკის“ შესასვლელის მხრიდან, პიროვნებისგან, რომლის გარჩევა სიბნელის გამო ვერ მოახერხა, მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსზე მეტი გასროლა. აღნიშნული გასროლის შედეგად დაიჭრნენ თვითონ, ძმები ჩ-ები და ს. გ-ი. თავდაცვის მიზნით მან და ლ. ჩ-ამ განახორციელეს საპასუხო სროლები ,,არკის“ მიმართულებით, რის შემდეგაც ბ. ლ-ას ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. მივიდნენ ყ-ის ქუჩაზე, ნ. ჩ-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც გადამალეს ცეცხლსასროლი იარაღები და წავიდნენ №... კლინიკურ საავადმყოფოში. ზ. ტ-მა ასევე განმარტა, რომ აღნიშნული - სასამართლოში მიცემული ჩვენება არის სწორი, ხოლო გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება - მცდარი. გამოძიების დროს მცდარი ჩვენება იმიტომ მისცა, რომ იარაღი არ იყო ამოღებული.

5. დაზარალებულ ლ. ჩ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 15 მარტს, საღამოს, ზ. ტ-თან, დ. ჩ-ასა და ბ. ლ-ასთან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომანქანით მივიდნენ გ-ის #...-თან, კაფე-ბარ ,, ...-თან“. შეხვდნენ ს. გ-ს და თ. კ-ას. ჯერ ს. გ-ი ნახეს, შემდეგ წამიერად - თ. კ-აც. ზ. ტ-ი და ს. გ-ი შევიდნენ კაფე-ბარის გვერდით მდებარე ,,არკაში“, სადაც შეყვნენ თვითონ და დ. ჩ-ა. საუბარი გაიმართა ზ. ტ-სა და ს. გ-ს შორის წინა დღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ დროს ს. გ-მა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი. მან იარაღის დანახვაზე გ-ს მიაძახა, რომ არ ესროლა. დ. ჩ-ა ს. გ-ს მაჯაში სწვდა და იარაღიანი ხელი ქვევით დააწევინა. თვითონ და ზ. ტ-იც დაეჭიდნენ იარაღიან ხელზე ს. გ-ს. სამივე დახრილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც აღნიშნული იარაღიდან მოხდა ორი გასროლა ,,არკის“ მიმართულებით. ლ. ჩ-ას განმარტებით, ის სთხოვდა ს. გ-ს, რომ იარაღისთვის ხელი გაეშვა და შემდეგ ისევ დაუბრუნებდა. ამასობაში ,,არკის“ შემოსასვლელიდან ვიღაცამ დაიწყო სროლა, დაახლოებით ექვსზე მეტი გასროლა იყო, დაახლოებით მეხუთე გასროლის დროს დაიჭრა. მსროლელი მათ დაახლოებით ორ მეტრში მიუახლოვდა. იმ მიზნით, რომ თავი დაეცვა და თავდამსხმელი შეეშინებინა, თანნაქონი პისტოლეტიდან ქუჩის მიმართულებით 4-5-ჯერ გაისროლა. სროლების შემდეგ დაინახა, რომ ს. გ-ი ძირს იწვა იარაღით ხელში. მოკიდა ხელი გ-ის იარაღს და წაიღო, რათა დაზღვეული ყოფილიყო, რომ ს. გ-ს ისევ არ გაესროლა. ზ. ტ-თან და დ. ჩ-ასთან ერთად, რომლებიც ასევე დაჭრილები იყვნენ, ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ ყ-ის ქუჩაზე, სადაც გადამალეს იარაღები. შემდეგ გზიდან შეატყობინეს ოჯახის წევრებს, რომ დაჭრილები იყვნენ და წავიდნენ საავადმყოფოში. მისივე განმარტებით, მანქანა, რომლითაც ისინი მივიდნენ, ,,არკიდან“ დაშორებული იყო დაახლოებით ორი მეტრით. მან სიმართლე ამ ჩვენებაში თქვა.

6. ზ. ტ-მა და ლ. ჩ-ამ ჩვენებებში ასევე მიუთითეს, რომ, მართალია, ვერ დაინახეს სიბნელის გამო ვინ ესროლა მათ, მაგრამ გამოძიებისა და საქმის მასალებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს პიროვნება უნდა ყოფილიყო თ. კ-ა.

7. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაზარალებულ დ. ჩ-ას მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ თ. კ-ას იცნობს, მისი სკოლელია, ხოლო ზ. ტ-ი მისი მეგობარია. მან განმარტა, რომ წინა დღეს მომხდარი კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდა. მისმა ძმამ - ლ. ჩ-ამ და მეგობარმა - ზ. ტ-მა მიაკითხეს სახლში ბ. ლ-ას ავტომაქანით. მიდიოდნენ მეგობრების სანახავად, თურქეთში რაგბის მატჩზე დასასწრებად წასვლის საკითხის გასარკვევად. გზაში ზ-ას დაურეკეს მობილურზე. საუბრის დასრულებისთანავე ზ-ამ უთხრა ბ. ლ-ას შესულიყო იქვე, გ-ის ქუჩაზე მდებარე კაფესთან, ,,გ-რა“ უნდა ენახა. კაფესთან რომ მივიდნენ, ზ. და ლ. გადავიდნენ ავტომანქანიდან, შემდეგ თვითონაც გადავიდა მის სანახავად. ბ. ლ-ა ავტომანქანიდან არ გადასულა. მისალმების შემდეგ შევიდნენ გვერდით მდებარე ,,არკაში“. მოკითხვის შემდეგ ს-ოს და ზ-ას შორის დაიწყო საუბარი წინა დღეს მომხდარი შელაპარაკების შესახებ. მან საუბრიდან გაიგო, რომ ს-ოს ზ-საგან აგდებული მისალმება და თავზე ხელის გადასმა არ ესიამოვნა, ზ-ას კი - მისი მისალმება. ამ დროს მისმა ძმამ თქვა დაემთავრებინათ საუბარი - ,,შინაურები ვართ და რა გვაქვს სალაპარაკოო“, რასაც ყველა დაეთანხმა. მან ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა, ზ-ამ და ს-ომ გააგრძელეს საუბარი. იგი ს-ოს აგრესიულ საუბარზე შემოტრიალდა. ს-ო ამბობდა, შენი ბავშვი ხომ არა ვარ შუბლზე ხელს რომ მისვამო, შემდეგ ს. გ-მა ამოიღო იარაღი და შუბლთან ახლოს მიუტანა. მან ხელი მოკიდა იარაღზე და ცდილობდა მათ საწინააღმდეგო მხარეს ყოფილიყო მიმართული. ს-ო იძახდა ვიხუმრეო, მას მიეხმარნენ ზ. და ლ-ი. ის და ს-ო დაეცნენ და ჯაჯგურში ორი გასროლა მოხდა ს-ოს იარაღიდან ,,არკის“ შემოსასვლელის მიმართულებით. ამ დროს ის და ს-ო დაწოლილ მდგომარეობაში იყვნენ. ამ ორი გასროლიდან რამდენიმე წამში არკის შემოსასვლელიდან მისთვის უცნობმა პიროვნებამ განახორციელა მრავალჯერადი გასროლები მათი მიმართულებით და გაიქცა. მისივე ჩვენებით, იგი სროლის დაწყებისთანავე დაიჭრა და მიიწია ,,არკის“ მარჯვენა მხარეს. ამასობაში ლ-ი და ზ-ა სროლა-სროლით გაიქცნენ ,,არკის“ გასასვლელისკენ და გავიდნენ ქუჩაში. ქუჩაში გავიდა თვითონაც. ჩასხდნენ ბ. ლ-ას ავტომანქანაში, რომელიც უკვე დაძრული შუა ქუჩაზე იყო და წავიდნენ. ავტომანქანაში მან დაკარგა გონება და საავადმყოფოში რომ მივიდა, გაუკეთეს ოპერაცია. ამის შემდეგ გაიგო ს. გ-ის გარდაცვალების შესახებ. მისივე ჩვენებით, ის პიროვნება, რომელიც ესროდათ, დაინახა. მას არ იცნობს, თუმცა ამოცნობა შეუძლია. მანვე აჩვენა, რომ თ. კ-ას იცნობს და იგი იქ არ ყოფილა. იმ დღეს საერთოდ არ უნახავს. მან ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის დროს წვიმდა, ლამპიონები გამორთული იყო და არკაში ბნელოდა. მისივე განმარტებით, სროლის დროს ის და ს-ო ძირს, ერთმანეთის გვერდით იწვნენ, ს-ოს ხელები ჰქონდა გაშლილი ,,არკის“ შემოსასვლელის მიმართულებით, მას კი მის იარაღსა და ს-ოს ხელზე ეკიდა ხელი, ს-ოს ორივე ხელი იარაღზე ჰქონდა, ხოლო იარაღი ასფალტზე იყო. იგი კონცენტრირებული იყო იარაღზე და ვინ საით იდგა, არ ახსოვს, რას აკეთებდნენ ლ-ი და ზ-ა არ დაუნახავს, ალბათ, მას ეხმარებოდნენ. დ. ჩ-ას ჩვენებით, სროლის დაწყებამდე ზ-ას და ლ-ს იარაღები არ ამოუღიათ. იარაღების ამოღების ფაქტი არ დაუნახავს, მაგრამ როდესაც მათ ისროლეს, ის მსროლელი, უკვე გაქცეული იყო. თავიდან ლ-ას ავტომანქანა ,,არკის“ შესასვლელთან გააჩერეს. მანვე ასევე განმარტა, რომ მასზე სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მხრიდან მიმდინარეობდა ზეწოლა, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, აწამებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ხელი დაედო თ. კ-ასთვის, ხოლო თუ ამას არ გააკეთებდა, დაიღუპებოდა და მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებდა, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებით პოლიციისთვის ან პროკურატურისთვის არ მიუმართავს, რადგან არ სურდა გაეხმაურებინა.

8. მოწმე ბ. ლ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 15 ოქტომბერს, საღამოს, თავისი ავტომანქანით ზ. ტ-ი, ძმები - ლ. და დ. ჩ-ები მიიყვანა გ-ის ქუჩის №... სახლთან, სადაც ავტომაქანიდან ს. გ-თან შესახვედრად გადავიდნენ ზ. ტ-ი და ძმები ჩ-ები. თვითონ ავტომანქანიდან არ გადასულა და აღნიშნული სახლის ,,არკიდან“ დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით ავტომაქანაში იჯდა. რამდენიმე წუთში გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლის ხმა, რასაც მალევე მოჰყვა რამდენიმე გასროლა. აღნიშნულით შეშინებულმა ავტომანქანა დაძრა, რა დროსაც მივარდნენ ზ. ტ-ი და ძმები ჩ-ები, უთხრეს, რომ დაჭრილები იყვნენ. ჩასხდნენ ავტომანქანაში და ზ. ტ-ის თხოვნით მივიდნენ ყ-ის ქუჩაზე, სადაც ტ-მა და ჩ-ამ დატოვეს ცეცხლსასროლი იარაღები. ბ. ლ-ამ ასევე განმარტა, რომ იარაღები ჰქონდათ მხოლოდ ზ. ტ-ს და ლ. ჩ-ას. მისთვის ლ. ჩ-სგან ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის ადგილიდან მან ასევე წამოიღო ს. გ-ის იარაღი. ბ. ლ-ამ დაადასტურა ასევე ის გარემოება, რომ 2010 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან ახდენდნენ მისი, ტ-ის და ლ. ჩ-ას ბადრაგირებას, გაიგონა, რომ ლ. ჩ-ამ უთხრა ზ. ტ-ს, რომ ,,არკაში“ მათი მიმართულებით კ-ამ გაისროლა, რასაც დაეთანხმა ზ. ტ-იც. ბ. ლ-ამ დამატებით განმარტა, რომ ,,არკის“ წინ იდგა რაღაც ჯიპი, ხოლო ჯიპის გვერდით, ცოტა წინ, მისი მანქანა. პირველი - ორი გასროლის შემდეგ აანთო შუქები, ვიღაც მოვიდა ამ დროს, მანქანაში ჩაიხედა და წავიდა. ეს პირი, მისი ვარაუდით, მოწმის სახითაც დაიკითხა. ქუჩაში ჩავლილი არავინ დაუნახავს.

9. მოწმეების - გ. ლ-ისა და ე. ც-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ს. გ-ი იყო მათი მეგობარი. 2015 წლის 15 მარტს, საღამოს, ს. გ-სა და თ. კ-ასთან ერთად იმყოფებოდნენ გ-ის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,, ...-ში“. კაფეში ყოფნის დროს ს. გ-ს ტელეფონზე დაურეკეს, რის შემდეგაც იგი წამოდგა, თქვა, ნაცნობები მოვიდნენ და უნდა გავიდეო და გავიდა. ს. გ-ის გასვლიდან დაახლოებით 10 წამში თ. კ-აც წამოდგა, თქვა, ჩემი ნაცნობებიც არიანო და ისიც გავიდა. ს-ოს და თ-ეს გასვლისთანავე, ბარის გარეთ, ქუჩაში ატყდა ყვირილი და გინება. ყვირილის შემდეგ გაიგონეს სროლის ხმები. უცებ ბარში შემოვარდა თ-ე, რომელსაც ხელში პისტოლეტი ეჭირა. ის შოკურ მდგომარეობაში იყო და ყვიროდა ,,გამიჭედაო“ , მან ,, გააჩხაკუნა“ პისტოლეტი და მალევე გავარდა გარეთ, რასაც მოჰყვა 6-7 გასროლა. მალე შეწყდა სროლები. ბარში მყოფი ხალხი შეშინებული და დაბნეული იყო. მათი ჩვენებებით, ისინი სროლების დამთავრებისთანავე წავიდნენ .

10. მოწმე შ. ნ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 15 მარტს, საღამოს, ის, ზ. გ-ე და ე. გ-ი წავიდნენ გ-ის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,, ...-ში“. ბარში მისვლამდე გაიარეს ,,არკა“, რომლის შესასვლელთან დაინახა 3-4 ბიჭი. ბარში მათი შესვლიდან ნახევარ წუთში, შესასვლელიდან პირდაპირ მდგარი მაგიდიდან ერთი ბიჭი გარეთ გავიდა, მაგრამ უცებ შემობრუნდა უკან, რა დროსაც ხელში ეკავა პისტოლეტი. მოწმის განმარტებით, იგი ცნობს ,,მაკაროვის“ სისტემის იარაღს და პისტოლეტი, რომელიც ბიჭს ეკავა, იყო ,,მაკაროვის“ სისტემის. მან ის აშკარად დაინახა, როდესაც შემოსულმა ბიჭმა სანთლის შუქზე მიიტანა, გადატენა და თქვა - ,,ზადნი მომცაო“, ანუ არ გავარდაო. მასთან ერთად მყოფმა ორმა ბიჭმა უთხრა - ,,რას შვრები ბიჭოო“. ამის შემდეგ იმ ბიჭმა იარაღი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და გავიდა გარეთ, რასაც მომენტალურად მოჰყვა ინტენსიური სროლები. სროლები წარმოებდა რამდენიმე პისტოლეტიდან.

11. მოწმეების - ზ. გ-ის და ე. გ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2010 წლის 15 მარტს, საღამოს, ისინი შ. ნ-თან ერთად, შევიდნენ გ-ის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,, ...-ში“. ბარში მისვლამდე გაიარეს ,,არკა“, სადაც რამდენიმე ბიჭი იდგა. ცოტა ხანში შემოესმათ ყვირილისა და გინების ხმა. მათივე განმარტებით, აღნიშნულ ხმაურზე გარეთ გავიდა ამავე ბარში სხვა პირებთან ერთად მყოფი ბიჭი. ის უცებ შემობრუნდა უკან, რა დროსაც ხელში ეკავა პისტოლეტი. ბიჭი დაძაბული იყო და ამბობდა, რომ იარაღმა უმტყუნა. ამის შემდეგ მან იარაღი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და გავიდა გარეთ, რასაც მოჰყვა ინტენსიური სროლები. სროლები წარმოებდა რამდენიმე პისტოლეტიდან. მათ შეეშინდათ და გაიქცნენ სამზარეულოსაკენ. მოწმე ზ. გ-ემ ასევე განმარტა, რომ ის ბიჭი როგორც კი გავიდა, გაისმა სროლის ხმა, ალბათ, ქუჩაში გაისროლა, რადგან ასე უცბად ,,არკაში“ შესვლას ვერ მოასწრებდა. ინციდენტი დაახლოებით 10-12 წუთი გაგრძელდა. ე. გ-ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ როდესაც კაფე-ბარისკენ მიდიოდნენ ,,არკასთან“ ტროტუარიდან გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე, რადგან ტროტუარზე ცუდად იყო გაჩერებული ავტომანქანა.

12. მოწმე მ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა გ-ის ქუჩის #...-ში მდებარე კაფე-ბარ ,, ...-ში“ დირექტორად. 2010 წლის 15 მარტს, საღამოს, კაფე-ბარში ერთ-ერთ მაგიდასთან, რომელიც იყო შესასვლელიდან 3 მეტრში, ისხდნენ ს. გ-ი და თ. კ-ა, რომლის სახელი მერე გაიგო. მათ შეუერთდათ ორი პიროვნება, რომლებიც მანამდე მას არ უნახავს. მოწმის განმარტებით, სამზარეულოდან როდესაც გამოდიოდა, გაიგონა სროლის ხმები და დაინახა იქ მყოფები სამზარეულოსკენ მირბოდნენ. ამ დროს მას იქ ს. და თ. კ-ა არ დაუნახავს, ხოლო მათთან ერთად მყოფი ორი ბიჭი იქ იყო და ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, მერე გავიდნენ გარეთ. მოწმის ჩვენებით, ქუჩიდან შემოსულმა სროლის ხმამ გამოიწვია კაფე-ბარის სტუმრების შეშინება და შეწუხება. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მან ფოტოსურათით ამოცნობის დროს ამოიცნო თ. კ-ა, რომელიც კაფე-ბარ ,, ...-ში“ თავიდან ახლდა ს. გ-ს.

13. მოწმე ე. წ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს ის იმყოფებოდა გ-ის ქ. #...-ში და უვლიდა მოხუცებულ ქალბატონს. ოთახის გასანიავებლად გამოაღო ფანჯარა, რა დროსაც წინა კორპუსის ,,არკის“ ქვემოდან გაიგონა ყვირილის ხმა ,,გაუშვი ხელი“, რაც რამდენჯერმე განმეორდა. აღნიშნულს მოჰყვა გინება და სროლები, რაც ხორციელდებოდა სხვადასხვა იარაღიდან. მოწმის განმარტებით, მანქანის შუქზე დაინახა, რომ ორი თუ სამი ბიჭი გამოვარდა. ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ, ორი ბიჭი კი ფეხით გარბოდა. ე. წ-ის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის გამო შეშინებული და შეწუხებული იყო, როგორც თვითონ, ისე მეზობლებიც.

14. მოწმე გ. ხ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მისი სამსახური განთავსებულია გ-ის ქუჩის #...-ში. 2010 წლის 15 მარტს, საღამოს, საკმაოდ ახლო მანძილიდან გაიგონა ჩხუბის, გინების და გარჩევის ხმა, რაც კარგა ხნის განმავლობაში გაგრძელდა. შემდეგ დაიწყო სროლები ცეცხლსასროლი იარაღებიდან, კერძოდ, პირველი გასროლიდან ცოტა ხნის შემდეგ გაიგონა დაახლოებით შვიდი გასროლის ხმა. მოწმის განმარტებით, მას ესმოდა რამდენიმე ადამიანის ხმა, რომელთაგან ზოგი იყო აგრესიული, ხოლო ზოგი - აწყნარებდა. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთს.

15. მოწმე მ. გ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 15 მარტს, საღამოს, ავტომანქანით მივიდა სახლში, გ-ის ქუჩის #... -ში. ინსტინქტურად შეუხვია სახლისკენ ,,არკაში“, მაგრამ დაინახა, რომ უცხო მანქანას ჰქონდა გზა დაკეტილი. გააჩერა ავტომანქანა, გადმოვიდა და დაინახა, რომ მანქანაში, რომელსაც გზა ჰქონდა გადაკეტილი, რაღაც ანათებდა - მობილური ან მაგნიტოფონის ბანერი. ჩანდა, რომ სკამზე არავინ იჯდა. ,,არკიდან“ შემოესმა ახალგაზრდების ჩხუბის ხმა. გაახსენდა, რომ სანთელი უნდა ეყიდა, დაძრა ავტომანქანა და წავიდა კონსერვატორიის მხარეს, მაღაზიისკენ. პირველი გასროლის ხმა გაიგო, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო მისული გ-ის #...-თან, რასაც, სანამ კონსერვატორიასთან მივიდოდა, მოჰყვა 4-5 გასროლის ხმა. როდესაც სახლთან დაბრუნდა, ნახა, რომ ხალხი იყო შეკრებილი და გაიგო, რომ მოკლული იყო ახალგაზრდა ბიჭი.

16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია:

§ ს. გ-ის გვამზე აღინიშნებოდა თავის ქალას გამჭოლი ცეცლნასროლი ჭრილობა, ქალა-სარქველების ძვლების ხვრელოვანი და ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, ფუძის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა, თავის ტვინის სტრუქტურის ტლანქი დარღვევითა და თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევით.

§ მეორე ჭრილობა, წყვეტილი არხით აღინიშნებოდა ბარძაყის მიდამოში, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობით. ნაჭდევები ნიკაპის, მარცხენა ყვრიმალის, მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის და მარჯვენა მტევნის ზურგის მიდამოებში. ჭრილობები განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედებით, ერთობლიობაში და ცალ-ცალკე მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას.

§ ნიკაპის, მარცხენა ყვრიმალის, მარჯვენა კოჭ-წვივის, სახსრისა და მარჯვენა მტევნის ზურგის მიდამოებში არსებული ნაჭდევები განვითარებული მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში და ცალ-ცალკე მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დანაშაულის ჩადენის თარიღს. სიკვდილი გამოიწვია თავის არეში არსებულმა ცეცხლნასროლმა დაზიანებამ, რომლის შედეგადაც განვითარდა თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა და თავის ტვინის სტრუქტურის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება.

§ თავის არეში არსებული ჭრილობის არხი მიემართება გარედან შიგნით, მარცხნიდან მარჯვნივ, ირიბად უკნიდან წინ, ოდნავ ირიბად ზემოდან ქვემოთ. ბარძაყების მიდამოში არსებული წყვეტილი ჭრილობების არხი მიემართება გარედან შიგნით, მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ირიბად ზემოდან ქვემოთ და უკნიდან წინ. სამედიცინო კრიმინალისტიკური მონაცემებით, თავის არეში არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შემთხვევაში სროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან.

17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, ზ. ტ-ი მიღებული ტრავმების გამო იტარებდა სტაციონარულ მკურნალობას შპს სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკა ,,კ-ში“ 16.03.10-დან 18.03.10-ის ჩათვლით. კლინიკის დიაგნოზით: ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვენა ქუსლის და მარცხენა მტევნის მე-5 ფალანგის არეში. 18.03.10 წლიდან იგი გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობდა 25.03.10 წლის ჩათვლით, დიაგნოზით: მარჯვენა ტერფის და მარცხენა მტევნის ცეცხლნასროლი ჭრილობები. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვების მოქმედებით და ერთიანობაში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის № ... დასკვნით, დ. ჩ-ა მიღებული ტრავმის გამო შპს ,,ტ-ში“ იტარებდა სტაციონარულ მკურნალობას 15.03.10წ-დან 18.03.2010წ-ის ჩათვლით. 18.03.10 წელს გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობდა 27.03.10წ-მდე კლინიკური დიაგნოზით: გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში, დაჭიმული ჰემატომა, საჯდომი ნერვის დაჟეჟილობა, ექსკორაციები მარცხენა მტევნის თითების და II-III-IV თითის დისტალურ ზედაპირზე. ექსკორაციები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში, დაჭიმული ჰემატომა, საჯდომი ნერვის დაჟეჟილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო #... ექსპერტიზის დასკვნით, ლ. ჩ-ა მიღებული ტრავმის გამო შპს ,,თ-ურ“ კლინიკაში იტარებდა სტაციონალურ მკურნალობას 15.03.10წ-დან 19.03.10წ-ის ჩათვლით, კლინიკური დიაგნოზით: ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, მე-7, მე-8 ნეკნების მოტეხილობა მარცხნივ, მარცხენა ფილტვის კონტუზია, ჰემოპტოე, კანქვეშა ჰემატომა, ტრავმული ჰემოთორაქსი, მარცხნივი შემხები ჭრილობა, მარცხენა მხრის სამთავა კუნთის არეში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედებით. შემხები ჭრილობა მარცხენა მხრის სამთავა კუნთის არეში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ხოლო ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში - მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჭრილობის მორფოლოგიური აღწერილობიდან გამომდინარე, გულ-მკერდის არეში არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან და რამდენადმე ზემოდან ქვემოთ. სროლის მანძილის განსაზღვრა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით შეუძლებელია.

20. შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2010 წლის 31 მაისის ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია:

§ ს. გ-ის შარვალზე არსებული დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვით. დაზიანება წარმოქმნილია ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად. დაზიანებაზე და კონტრაქტოგრამაზე მიბჯენისათვის დამახასიათებელი რაიმე სახის კვალი არ აღინიშნება. ს. გ-ს ქურთუკზე, მაისურზე, პულოვერზე, ქვედა საცვალზე, ერთ წყვილ წინდასა და ერთ წყვილ ფეხსაცმელზე ცეცხლსასროლი წარმოშობის დაზიანებები არ აღინიშნება. ს. გ-ის შარვალზე არსებული დაზიანება №1 თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო დასკვნის - №... თანახმად, სხეულზე არსებულ ჭრილობას. შენიშვნა: დასკვნაში აღწერილია - ,,მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე ერთი ჭრილობა შემავალი ხვრელი, ამავე ბარძაყის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე ერთი ჭრილობა გამომავალი და მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა ზედაპირზე ერთი ჭრილობა შემავალი ხვრელი“. სულ სამი დაზიანება. აქედან შარვალზე აღინიშნება მხოლოდ ერთი დაზიანება - შარვლის უკანა მხარეს, მარცხენა ზედა ნახევარში.

§ ზ. ტ-ის ერთ-ერთ, სავარაუდოდ /მარჯვენა/ წინდაზე არსებული დაზიანებები ცეცხლსასროლი წარმოშობისაა, ჭურვის სახეობისა და სროლის მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა.

§ ზ. ტ-ის ქურთუკზე, მაისურზე, შარვალზე, ქვედა საცვალზე, ერთ წინდასა და ერთ ფეხსაცმელზე ცეცხლსასროლი დაზიანებები არ აღინიშნება. დაზიანების მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, მასზე მიბჯენისათვის დამახასიათებელი რაიმე სახის კვალი არ აღინიშნება. ზ. ტ-ის წინდაზე არსებული დაზიანებები თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო დასკვნის №... თანახმად, სხეულზე არსებულ ჭრილობებს.

§ ლ. ჩ-ას მაისურზე არსებული დაზიანებები ცეცხლსასროლი წარმოშობისაა, დაზიანება №1 ჭურვის სახეობისა და სროლის მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. დაზიანება №2 განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვით. დაზიანება №2 წარმოქმნილია არაახლო მანძილიდან გასროლის შედეგად. დაზიანებასა და კონტაქტოგრამაზე მიბჯენისათვის დამახასიათებელი რაიმე სახის კვალი არ აღინიშნება.

§ ლ. ჩ-ას მაისურზე არსებული დაზიანებები თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო დასკვნის №... თანახმად, დადგენილ სხეულზე არსებულ ჭრილობებს.

§ დ. ჩ-ას შარვალზე არსებული დაზიანებები ცეცხლსასროლი წარმოშობისაა. ჭურვის სახეობისა და სროლის მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. დაზიანების მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, მასზე მიბჯენისათვის დამახასიათებელი რაიმე სახის კვალი არ აღინიშნება.

§ დ. ჩ-ას შარვალზე არსებული დაზიანებები თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო დასკვნის №... თანახმად, სხეულზე არსებულ ჭრილობებს.

§ ბ. ლ-ას შარვალსა და ქურთუკზე ცეცხლსასროლი წარმოშობის დაზიანებები არ აღინიშნება.

21. 2010 წლის 2 ნოემბრის საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით დადგენილია, რომ ზ. ტ-მა ამოიცნო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ნომრით .... ოქმში არსებული ჩანაწერის მიხედვით, მას სავარაუდოდ მიაჩნია, რომ ... პისტოლეტი თან ჰქონდა 2010 წლის 15 მარტს გ-ის ქუჩაზე №... სახლთან ს. გ-თან შეხვედრისას და როგორც ახსოვს, აღნიშნული პისტოლეტიდან შემთხვევის დღეს განახორციელა ორი გასროლა. მან ამოცნობისას განაცხადა, რომ, მართალია, არ ახსოვს მისი იარაღის ნომერი, მაგრამ წარდგენილ იარაღებს შორის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია, კერძოდ, პისტოლეტის ზედა ჩარჩოს საფარ ნაწილზე, სამიზნეებს შორის ამოტვიფრული მეტალის ზოლი, რომელიც შედარებით ფართე ზომისაა, ვიდრე ამოსაცნობად წარდგენილ სხვა პისტოლეტებზე.

22. 2010 წლის 2 ნოემბრის საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით დადგენილია, რომ ლ. ჩ-ამ ამოიცნო ,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო პისტოლეტი, რომელიც უნდა იყოს მისი. აღნიშნული პისტოლეტი თან ჰქონდა შემთხვევის დღეს ს. გ-თან შეხვედრისას, საიდანაც როგორც ახსოვს, განახორციელა 4 გასროლა. მან აღნიშნული პისტოლეტი ამოიცნო ზედა ჩარჩოზე არსებული ლაქებით, ასევე იმ ნიშნით, რომ ლულის წინა ნაწილი გაცვეთილია. ლ. ჩ-ამ ასევე წარდგენილი იარაღებიდან ამოიცნო ს. გ-ის კუთვნილი იარაღი, რომელიც არის ,,მაკაროვის“ სისტემის და წარდგენილი იარაღებიდან უნდა იყოს ... პისტოლეტი. ამ იარაღის ამოცნობა შეუძლია შემდეგი ნიშნებით: როდესაც მათ ს. გ-ს დაუჭირეს მაჯა, რომელშიც ეჭირა იარაღი, მარცხენა გვერდი ეხახუნებოდა ასფალტს, ხოლო ... პისტოლეტს წინა მარცხენა მხარეს, ლულასთან აშკარად ეტყობა ხახუნის და დაზიანების კვალი, რაც აძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ აღნიშნული იარაღი არის ს. გ-ის, თუმცა იყო ღამე, თავად იყო დაჭრილი და იარაღი არ დაუთვალიერებია.

23. შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2010 წლის 18 მარტის ექსპერტის N ... დასკვნით დადგენილია:

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სულ 16 ცალი მასრა, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუში 9 მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილია ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის (ПМ) და ,,სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისთვის (АПС) და სხვა.

§ შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი მასრა (ობიექტი N10, N11, N12, N13, N15), გასროლილია 9 მმ კალიბრიანი ,,მაკაროვის“ ან ,,სტეჩკინის“ სისტემის ერთი და იმავე პისტოლეტში (იარაღი პ/ა ,,1“). შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების დროს ამოღებული 2 მასრა (N8, N9) გასროლილია 9 მმ კალიბრიანი ,,მაკაროვის“ ან ,, სტეჩკინის“ სისტემის ერთი და იმავე პისტოლეტში ( იარაღი პ/ა ,,2“). შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების დროს ამოღებული ორი მასრა (N7, N18) გასროლილია 9 მმ კალიბრიანი ,,მაკაროვის“ ან ,,სტეჩკინის“ სისტემის ერთი და იმავე პისტოლეტში ( იარაღი პ/ა ,,3“).

§ შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების დროს ამოღებული ოთხი მასრა (N1, N2, N14, N16) და დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული სამი მასრა (#1, #2 და #4) გასროლილია 9მმ კალიბრიანი ,,მაკაროვის“ ან ,,სტეჩკინის“ სისტემის ერთი და იმავე პისტოლეტში (იარაღი პ/ა ,,4“) . 2.3.4.5.6.8. შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერებისას ამოღებულ პ/აღნიშნულ N2 პაკეტში მოთავსებული სამი ტყვია (ობიექტი N17, N19, N20), შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული პ/აღნიშნულ #7 პაკეტში მოთავსებული 1 ტყვია (ობიექტი #3), შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული ერთი ტყვია (ობიექტი N5), ს. გ-ის გვამიდან ამოღებული ერთი ტყვია, ლ. ჩ-ას სხეულიდან ამოღებული ერთი ტყვია, სულ რვა ტყვია, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილები, განკუთვნილი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტების (ПМ) და ,,სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა. ქირურგ ა. ა-ისგან ამოღებული ერთი ტყვია ობიექტი N3 ვარგისია იდენტიფიკაციისათვის. ს. გ-ის გვამიდან ამოღებული ერთი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და იდენტურია ქირურგ ა. ა-ისგან ამოღებული ერთი ტყვიის. ლ. ჩ-ას სხეულიდან ამოღებული ერთი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და იდენტურია ს. გ-ის გვამიდან ამოღებული ერთი ტყვიის და ქირურგ ა. ა-ისგან ამოღებული ერთი ტყვიისა. შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული ერთი ტყვია ობიექტი N5 ვარგისია კონკრეტულ იარაღთან იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრიანი ,,მაკაროვის“ ან ,,სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტის ლულიდან და არ არის იდენტური ლ . ჩ-ას სხეულიდან ამოღებული ერთი ტყვიის, ს. გ-ის გვამიდან ამოღებული ერთი ტყვიის და ქირურგ ა. ა-ისგან ამოღებული ერთი ტყვიის.

24. შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთვარი სამმართველოს 2010 წლის 25 ოქტომბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N ... დასკვნით დადგნილია:

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 16 მასრიდან 5 მასრა გასროლილია ,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო პისტოლეტში; 2 მასრა გასროლილია ,,მაკაროვის“ სისტემის ... პისტოლეტში; 2 მასრა გასროლილია ,,მაკაროვის“ სისტემის ... პისტოლეტში. რაც შეეხება დანარჩენ 7 მასრას, ისინი გასროლილია ერთი და იმავე ,,მაკაროვის“ სისტემის სხვა პისტოლეტიდან.

§ 5 ტყვიიდან დამატებით წარმოდგენილი 2 ტყვია (ობიექტი #1, #2) გასროლილია ,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო პისტოლეტის ლულიდან, ხოლო ქირურგ ა. ა-ისგან ამოღებული ერთი ტყვია, ს . გ-ის გვამიდან ამოღებული ერთი ტყვია და ლ. ჩ-ას სხეულიდან ამოღებული ერთი ტყვია (სამი ტყვია) გასროლილია ერთი და იმავე ,,მაკაროვის“ სისტემის სხვა პისტოლეტის ლულიდან.

25. შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთვარი სამმართველოს 2010 წლის 14 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის N ... დასკვნით დადგენილია, რომ სს N ... საქმეზე გამოსაკვლევად წარდგენილი ორი ცალი ტყვია (ობიექტი N1 და N2) წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელ ნაწილებს (ტყვიებს), განკუთვნილს ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებისათვის (ПМ) და ,,სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა. ორივე ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, გასროლილია 9 მმ კალიბრიანი ,,მაკაროვის“ ან ,,სტეჩკინის“ სისტემის ერთი და იმავე პისტოლეტის ლულიდან და არ არის იდენტური ლ. ჩ-ას სხეულიდან ამოღებული ტყვიის, ს. გ-ის გვამიდან ამოღებული ტყვიის და ქირურგ ა. ა-ისაგან ამოღებული ტყვიის. წარმოდგენილ ორ ტყვიასა და ტყვია მასროთეკაში არსებულ ს. გ-ის მკვლელობის ფაქტზე ამოღებულ მასრებზე ვერ იქნა აღმოჩენილი სათანადო რაოდენობა ინდივიდუალური კერძო ნიშნებისა, რომელთა ერთობლიობიოთ ცალსახად დგინდება, შეადგენდა თუ არა გასროლამდე წარმოდგენილი რომელიმე მასრა და რომელიმე ტყვია ერთ მთელს, რის გამოც ამ უკანასკნელის დადგენა ვერ მოხერხდა.

26. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს: 2010 წლის 17 მარტს ჩატარებული პიროვნების ამოსაცნობად წარდგენის ოქმებს, ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკო-ტექნიკური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებს, ზ. ტ-ის, ლ. და დ. ჩ-ისა და ბ. ლ-ას მიმართ არსებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენს, თ. კ-ას მიმართ არსებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენს და საქმეზე არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათი ანალიზით არ დგინდება არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, რომლებიც მიუთითებდა თ. კ-ას დანაშაულებრივ ქმედებებზე (ს. გ-ის, ზ. ტ-ისა და სხვათა მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის ფაქტზე) საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“, 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით.

27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული და გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით, უტყუარად ვერ დასტურდება თ. კ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“, 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა:

28. საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის, რომ 2010 წლის 15 მარტს ერთი მხრივ, ზ. ტ-ი და, მეორე მხრივ, ს. გ-ი გ-ის ქუჩაზე კაფე-ბარ ,, ...-თან“ შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის წინა დღეს მომხდარი უსიამოვნების გასარკვევად. ასევე დადგენილია, რომ ზ. ტ-ი ამ შეხვედრაზე მივიდა ძმებთან - დ. და ლ. ჩ-ებთან ერთად.

29. რაც შეეხება თ. კ-ას შემთხვევის ადგილზე ყოფნას, ზ. ტ-მა და ლ. ჩ-ამ მიუთითეს, რომ კაფე-ბართან მისულებს დახვდათ თ. კ-აც, თუმცა შემდეგ სად წავიდა და რას აკეთებდა, მათ არ იციან. დ. ჩ-ამ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე თ. კ-ა არ უნახავს. მოწმეებმა - გ. ლ-მა და ე. ც-ემ მიუთითეს, რომ ს. გ-ის კაფე-ბარიდან გასვლიდან დაახლოებით 10 წამში გავიდა თ.კ-აც. მოწმეებმა - შ. ნ-მა, ზ. გ-ემ და ე. გ-მა მიუთითეს, რომ კაფე-ბარში შესვლამდე გაიარეს ,,არკა“, სადაც ბიჭები იდგნენ. მათი კაფე-ბარში შესვლიდან ცოტა ხანში გარეთ გავიდა ამავე ბარში სხვა ბიჭებთან ერთად მყოფი ბიჭი. სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია საქმის შედეგებით დაუინტერესებელი მოწმეების - შ. ნ-ის, ზ. გ-ისა და ე. გ-ის ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ კაფე-ბარში მათ შესვლამდე ,,არკასთან“ უკვე იდგნენ ბიჭები და საუბრობდნენ, ხოლო მათი შესვლის შემდეგ კაფე-ბარიდან გავიდა ერთი პირი (თ. კ-ა). აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ თ. კ-ა გარეთ გავიდა ს. გ-ის გასვლიდან გარკვეული დროის შემდეგ (ამ მონაკვეთში მოწმეებმა გაიარეს ,,არკა“, შევიდნენ და დასხდნენ კაფე-ბარში) და თავიდანვე არ შეხვედრია ზ. ტ-ს და მის მეგობრებს, როგორც ამას ისინი მიუთითებენ.

30. ბ. ლ-ასთან მიმართებით ზ. ტ-მა განმარტა, რომ ავტომანქანა გააჩერეს კაფე-ბარის შესასვლელთან. ბ. ლ-ა დარჩა ავტომანქანაში. ლ. ჩ-ამ განმარტა, რომ მანქანა ,,არკიდან“ დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით გააჩერეს. დ. ჩ-ამ კი მიუთითა, რომ თავდაპირველად ავტომანქანა გააჩერეს ,,არკის“ შესასვლელთან. ბ. ლ-ა მანქანიდან არ გადასულა. ე. გ-ის განმარტებით, როდესაც კაფე-ბარისკენ მიდიოდნენ, ,,არკასთან“ ტროტუარიდან გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე, რადგან ცუდად იყო გაჩერებული ავტომანქანა. მ. გ-ამ განმარტა, რომ ,,არკაში“ შესასვლელი გზა დაკეტილი ჰქონდა ავტომანქანას, მანქანაში რაღაც ანათებდა - ტელეფონი ან მაგნიტოფონის ბანერი. ჩანდა, რომ სკამზე არავინ იჯდა. ,,არკიდან“ გამოდიოდა ჩხუბისა და გინების ხმა. ბ. ლ-ამ განმარტა, რომ ავტომანქანა გაჩერებული ჰქონდა ,,არკიდან“ დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით, საიდანაც არ გადასულა და არკაში მიმდინარე მოვლენების შემსწრე არ არის. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოხსნა ნეიტრალური მოწმე ო. ც-ე (გამოძიების მიმდინარეობის დროს, დაკითხვისას მიუთითებდა, რომ ავტომანქანა კეტავდა ეზოში შესასვლელს. სროლის დამთავრების შემდეგ ავტომანქანაში სწრაფად ჩაჯდა ოთხი პირი), რომლის დაკითხვითაც გაიზრდებოდა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სწორად გარკვევისა და ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობა. ამ წინააღმდეგობების პირობებში სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია ბ. ლ-ას ჩვენება.

31. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები - ზ. ტ-ი, ლ. და დ. ჩ-ები ვერ/არ მიუთითებენ თ. კ-ას მიერ რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შესახებ, თუ რაში გამოიხატა თ. კ-ას როლი სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებში. პირიქით, ლ. ჩ-ამ და ზ. ტ-მა მიუთითეს, რომ შეხვედრის შემდეგ თ. კ-ა სად იყო და რას აკეთებდა, არ დაუნახავთ, ხოლო დ. ჩ-ამ განმარტა, რომ თ. კ-ა საერთოდ არ უნახავთ. ამდენად, მათი ჩვენებების მიხედვით, საერთოდ გაურკვეველია, რაში გამოიხატა თ. კ-ას დანაშაულებრივი ქმედება.

32. ზ. ტ-მა და ლ. ჩ-ამ ჩვენებებში მიუთითეს, რომ, მართალია, სიბნელის გამო ვერ დაინახეს, ვინ ესროლა მათ, მაგრამ საქმის მასალების მიხედვით, ეს პირი უნდა ყოფილიყო თ. კ-ა. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ განმარტებას ვერ მიენიჭება არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან საქმის მასალების შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, ხოლო მათ უშუალოდ არ დაუნახავთ პირი, რომელმაც მათი მიმართულებით ისროლა. შესაბამისად, მათი ჩვენებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მტკიცებულებებად, რომლითაც შესაძლებელია უტყუარად დადგინდეს პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მათი და ს. გ-ის მიმართულებით ისროლა.

33. ზ. ტ-ი, ლ. და დ. ჩ-ები, როგორც კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარის წარმომადგენლები, არიან დაინტერესებული პირები, რომლებიც გამოძიების მიმდინარეობისას რიგ გარემოებებს სხვადასხვა ჩვენებაში განსხვავებულად აღწერდნენ. აღსანიშნავია, რომ ზ. ტ-მა და ლ. ჩ-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიუთითეს, რომ სიმართლეს შეესაბამება მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები. ასევე მათი ჩვენებები რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით ეწინააღმდეგება საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებს. ამ პირობებში შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების, დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისა და იქ არსებული სურათის დადგენა (აღდგენა) გამოძიებისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მხოლოდ მათი ჩვენებების საფუძველზე კრიტიკას ვერ უძლებს, ხოლო ზ. ტ-ის, ლ. ჩ-ასა და დ. ჩ-ას ჩვენებები არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს, რეალურად რა მოხდა შემთხვევის ადგილზე: იარაღი პირველად მართლა ს. გ-მა ამოიღო, თუ სხვა იქ მყოფმა რომელიმე პირმა; ,,არკიდან“ გამოსული ხმები - ,,ხელი გაუშვი“ და სხვა, კონკრეტულად კონფლიქტის რომელი მხარის წარმომადგენლისგან მოდიოდა; სავარაუდოა ასევე იქ განვითარებული სხვა მოვლენებიც.

34. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე 2010 წლის 2 ნოემბრის საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმზე, რომლის თანახმადაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უტყუარად დადგენილად მიიჩნიეს, რომ ზ. ტ-მა ამოიცნო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ნომრით .... თუმცა, ოქმში მითითებულია, რომ მას სავარაუდოდ მიაჩნია, რომ ... პისტოლეტი თან ჰქონდა 2010 წლის 15 მარტს გ-ვის ქუჩაზე №... სახლთან ს. გ-თან შეხვედრისას. ანალოგიური მოცემულობაა 2010 წლის 2 ნოემბრის საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმში, რომ ლ. ჩ-ამ ამოიცნო ,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო პისტოლეტი, რომელიც უნდა იყოს მისი. ლ. ჩ-ამ ასევე წარდგენილი იარაღებიდან ამოიცნო ს. გ-ის კუთვნილი იარაღი, რომელიც არის ,,მაკაროვის“ სისტემის და წარდგენილი იარაღებიდან უნდა იყოს ... პისტოლეტი. ამ იარაღზე არსებული ნიშნები აძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ აღნიშნული იარაღი არის ს. გ-ის, თუმცა იყო ღამე, თვითონ იყო დაჭრილი და იარაღი არ დაუთვალიერებია. ამდენად, ორივე ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ ამომცნობმა პირებმა - ზ. ტ-მა და ლ. ჩ-ამ სავარაუდოდ მიუთითეს კონკრეტულ ცეცხლსასროლ იარაღებზე, შესაბამისად, ამ გარემოების გამო ამოცნობები არ არის კატეგორიული და აღნიშნულის საფუძველზე უტყუარად იმის დადგენა, თუ კონფლიქტის დროს რომელი იარაღი ვის ჰქონდა, შეუძლებელია.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე უტყუარად არ დგინდება ს. გ-ს - ფეხის არეში, ზ. ტ-ს, ლ. და დ. ჩ-ებს ცეცხლნასროლი ჭრილობები რა მანძილიდან აქვთ მიყენებული, რითაც შესაძლებელი გახდებოდა სროლის მანძილის განსაზღვრა. ბუნდოვანია, რა იგულისხმება არაახლო მანძილში, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული ს. გ-ისათვის თავის არეში მიყენებული ჭრილობის სროლის მანძილთან მიმართებით.

36. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც, სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ი. გ-ის ჩვენება თ. კ-ას უდანაშაულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ი. გ-ი არ არის ფაქტის თვითმხილველი, შემსწრე და მან მომხდარი ფაქტის თაობაზე იცის მხოლოდ სხვა პირების გადმოცემით. ამდენად, მის ჩვენებას, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, ვერ მიენიჭება არსებითი მნიშვნელობა, მათ შორის ვერც თ. კ-ას გამართლებასთან მიმართებით.

37. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი მასრების მდებარეობასთან მიმართებით. სადავო არ არის და დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავების მისვლამდე შეკრებილი იყო ხალხი, ასევე მათ მისვლამდე და შემთხვევის ადგილის დაცვამდე მოხდა ,,არკიდან“ ს. გ-ის საავადმყოფოში გადაყვანა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი მასრების მდებარეობა უტყუარად ვერ იქნება მიჩნეული. მით უფრო, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას აღმოჩენილი მასრების მდებარეობა შეუძლებელია დადგინდეს უტყუარად, ვინაიდან იგი დამატებით დათვალიერდა შემთხვევიდან მეორე დღეს. შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით იმ ფაქტის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი ადგილიდან ესროლეს ს. გ-ს და ვისი იარაღიდან, შეუძლებელია.

38. მართალია, მოწმედ დაკითხული, კაფე-ბარ ,, ...-ში“ მყოფი პირები ადასტურებენ, რომ თ. კ-ა იქ შევარდა იარაღით ხელში და თქვა, რომ იარაღმა უმტყუნა (გაჭედა), შემდეგ გადატენა, სწრაფად გავიდა გარეთ, რასაც მომენტალურად მოჰყვა ინტენსიური სროლები რამდენიმე იარაღიდან, მაგრამ მხოლოდ ამ გარემოების მეშვეობით, როდესაც სხვა პირდაპირი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა, შეუძლებელია დადგინდეს, რომ სწორედ თ. კ-ამ ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მეგობრის - ს. გ-ის, ასევე ზ. ტ-ის, დ. და ლ. ჩ-ების მისამართით. მითუმეტეს, ბრალდების მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო დაედასტურებინა რაიმე ისეთი მოტივის არსებობა, რომელიც თ. კ-ას გადააწყვეტინებდა მისი უახლოესი მეგობრის მოკვლას.

39. საქმეზე არსებული შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2010 წლის 25 ოქტომბრის ბალისტიკური ექსპერტიზის #... დასკვნით დადგინდა, რომ ს. გ-ის თავიდან და ფეხიდან, ასევე ლ. ჩ-ას სხეულიდან ამოღებული სულ სამი ტყვია გასროლილია ერთი და იმავე ,,მაკაროვის“ სისტემის სხვა პისტოლეტიდან, რომელიც საქმეზე ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნული დაუდგენელი იარაღი არის თ. კ-ასი, თუ იგი ეკუთვნოდა ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირს ან სხვა პირს, ამის უტყუარად დადგენა საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე შეუძლებელია. მით უფრო, რომ არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი ზ. ტ-ის, ლ. და დ. ჩ-ების, ბ. ლ-ას ჩვენებები, რომლებმაც შემთხვევის შემდეგ თავისუფლად გადამალეს ცეცხლსასროლი იარაღები და რომელთა მიერ მიცემულ ჩვენებებსა და შემოთავაზებულ ვერსიაზე არის ძირითადად აგებული თ. კ-ას ბრალდება.

40. რაც შეეხება საქმეზე არსებულ ექსპერტიზის სხვა დასკვნებს, მათი შინაარსიდან გამომდინარე, იმის დადგენა, რომ თ. კ-ამ განახორციელა სროლები ცეხლსასროლი იარაღიდან მეგობრის - ს. გ-ის, ზ. ტ-ის, დ. და ლ. ჩ-ების მისამართით, შეუძლებელია.

41. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც პალატას საშუალებას მისცემდა, დაედგინა თ. კ-ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ს. გ-ის, ზ. ტ-ის, დ. და ლ. ჩ-ების მისამართით მრავალჯერადი გასროლის ფაქტი. შესაბამისად, მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო თ. კ-ას მიმართ სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი და შეწყდეს საქმე. ამასთან, ვინაიდან არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება ის, თუ რაში გამოიხატა თ. კ-ას მხრიდან ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და შემთხვევის ადგილზე რა მოქმედებები განახორციელა მან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს ასევე თ. კ-ას სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და შეწყდეს საქმე. რაც შეეხება თ. კ-ას მსჯავრდებას სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ვინაიდან ამოღებული არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ვარგისიანობა (ეჭვქვეშ დადგა გაჭედვის გამო, რაც კაფე-ბარში მყოფმა პირებმა დაადასტურეს) ვერ დადგინდა ისევე როგორც მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ს. გ-ის მოკვლისა და სხვა დაზარალებულების სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების ფაქტები, რაც უტყუარად მიუთითებდა იარაღის კუთვნილებას ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიისადმი და მის ვარგისიანობას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. კ-ას მსჯავრდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვისა და ტარების ნაწილში ასევე არასწორია და ამ ნაწილშიც (სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები) მისი მსჯავრდების თაობაზე გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და შეწყდეს საქმე.

42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, რათა არ მოისპოს ს. გ-ის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენის შესაძლებლობა.

43. თ. კ-ას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ი. გ-ისა და მისი წარმომადგენლის - გ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი თ. კ-ას მსჯავრდების თაობაზე გაუქმდეს და შეწყდეს საქმე.

3. გაუქმდეს თ. კ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება.

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: 2010 წლის 12 აპრილს შპს კლინიკა ,,ს-დან“ და 2010 წლის 14 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან მიღებული ზ. ტ-ის ავადმყოფობის ისტორიის ქსეროასლები; კლინიკა ,,კ-დან“ ამოღებული დ. ჩ-ას ავადმყოფობის ისტორია; შპს ,,თ-ი“ კლინიკიდან ამოღებული ლ. ჩ-ას ავადმყოფობის ისტორია; ხელის კვლები; მოყვითალო ფერის ლითონის ტყვიისმაგვარი საგნები; მოყვითალო ფერის დეფორმირებული მასრა; მოყავისფრო ლითონის მასრა; მოყვითალო ფერის მასრისმაგვარი საგნები; 1 ცალი მეტალის მოყვითალო ფერის, სავარაუდოდ, საბრძოლო ვაზნის შემადგენელი ნაწილი - გულა; მოყავისფრო კორპუსის მქონე მასრა, ლითონის დეფორმირებული საგანი (სავარაუდოდ, ტყვიის გულა); დეფორმირებული ოქროსფერი მეტალის საბრძოლო ვაზნის შემადგენელი ნაწილი, კერძოდ, ტყვიის გულა; მეტალის მჭიდისმაგვარი საგანი; მოყვითალო ფერის ტყვიისმაგვარი საგანი; დენთის ნიმუშები, ფრჩხილების ნიმუშები, ანაბეჭდების ნიმუში; მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ს. გ-ის თმის ნიმუში; გ. ლ-ისაგან აღებული ფრჩხილის ნიმუში; ლ. ჩ-ას სხეულში ნანახი ოვალური ფორმის ყვითელი ფერის ლითონის ფრაგმენტი; 4 ცალი ინსულინის შპრიცი; ერთი ცალი მოყვითალო ფერის ლითონის ფრაგმენტი; ს. გ-ის ფრჩხილების ნიმუში; ორი ცალი გადატეხილი ამპულა, ერთზე წარწერით ,,პიპოლფენ“, ხოლო მეორეზე ,,ვადა დლია ინექციი“; მინის 4 ბოთლი წარწერით ,,ZIPFERI”, ბოთლები და ჭიქები; გ. ლ-ისაგან აღებული თმის ნიმუში; გ. ლ-ისაგან აღებული ანაბეჭდების ნიმუში; ე. ც-ისაგან აღებული თმის ნიმუში; 2010 წლის 16 მარტს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პროზექტურიდან გარდაცვლილ ს. გ-ის გვამიდან საექსპერტო კვლევისათვის ხელის თითებიდან აღებული ანაწმენდები; 2010 წლის 16 მარტს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პროზექტურიდან გარდაცვლილ ს. გ-ის გვამიდან საექსპერტო კვლევისათვის აღებული ცხვირის ნესტოების ანაწმენდები; 2010 წლის 16 მარტს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პროზექტურიდან გარდაცვლილ ს. გ-ის გვამიდან საექსპერტო კვლევისათვის ყურის ნიჟარებიდან აღებული ანაწმენდები; სიგარეტ ,,კენტის“ კოლოფი; შავი ფერის სანთებელა; ქოლგა; შავი ნაჭრის მოკლე ქურთუკი, შიგნით თეთრი და შავი ზოლებით გაწყობილი, წარწერით ,,SEVENHILL”; შავი ფერის ტყავის ქამარი; დ. ჩ-ას ერთი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი; დ. ჩ-ას ერთი ყავისფერი ტყავის ქამარი; ლ. ჩ-ას ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი; ლ. ჩ-ას შავი ფერის მაისური; დ. ჩ-ას ერთი წყვილი წინდა; დ. ჩ-ას ერთი წყვილი შავი ფერის ე.წ. ,,შუზები“; ლ. ჩ-ას შავი ფერის ნაჭრის შარვალი; ერთი ცალი შავი ფერის კეტი ,,ნაიკის“ ემბლემით; ბ. ლ-ას ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი; თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური; შავი ფერის გრძელმკლავიანი მაისური; ორი ცალი შავი ფერის წინდა; ს. გ-ის შარვალი; ერთი წყვილი სპორტული ბოტასი; ერთი წყვილი წინდა; ტრუსი; ერთი ცალი სვიტერი; ზ. ტ-ის ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი; შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომელშიც მოთავსებული იყო ზ. ტ-ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი; ზ. ტ-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; რუხი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ზ. ტ-ის სახელზე გაცემული საქართველოს ბანკის სამი პლასტიკური ბარათი; შპს ,,ჯ-ის“ სიმბარათი; ზ. ტ-ის სახელზე გაცემული ,,სახალხო ბანკის“ ორი ცალი პლასტიკური ბარათი და ზ. ტ-ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

5. თ. კ-ას განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი