საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.07.2015
საქმის ნომერი
2კ-103აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №103აპ-15 ქ. თბილისი

ჩ-ე ჯ., 103აპ-15. 16 ივლისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ხ. ბ-სა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენით ჯ. ჩ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - 17 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 17 წელს ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წელი, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 2 წელი და ჯ.ა ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ჩ-ის მიმართ დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და ჯ. ჩ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 19 აგვისტოდან.

ნივთმტკიცებები: ჯ. ჩ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი ,,აიფონ-5“; გ. შ-საგან დათვალიერების დროს ამოღებული მ. ლ-ს კუთვნილი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება შსს-ს აჭარის ა/რ-ის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 7,65 მმ კალიბრიანი 4 მასრა და გვამიდან ამოღებული 1 ტყვია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს შსს-ს შესაბამის დანაყოფს, შემდგომი განკარგვის მიზნით; ,,ვესტელის“ მაღაზიის გარესათვალთვალო კამერიდან ამოღებული ინფორმაცია 2 ვიდეოფაილად, ჩაწერილი 1 ,,DVD“ დისკზე და ჯ. ჩ-ის, კ. ლ-ის, მ. ლ-ს, ტარიელ დოლიძის ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 ,,CD“ დისკზე, შპს ,,ჯეოსელიდან“, ,,მაგთიკომიდან“ და ,,მობიტელიდან“ ამოღებული ინფორმაცია 3 ,,CD“ დისკზე, რომლებიც ერთვის ს/ს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ჯ. ჩ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ხ. ბ-სა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი