საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #136ap-15 ქ. თბილისი
შ-ე ა, 136აპ-15 17 ივლისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განაჩენით ა. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.
საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 331-ე მუხლის შესაბამისად, უნდა მოიხსნას ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის ბრძანებით ა. შ-ს სახელზე შესულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე დადებული ყადაღა.
დაზარალებულ ი. ი-ს სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი, სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. შ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 6 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად, კერძოდ:
ა. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 6 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 15 თებერვლიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა - 2013 წლის 30 აგვისტოდან 2014 წლის 15 თებერვლამდე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა მოიხსნას ა. შ-ს სახელზე შესულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე დადებული ყადაღა.
დაზარალებულ ი. ი-ს სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე