საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.07.2015
საქმის ნომერი
2კ-156აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №156აპ-15 ქ. თბილისი

რ-ი გ, 156აპ-15. 27 ივლისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. რ-სა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით გ. რ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა გ. რ-ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4.000 ლარი.

გ. რ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 1 აგვისტოდან.

საქმეზე ამოღებული 2 სული ცხვარი, რომელიც შესანახად გადაეცა დაზარალებულ ა. კ-ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დარჩეს მის საკუთრებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ გ. რ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. რ-სა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი