საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.07.2015
საქმის ნომერი
2კ-289აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №289აპ-15 ქ. თბილისი

ბ-ი თ 289აპ-15 27 ივლისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით:

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ს-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ. ს-ა და ბრალდებულ ვ. ბ-ს შორის 2015 წლის 9 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.

ვ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 11 თვე, 18 დღე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. ვ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 3 ოქტომბრიდან.

თ. ბ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო სასამართლო სხდომის დარბაზში მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, მასვე მოხდილად ჩაეთვალა მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 9 ოქტომბრიდან იმავე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

თ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

მსჯავრდებული თ. ბ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მსჯავრდებულ თ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2014 წლის 9 ოქტომბრიდან იმავე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 18 თებერვლიდან იმავე წლის 24 აპრილის ჩათვლით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ თ. ბ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი