დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.07.2015
საქმის ნომერი
5აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №5აგ-15 15 ივლისი, 2015 წელი

ჯ-ი ლ., 5აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ლ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 11 თვე, 14 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით, 5 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 ნოემბრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით ლ. ჯ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრისა და 2009 წლის 12 აგვისტოს განაჩენებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით, 7 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განაჩენი და 2013 წლის 5 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2014 წლის 1 დეკემბერს მსჯავრდებულმა ლ. ჯ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მან 2014 წლის 18 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატიდან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თავისი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა – განაჩენის გამოტანისას უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, სსკ-ის მე-2, მე-7 და სსსკ-ის 259-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან არ გამოიტანა კანონიერი განაჩენი; მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რადგან იგი წარსულში ნასამართლევი იყო სსკ-ის 184-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – სხვისი ნივთის დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა მოითხოვა მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის შემცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ლ. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანას, მისი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის შემცირებას იმავე საფუძვლებით, რაც აღნიშნულია შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მოყვანილ გარემოებებს სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოების მიერ, ხოლო მათზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე