დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.07.2015
საქმის ნომერი
15აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №15აგ-15 27 ივლისი, 2015 წელი

ა-ი რ., 15აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 თვე, 20 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 მარტიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით რ. ა-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

2014 წლის 17 დეკემბერს მსჯავრდებულმა რ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2009 წლის 28 ოქტომბრის სააპელაციო სასამართლოს სხდომის შემადგენლობა არ იყო უფლებამოსილი, ვინაიდან ამ დღის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენდა ი. მ-ა, მაშინ, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში სახელმწიფო ბრალმდებლად მითითებულია გ. ლ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული რ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განხილვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ რ. ა-ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და აღდგენის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ რ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინება რ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე