შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ა-204-შ-43-03 2 აპრილი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
დავის საგანი: ლონდონის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2003წ. 25 აპრილის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 24 მაისს სს “ზ. ქარხანასა” და შპს “რ. ლ-ს” შორის დაიდო კონტრაქტი ¹PF 326. მხარეები შეთანხმდნენ ნაყარი სილიკონის მანგანუმის მიწოდებაზე. კონტრაქტის მე-9 მუხლით გათვალისწინებული იყო, რომ მხარეებს შორის ნებისმიერი უთანხმოება განიხილებოდა ლონდონის არბიტრაჟის მიერ. მხარეებმა მათ შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად აირჩიეს ინგლისის კანონმდებლობა.
კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის მოტივით შპს “რ. ლ-მა” მიმართა ლონდონის საარბიტრაჟო ტრიბუნალს. 2003წ. 25 აპრილს ლონდონის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით სს “ ... ქარხანას” დაეკისრა 750100 აშშ დოლარი, აღნიშნულ თანხაზე დარიცხულ სარგებელთან ერთად, რომელიც გამოითვლება წლიური 5%-ის განაკვეთით, რომლის დარიცხვა იწარმოებს კვარტალურად 2002წ. 1 სექტემბრიდან გადახდის დღემდე. გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 25 აპრილს.
პს “რ. ლ-ის” წარმომადგენლებმა შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ლონდონის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2003წ. 25 აპრილის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე.
სს “ ქარხნის “ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს “უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის “ა” და “დ” ქვეპუნქტების თანახმად, კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 31 დეკემბრის ¹544 ბრძანებულებით დამტკიცებული იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დადებულ იმ ხელშეკრულებათა ვიზირება, რომლებიც საქართველოში არსებული ან საერთაშორისო კერძო არბიტრაჟების განსჯადია, მიეკუთვნება იუსტიციის სამინისტროს კომპენტენციას. სს “ ქარხნის” აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობს სახელმწიფო.
ქარხნის წარმომადგენლის მოსაზრებით, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებით მხარეთა შორის დავა არბიტრაჟის განსჯადია, ხელშეკრულება საჭიროებდა ვიზირებას იუსტიციის სამინისტროს მიერ, რაც არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად, ვინაიდან სკ-ის 54-ე, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის და 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სადავო გარიგება ბათილია.
ქარხნის წარმომადგენლის აზრით, კონვენციის ტექსტში აღნიშნულ ქმედუნარიანობაში იგულისხმება მათი უფლებამოსილება, დაედოთ შეთანხმება. ვინაიდან ხელშეკრულება არ ყოფილა ვიზირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ, კონვენციის თანახმად უნდა ჩაითვალოს, რომ მხარეები “ქმედუუნარონი არიან”.
ქარხნის წარმომადგენელი ასევე თვლის, რომ საარბიტრაჟო პროცესი არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, რადგან ხელშეკრულების შესაბამისად, დავა უნდა განეხილა სამი არბიტრაჟისაგან შემდგარ არბიტრაჟს ლონდონში, მაგრამ დავა განიხილა მხოლოდ ერთმა არბიტრმა. ამასთან, მათთვის პრაქტიკულად უცნობი იყო სარჩელის განხილვის თარიღი.
სამოტივაციო ნაწილი:
უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ შპს “რ. ლ-ის” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს არა აქვს უფლება, შეამოწმოს უცხოეთის სასამართლოს (არბიტრაჟის) გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. “უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ” კონვენციის (საქართველო შეუერთდა 1994 წელს) მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს, როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება.
ამავე კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება არ ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შეთანხმების მხარეები, მათ მიმართ გამოყენებული კანონის მიხედვით გარკვეულწილად ქმედითუუნარონი იყვნენ ან ეს შეთანხმება ძალადაკარგულია იმ კანონით, რომელსაც მხარეებმა ეს შეთანხმება დაუქვემდებარეს, ხოლო ასეთი მითითების არსებობის შემთხვევაში, იმ ქვეყნის კანონით, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს.
ბ) მხარე, რომლის წინააღმდეგაც არის მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის, საარბიტრაჟო გარჩევის თაობაზე ან სხვა მიზეზით ვერ შეძლო თავის ახსნა-განმარტების წარდგენა, ან _
გ) გადაწყვეტილება მიღებულია დავის გამო, რომელიც არ არის გათვალისწინებული ან არ ექვემდებარება საარბიტრაჟო შეთანხმებას, ან _
დ) საარბიტრაჟო ორგანოს შემადგენლობა ან საარბიტრაჟო პროცესი არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას, ან ასეთის არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონს, სადაც არბიტრაჟი მოეწყო, ან -
ე) გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის საბოლოო მხარეთათვის, გაუქმებულ ან აღსრულებით შეჩერებულ იქნა იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლების მიერ, რომლის კანონიც არის გამოყენებული.
სს “ ქარხნის” წარმომადგენლის მოსაზრებით, ლონდონის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის “ა” და “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
“უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ” კონვენციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი მხარე ცნობს წერილობით შეთანხმებას, რომლითაც მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, არბიტრაჟს გადასცენ ყველა ან ზოგიერთი სადავო სარჩელი, რომელიც წარმოიშვა მათ შორის რომელიმე კონკრეტული სახელშეკრულებო ან სხვა სამართალურთიერთობის გამო, რომლის ობიექტი შეიძლება საარბიტრაჟო გარჩევის საგანი გახდეს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობის განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე, ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით.
მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების 9.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა გადაეცემა ლონდონის არბიტრაჟს. ხოლო 9.2 მუხლის თანახმად, კონტრაქტი იმართება ინგლისის კანონმდებლობით, ე.ი. მხარეებმა აირჩიეს ინგლისის სამართალი და მათ შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტაც მიანდეს ლონდონის არბიტრაჟს, რის უფლებაც მხარეებს ჰქონდათ, როგორც ნაციონალური კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო კონვენციით.
სს “ ქარხნის” წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საზოგადოება გარიგების დადების დროს იყო ქმედითუუნარო, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან “უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ” კონვენციის 5.1 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილების ცნობა წარმოადგენს დამამტკიცებელ საბუთს, რომ მათ შორის წერილობით გაფორმებული “საარბიტრაჟო შეთანხმება” ძალადაკარგულია იმ კანონით, რომელსაც მხარეებმა ეს შეთანხმება დაუქვემდებარეს, ასევე მათ მიმართ გამოყენებული კანონის მიხედვით ქმედითუუნარონი იყვნენ. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება ინგლისის კანონმდებლობა. მხარის მიერ არ ყოფილა უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული “საარბიტრაჟო შეთანხმება” ინგლისის კანონით ძალადაკარგულია, ან ამ კანონის მიხედვით “ ქარხანა” ქმედითუუნარო იყო.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული პირების ქმედუნარიანობა ხორციელდება მისი ორგანოების მეშვეობით, ამიტომ იურიდიული პირის ქმედუნარიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ ან რომელი ორგანო ახორციელებს იურიდიული პირის სახელით საქმიანობას, ვინ წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში და ის, თუ ვინ იღებს სამართლებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვით იურიდიული პირის შიგნით.
როგორც სამოქალაქო კოდექსი, ასევე “მეწარმეთა შესახებ” კანონი, ზუსტად განსაზღვრავს იურიდიული პირების წარმომადგენლობით ორგანოებს, ასევე იმ ორგანოთა სისტემასა და კომპეტენციას, რომლებიც იურიდიული პირისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.4 მუხლის თანახმად, დირექტორები საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს. ამავე კანონის 55.9 მუხლი განსაზღვრავს საქმიანობის ცალკეულ სახეებს, რომელთა განხორციელება დირექტორებს შეუძლიათ მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა, როგორც წესი ფორმალურ ხასიათს ატარებს. მესამე პირს არ სჭირდება იმის გარკვევა, უფლებამოსილი იყო თუ არა დირექტორი, დაედო გარიგება. თუ დირექტორი დადებს გარიგებას, რომლის დადების უფლება მას არ ჰქონდა, ის “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7 მუხლის შესაბამისად პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე და გარიგების ბათილობის საკითხი არ დადგება.
განსახილველ შემთხვევაში სს “ ქარხნის” დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ არ არის წარმოდგენილი რაიმე საბუთი. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაც მხარეთა შორის შეთანხმება არ არის ბათილი.
უზენაესი სასამართლო ასევე არ იზიარებს სს “ ქარხნის” წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საარბიტრაჟო ორგანოს შემადგენლობა არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას.
მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს შესყიდვის სტანდარტული პირობებისა და დებულებების გათვალისწინებით.
ხელშეკრულების 9.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები მხარეებმა მიანდეს ლონდონის არბიტრაჟს, სადაც მათ განიხილავს სამი არბიტრი, აქედან ერთი არბიტრი ინიშნება გამყიდველის, ხოლო ერთი არბიტრი მყიდველის მიერ, მესამე არბიტრს ნიშნავენ მხარეების მიერ დანიშნული არბიტრები. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა ორივე მხარისათვის.
შესყიდვის სტანდარტული პირობების 13.2 პუნქტის თანახმად, “კონტრაქტიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში 1996წ. არბიტრაჟის შესახებ კანონის ან მას შემდეგ ამოქმედებული ცვლილებების შესაბამისად”. “ერთი მხარე ვალდებულია, მეორე მხარისაგან არბიტრის დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში დანიშნოს თავისი არბიტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანიშნული არბიტრი საბოლოოდ ჩაითვლება ერთპიროვნულ არბიტრად”.
1996წ. საარბიტრაჟო აქტის მე-17 მუხლის თანახმად, თუ დამრღვევი მხარე შეტყობინების მიღებიდან 7 დღის განმავლობაში არ დანიშნავს თავის არბიტრს, მეორე მხარეს უფლება აქვს, დანიშნოს თავისი არბიტრი ერთპიროვნულ არბიტრად, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება ორივე მხარისათვის, თითქოს იგი ამგვარად დაინიშნა შეთანხმების საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შეტყობინება არბიტრის დანიშვნის შესახებ გაეგზავნა მოპასუხეს, ასევე გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა, რომ თუ არ დანიშნავდა თავის არბიტრს და არ წარმოადგენდა შეპასუხებას, “რ.ს” მიერ დანიშნული არბიტრი ჩაითვლებოდა ერთპიროვნულ არბიტრად და საქმეს განიხილავდა “რ.ს” მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ დანიშნულმა არბიტრმა ოთხჯერ გაუგზავნა ფაქსით წერილი მოპასუხეს, ბოლო შეტყობინებაში კატეგორიულად მოითხოვდა მოპასუხისაგან ნებისმიერი შეპასუხების წარმოდგენას, ე.ი. მიიღო ყველა ზომა, რათა მოპასუხეს მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, მაგრამ უშედეგოდ, “ ქარხანამ” არც თავისი არბიტრი დანიშნა და არც სარჩელისაგან დაიცვა თავი. “რ.ს” მიერ დანიშნულმა არბიტრმა სარჩელი განიხილა ერთპიროვნულად და სარჩელი დააკმაყოფილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საარბიტრაჟო ორგანოს შემადგენლობა შეესაბამებოდა, როგორც მხარეთა შეთანხმებას, ასევე იმ ქვეყნის კანონს, სადაც არბიტრაჟი მოეწყო.
ამდენად, არ არსებობს კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული უცხოეთის გადაწყვეტილების არ ცნობის საფუძვლები, კერძოდ: მხარეთა შეთანხმების თანახმად, დავა ექვემდებარებოდა საარბიტრაჟო განხილვას, შეთანხმება არ არის ძალადაკარგული იმ კანონით,რომელსაც მხარეებმა ეს შეთანხმება დაუქვემდებარეს, საარბიტრაჟო განხილვის შესახებ მოპასუხე ჯეროვნად იყო ინფორმირებული, საარბიტრაჟო პროცესი შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას და იმ ქვეყნის კანონს, სადაც არბიტრაჟი გაიმართა, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ლონდონის ტრიბუნალის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს, როგორც სავალდებულო და აღსრულდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის I ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “რ. ლ-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს ლონდონის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2003წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
სააქციო საზოგადოება “ზ. მ. ნ-ის სახელობის ქარხანას” შპს “რ. ლ-ის” სასარგებლოდ დაეკისროს 750100 აშშ დოლარი, აღნიშნულ თანხაზე დარიცხულ სარგებელთან ერთად, რომელიც გამოითვლება წლიური 5%-ის განაკვეთით და დარიცხვა იწარმოებს 2002წ. 1 სექტემბრიდან გადახდის დღემდე.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი, იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.