შუამდგომლობა

სამოქალაქო 30.12.2004
საქმის ნომერი
ა-2535-შ-87-04
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
30.12.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-2535-შ-87-04 30 დეკემბერი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე

აღწერილობითი ნაწილი:

ყაზახეთის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. გ.-ის განცხადება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის შესახებ. დადგინდა პ. გ.-ის და ნ. გ.-ის ქორწინების აქტის ჩანაწერის უზუსტობა, რომელიც განხორციელებულია საქართველოში მაჩხაანის სასოფლო საბჭოს მიერ 1941 წელს. ქორწინების აქტის ჩანაწერში შეტანილ იქნა ცვლილება.

...-ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ შუამდგომლობით მიმართა იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული შუამდგომლობა გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააქმეთა პალატამ შეისწავლა შუამდგომლობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის მიხედვით. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის შესაბამისი ახალი მოწმობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო.

ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებასა და შეცვლას საქართველოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ორგანო არ ახდენს. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და შეცვლა წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც შესრულდა ჩანაწერი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

აღნიშნული ნორმების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები. სახელმწიფო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა ან შესწორება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას მიეკუთვნება.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა აქტების შეცვლის კომპეტენცია სხვა სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს არ გააჩნიათ. ასეთი ვალდებულება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ» მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებაზე ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ან მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ.-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ...-ის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.