დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №31აგ-15 24 სექტემბერი, 2015 წელი
ბ-ი ს.- 31აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ს. ბ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ს. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 22 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 29 ივნისიდან იმავე წლის 1 ივლისამდე.
3. გაუქმდა ს. ბ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ც. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ლაგოდეხის რაიონის სოფელ შ-ში, საკადასტრო კოდი - …, დაზუსტებული ფართი - … კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი განაშენიანების ფართი - 59 კვ.მ, რაც აუდიტის მიერ შეფასებულია 15000 ლარად) - 5.000 ლარის ღირებულების წილს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. 2015 წლის 11 მარტს მსჯავრდებულმა ს. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობაში იგი უთითებს, რომ ა. თ-ის მიერ ნოტარიულად დამოწმებული აქტი, რომელიც მან დაურთო განცხადებას, წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ იქნა მიღებული და რასაც მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა მისი ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციაზე. აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ა. თ-მა საკუთარი სახლი და ეზო ბ-ების ოჯახს ჩააბარა მოსავლელად და რომ ა. თ-ს მსჯავრდებულის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია, რადგან ზიანი მის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად არ მიუღია. მსჯავრდებულმა ასევე წარადგინა: აუდიტური ფირმის - შპს „მ-ის“ მიერ 2015 წლის 25 თებერვალს გაცემული აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც, რკინის მილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 40 ლარით; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მსჯავრდებულმა ს. ბ-მა ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება ქმედების სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების გზით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ს. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის უკანონო განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი, ა. თ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი უთითებს, რომ თავისი სახლი საპატრონოდ და მოსავლელად ჩააბარა ბ-ების ოჯახს და მას რეალურად ზიანი არ მიუღია, ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან ეს ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა სასამართლოში დაზარალებულმა ი. თ-მაც და, ბუნებრივია, აღნიშნულს უკვე მიეცა შეფასება. ასევე იზიარებს პალატის მოსაზრებას აუდიტორული დასკვნის შესახებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზიანის ოდენობა არ არის მსჯავრდებულ ს. ბ-ის ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება, და შესაბამისად, გავლენას ვერ მოახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე, ხოლო რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის ჯგუფურობას, მასზე უკვე იმსჯელა სამივე ინსტანციის სასამართლომ.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ს. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ს. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი