საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.10.2015
საქმის ნომერი
2კ-187აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №187აპ-15 ქ. თბილისი

ქ-ი ჯ. - 187აპ-15. 2 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების - ჯ. ქ-ისა და ი. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. შ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ჯ. ქ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. შ-ას ეპიზოდი) - 4 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (კ. გ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ჯ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 3 ოქტომბრიდან.

იმავე განაჩენით ი. ფ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. შ-ას ეპიზოდი) - 4 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (კ. გ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ი. ფ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 3 ოქტომბრიდან.

ი. ფ-ს 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებები.

ნივთმტკიცებები: ი. ფ-ის საფულე, ბეჭედი, მობილური ტელეფონი სიმბარათით, ქვითრები, პასპორტი და მოწმობები, ჩანთა მისი ტანსაცმლით დაუბრუნდეს ი. ფ-ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში;

ი. ფ-ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს საქმეზე სბაოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში;

ჯ. ქ-ის საფულე, ფულადი თანხა, პასპორტი, მოწმობა, მობილური ტელეფონი სიმბარათით, ბუდე და სათვალე, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, ჩანთა მისი ტანსაცმლით დაუბრუნდეს ჯ. ქ-ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში;

ი. ფ-ის და ჯ. ქ-სგან ამოღებული ფულადი თანხიდან აშშ სამი 100- დოლარიანი, აშშ ერთი 50-დოლარიანი, ერთი 20-ლარიანი, ასევე აშშ ორი 100-დოლარიანი, აშშ ერთი 50-დოლარიანი, აშშ ექვსი 1-დოლარიანი, აშშ ერთი 2-დოლარიანი, ორი 20-ლარიანი, ერთი 5-ლარიანი კუპიურები გადაეცეთ დაზარალებულ ი. შ-ასა და კ. გ-ას, პროპორციულად, მიყენებული ზიანის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ი. ფ-ისგან ამოღებული ფულადი თანხიდან ერთი 200-ევროიანი, ერთი 20.000-ანი ბელორუსული რუბლი, ერთი 1.000-ანი და ერთი 100-ანი ბელოროსული რუბლი, ერთი 100.000-ანი და ერთი 20.000-ანი ირანული რიალი დაუბრუნდეს ი. ფ-ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში;

ჯ. ქ-ისგან ამოღებული ფულადი თანხიდან ექვსი 200–იანი ირანული რიალი, ერთი 1.000–იანი ირანული რიალი, ერთი 5.000–იანი ირანული რიალი, ერთი სომხური 1.000-ანი მანეთი, ხუთი 100.000-ანი ირანული რიალი დაუბრუნდეს ჯ. ქ-ის, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების - ჯ. ქ-ისა და ი. ფ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - ჯ. ქ-ისა და ი. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. შ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი