საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.10.2015
საქმის ნომერი
2კ-196აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №196აპ-15 ქ. თბილისი

შ-ე ს.- 196აპ-15. 16 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების - ს. შ-ის, ე. გ-ისა და მ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ს. შ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი - 2014 წლის 25 იანვრის - ჯ. კ-ის, დ. გ-ისა და 2014 წლის 26 იანვრის - დ. გ-ის, ნ. ჯ-ას, მ. კ-ას) და მიესაჯა 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ს. შ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 20 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

იმავე განაჩენით: ე. გ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი - 2014 წლის 25 იანვრის - ჯ. კ-ის, დ. გ-ისა და 2014 წლის 26 იანვრის - დ. გ-ის) და მიესაჯა 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ე. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 25 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

მ. გ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი - 2014 წლის 25 იანვრის - ჯ. კ-ისა და დ. გ-ის, 2014 წლის 26 იანვრის - დ. გ-ის, ნ. ჯ-ას, მ. კ-ას) და მიესაჯა 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2014 წლის 19 მარტიდან.

ნივთმტკიცებები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მსჯავრდებულ ს. შ-ის ქურთუკი უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულს, ხოლო ავტომანქანის 5 დენის წყარო და ერთი საჰაერო პლასტმასი - მათ მესაკუთრეებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების - ს. შ-ის, ე. გ-ისა და მ. გ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - ს. შ-ის, ე. გ-ისა და მ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი