საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 23.10.2015
საქმის ნომერი
2კ-227აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№227აპ-15 23 ოქტომბერი, 2015 წელი

ბ-ი ვ., 227აპ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ვ. ბ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ვ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 12 დეკემბრიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ვ. ბ-ს მსჯავრი დაედო ჩვენების შეცვლისათვის მოწმის იძულებაში, რასაც ერთვის მოკვლისა და ძალადობის მუქარა (დაზარალებულ გ. ნ. ო-სა და ე. თ-ის ეპიზოდი) და ჩვენების შეცვლისათვის მოწმის იძულებაში, ჩადენილი ძალადობით (დაზარალებულ გ. გ-ის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

§ ვ. ბ-მა იცოდა, რომ გ. ნ. ო-ის, ე. თ-სა და გ. გ-ს გამოძიებაში ჩვენება მიცემული ჰქონდათ მისი ახლობლების - ნ. ბ-ისა და გ. ბ-ის წინააღმდეგ, რომლებიც საპატიმროში იმყოფებოდნენ ნ. მ-ის მკვლელობის ბრალდების გამო. 2013 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ვ. ბ-მა - რაიონის სოფელ - მიაკითხა გ. ნ. ო-ის, ე. თ-სა და გ. გ-ს, ისინი გამოიყვანა სახლიდან და მოკვლისა და ძალადობის მუქარით იძულება განახორციელა მოწმეებზე - გ. ნ. ო-ისა და ე. თ-ზე, რათა მათ შეეცვალათ ჩვენება სისხლის სამართლის საქმეზე ნ. მ-ის მკვლელობის ფაქტზე და სასამართლოში არ მიეცათ მისი ახლობლის მამხილებელი ჩვენება. ამავე დროს ვ. ბ-მა მოწმეზე - გ. გ-ზე განახორციელა იძულება ჩვენების შეცვლისათვის, რაც ჩაიდინა ძალადობით - მას სახის არეში მუშტი გაარტყა და ტუჩი გაუხეთქა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ბ-მა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს მოწმეთა ჩვენებები. განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებებს, ხოლო ორი ნეიტრალური მოწმის ჩვენება ჯეროვნად არ არის შეფასებული; საქმეში წარმოდგენილია ნ. და გ. ბ-ის გამამართლებელი განაჩენი, რის გამოც ფაქტობრივად პროკურატურამ მასზე ,,იყარა ჯავრი“ და სასამართლომაც უკანონოდ დასდო მსჯავრი იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩაუდენია; სასჯელი უკანონოდ დაენიშნა სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, თითოეულისათვის - ცალ-ცალკე, მიუხედავად იმისა, რომ მე-3 ნაწილი სრულად მოიცავს მე-2 ნაწილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ბ-ის მიერ მოწმის იძულება ჩვენების შეცვლისათვის, რასაც ერთვის მოკვლისა და ძალადობის მუქარა და მოწმის იძულება ჩვენების შეცვლისათვის, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, საკმარისი, უტყუარი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ვ.ბ-ის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ვ. ბ-ის განმარტებას თავისი უდანაშაულობის თაობაზე.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის შემთხვევის ადგილზე ვ. ბ-ის ყოფნის ფაქტი, რასაც არ უარყოფს არც მსჯავრდებული. კასატორი სადავოდ ხდის და, შესაბამისად, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით უნდა დადგინდეს ის ფაქტები, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე და განახორციელა თუ არა მუქარა და ძალადობა ვ. ბ-მა დაზარალებულებზე - გ. ნ. ო-ზე, ე. თ-სა და გ. გ-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულები - გ. ნ. ო-ი, ე. თ.ი და გ. გ-ი თავიანთ ჩვენებებში ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად მიუთითებენ ვ. ბ-ის მიერ განხორციელებულ ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ მუქარასა და ძალადობაზე, ჩვენებების შეცვლის მიზნით, ხოლო აღნიშნული ჩვენებები თავის მხრივ თანხვედრილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.12.2013 წლის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ. გ-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება - ნაჭდევი ქვედა ტუჩის არეში. მოწმე ნ. ზ-სა და დ. ნ. ო-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ დაზარალებულები - გ. ნ. ო-ი და გ. გ-ი შემთხვევის შემდეგ, ღამე, სახლში არ დაბრუნებულან, ვინაიდან იყვნენ შეშინებულები. ამდენად, მტკიცებულებების - მოწმეების (დაზარალებულის) ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოწმეების - გ. ჯ-ისა და დ. ჯ-ის ჩვენებები, რომლებიც მის უდანაშაულობაზე მიუთითებენ. აღსანიშნავია, რომ გ. ჯ-ის ჩვენების მიხედვით, იგი შემთხვევის ადგილზე განვითარებული მთლიანი მოვლენების შემსწრე არ არის და არ იცის, რა მოხდა დაზარალებულებისა და ვ. ბ-ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ, თუმცა დაადასტურა ის გარემოება, რომ ავტომანქანაში ვ. ბ-მა უთხრა დაზარალებულებს, რომ მათ ჩვენება ჰქონდათ მიცემული და რაც დააშავეს, როგორც უნდოდათ, ისე გამოესწორებინათ. ამდენად, გ. ჯ-ის ჩვენებით არ დასტურდება, რომ ვ. ბ-ი დაზარალებულებს სთხოვდა სიმართლის თქმას, პირიქით, ვინაიდან მათ მიცემული ჰქონდათ ჩვენება (რაც დააშავეს), როგორც უნდოდათ, ისე უნდა გამოესწორებინათ. რაც შეეხება დ. ჯ-ის ჩვენებას, იგი ფაქტობრივად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მოწმეების (დაზარალებულების) ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნას, არამედ - ნაწილობრივ, მოწმე გ. ჯ-ის ჩვენებასაც. ამდენად, ამ წინააღმდეგობების, ვ. ბ-სა და დ. ჯ-ს შორის არსებული პირადი ურთიერთობის გათვალისწინებით, მოწმე დ. ჯ-ის ჩვენება არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც პალატა მოკლებულია მისი ჩვენების გაზიარების შესაძლებლობას.

6. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ბ-ს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით სასჯელი არასწორად დაენიშნა თითოეული ნაწილისათვის - დამოუკიდებლად შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ ვ. ბ-მა სამივე დაზარალებულის მიმართ ერთობლივად (დროის ერთ მონაკვეთში) განახორციელა მუქარა და ძალადობა ჩვენების შეცვლის მიზნით; მას ამოძრავებდა ერთი მიზანი და საერთო განზრახვა, რომ არა მხოლოდ ერთი რომელიმე დაზარალებულისაგან, არამედ სამივესაგან ერთად, მუქარისა და ძალადობის გზით მიეღო ისეთი ჩვენებები, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული მისი ახლობლების - ნ. და გ. ბ-ისათვის; ვ. ბ-მა ჩაიდინა სსკ-ის 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჩვენების შეცვლის მიზნით მოწმეების იძულება, გ. გ-ის მიმართ ძალადობით, ხოლო გ. ნ. ო-ისა და ე. თ-ის მიმართ - მუქარით. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვ. ბ-ს სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 372-ე მუხლის უფრო მძიმე - მე-3 ნაწილით და ამ მიმართებით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის განაჩენში. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ვ. ბ-ის პიროვნების, დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების, დაზარალებულთა რაოდენობისა და ასაკის (ორი მათგანი არასრულწლოვანია), დანაშაულის ჩადენის მიზნის (მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისათვის ხელის შეშლა) გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის განაჩენში: ვ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. ვ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს 2013 წლის 12 დეკემბრიდან.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი