დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №32აგ-15 12 ოქტომბერი, 2015 წელი
მ-ი რ., 32აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენით რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 28 სექტემბრიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: რ. მ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; მასვე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით რ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მესამედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2015 წლის 27 მარტს მსჯავრდებულმა რ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული რ. მ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ დადგენილი განაჩენი აგებულია ერთადერთ მტკიცებულებაზე – მსჯავრდებულ ბ. კ-ს ჩვენებებზე, რომელმაც, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის მოტივით, მისცა ცრუ ჩვენება რ. მ-ს წინააღმდეგ; პირადი ჩხრეკის დროს რ. მ-ს არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და მას არც მისი რეალიზება მოუხდენია; თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობას დაურთო მსჯავრდებულ ბ. კ-ს განცხადება, რომელშიც იგი აღიარებს, რომ რ. მ-ს წინააღმდეგ ჩვენება მისცა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად და მზადაა, სწორი ჩვენება მისცეს პროკურატურას და სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ ეს განცხადება მტკიცებულებად არ მიიღო.
კასატორი აღიარებს, რომ ბ. კ-ა მის სახლს იყენებდა ნარკოტიკული ნივთიერებების შესანახად, მაგრამ მათი რეალიზება რ. მ-ს არ მოუხდენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული რ. მ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებას, მისი შუამდგომლობის განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მოყვანილ გარემოებებს სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოების მიერ, ხოლო მათზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ რ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ რ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე