დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №37აგ-15 12 ოქტომბერი, 2015 წელი
ც-ი ს., 37აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით ს. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით ს. ც-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, 19 წლის, 6 თვისა და 26 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 17 სექტემბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ს. ც-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული რეალური და პირობითი სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა 18 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 9 თვით პირობითი მსჯავრი, ამავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენი, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილება და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2015 წლის 6 აპრილს მსჯავრდებულმა ს. ც-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ს. ც-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მეშვიდე წელია, უკანონოდ იხდის სასჯელს; საქმეში მოწმეებად დაკითხულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, ვინაიდან მისცეს არასწორი ჩვენებები, თუმცა არც ერთი მათგანი არ დასჯილა; კანონი დაარღვია გამომძიებელმაც, რომელმაც არ ამოიღო, არ შეფუთა, როგორც ნივთმტკიცება და ექსპერტიზაზე არ გაგზავნა დამნაშავის მიერ მოწეული სიგარეტი, რომელიც, დაზარალებულის მითითებით, იქვე, თუნუქის ქილაში ჩააგდო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ს. ც-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმებას, სისხლის სამართლის საქმის გადახედვას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. საჩივრის მოტივებიდან გამომდინარე, მისი ავტორი მოითხოვს საქმის ხელახლა არსებითად განხილვას, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი საფუძველი.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე