საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №261აპ-15 ქ. თბილისი
გ-ი ა 261აპ-15 29 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს, მსჯავრდებულ ჯ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ა და მსჯავრდებულ ჯ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და “ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით შემცირებული და განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 1 წლისა და 6 თვის ვადით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით შემცირებული) სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ა. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 18 აპრილიდან.
ჯ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 19 აპრილიდან.
ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 24 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ა. გ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულ ჯ. მ-ს - 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს, მსჯავრდებულ ჯ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ა და მსჯავრდებულ ჯ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი