საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.11.2015
საქმის ნომერი
2კ-269აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №269აპ-15 თბილისი

დ-ი ი-, 269აპ-15 30 ნოემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

1. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განაჩენზე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით ი. დ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია, 2005-2006 წლების ეპიზოდები) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმის - 3500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმის - 3500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2003 წლის 14 აგვისტოს რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. დ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2004 წლის 16 დეკემბრიდან იმავე წლის 26 დეკემბრამდე. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმის - 7000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და თვითმმართველობაში საქმიანობის უფლება.

5. ამავე განაჩენით ირ. დ-ი, . ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის ორი ეპიზოდი) და საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 5 დეკემბრიდან. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმის - 3500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენითვე დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელები და დაზარალებულ დ. ვ-ის სასარგებლოდ ირ. და ი. დ-ბს დაეკისრათ 53400 ლარის გადახდა, ხოლო დაზარალებულ ნ. ჟ-ის სასარგებლოდ ი. დ-ს დაეკისრა 133875 ლარის გადახდა. ამასთან, დაზარალებულების - დ. ვ-ისა და ნ. ჟ-ის სამოქალაქო სარჩელების დაკმაყოფილების მიზნით, მსჯავრდებულ ი. დ-ის საკუთრებაში არსებული დაყადაღებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ქ.- №-ში, მიექცა აღსასრულებლად.

7. მსჯავრდებულმა ირ. დ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენი, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

8. მსჯავრდებულმა ირ. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განაჩენი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით შეიცვალა, კერძოდ: განაჩენიდან ირ. დ-ის მიმართ ამოირიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მისი ქმედებები დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის ორი ეპიზოდი).

9. ამავე განჩინებით დაზარალებულ დ. ვ-ის სასარგებლოდ მსჯავრდებულებს - ირ. და ი. დ-ბს საბოლოოდ დაეკისრათ 48518,50 ლარის გადახდა. განაჩენი დანარჩენ ნაწლში დარჩა უცვლელად.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. დ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით ი. დ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია, 2005-2006 წლების ეპიზოდები), ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის სექტემბრის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2003 წლის 14 აგვისტოს რედაქცია) დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან. განაჩენი დანაჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

11. მსჯავრდებულმა ი. დ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენი.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განაჩენითა და ამავე პალატის 2015 წლის 20, 26 ნოემბრის განჩინებებით (განაჩენში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება, კერძოდ: მსჯავრდებული ი. დ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია, 2005-2006 წლების ეპიზოდები) და ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებებისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელის - 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე. ამასთან, ძალაში დარჩა ამავე ქმედებებისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 7000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. ასევე ძალაში დარჩა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2003 წლის 14 აგვისტოს რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ ი. დ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 5 მარტიდან. ამასთან, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2004 წლის 16 დეკემბრიდან იმავე წლის 26 დეკემბრამდე. მასვე, სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმის - 7000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

14. მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და თვითმმართველობაში საქმიანობის უფლება.

15. ასევე დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელები და დაზარალებულ დ. ვ-ის სასარგებლოდ ირ.და ი. დ-ებს დაეკისრათ 48518,50 ლარის გადახდა, ხოლო დაზარალებულ ნ. ჟ-ის სასარგებლოდ ი. დ-ს დაეკისრა 133875 ლარის გადახდა. ამასთან, დაზარალებულების - დ. ვ-ისა და ნ. ჟ-ძის სამოქალაქო სარჩელების დაკმაყოფილების მიზნით, მსჯავრდებულ ი. დ-ის საკუთრებაში არსებულ დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარეს თბილისში,- ქ. №ა-ში, უნდა მოეხსნას ყადაღა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის აღსრულებისთანავე.

16. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

17. მსჯავრდებულმა ი. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განაჩენი.

18. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

§ საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

§ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

§ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

2. ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

3. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი